ვინ არის 93 წლის რობერტ მუგაბე, რომელიც ბოლო კვირაა მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია | Allnews.Ge

ვინ არის 93 წლის რობერტ მუგაბე, რომელიც ბოლო კვირაა მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია

15 ნოემბერს ზიმბაბველი გავლენიანი სამხედროების ჯგუფმა ქვეყნის პრეზიდენტი, 93 წლის რობერტ მუგაბე დააკავა და შინაპატიმრობაში ამყოფებს. გუშინ, მუგაბე მმართველი პარტიის ხელმძღვანელის პოსტიდანაც გადააყენეს.

ამასთან, ზიმბაბვეს პირველი ლედი გრეის მუგაბე, რომელიც პრეზიდენტის ორი მემკვიდრედან ერთ-ერთად ითვლებოდა, ქვეყნიდან გაიქცა. მეორე მემკვიდრე ვიცე-პრეზიდენტი ემერსონ მნანგაგვა იყო. გასულ კვირაში რობერტ მუგაბემ ის ხელისუფლების დაკავების მცდელობაში დაადანაშაულა და თანამდებობიდან გადააყენა.

ვინ არის რობერტ მუგაბე?

93 წლის მუგაბე ზიმბაბვეს უკვე 37 წლის განმავლობაში მართავს, ის მსოფლიოს ყველაზე ასაკოვანი პირველი პირი, აფრიკის ყველაზე დიდხანს მმართველი პრეზიდენტი და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დიქტატორია. არაოფიციალური ინფორმაციით, გადატრიალების შემდეგ მუგაბემ ხელისუფლების მშვიდობიანად გადაცემაზე უარი თქვა და განაცხადა, რომ საკუთარი მოვალეობების შესრულებას მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებამდე აპირებს, რომელიც 2018 წელს არის დანიშნული.

როგორ მოვიდა მუგაბე ხელისუფლებაში?

პროფესიით პედაგოგი მუგაბე პოლიტიკაში 1960-იან წლებში ჩაერთო. მაშინ ზიმბაბვე დიდი ბრიტანეთის თვითმმართველი კოლონია იყო და ქვეყანას თეთრკანიანი უმცირესობის მთავრობა მართავდა.

1960-იანი წლების ბოლოდან 1979 წლამდე ზიმბაბვეში დამოუკიდებლობისათვის ომი მიმდინარეობდა, რომლის ფარგლებშიც პირველ პლანზე ორი ნაციონალისტური პარტია გამოვიდა. ერთ-ერთ პარტიას - "ზიმბაბვეს აფრიკულ ეროვნულ კავშირს" სათავეში სწორედ მუგაბე ჩაუდგა. 1980 წელს, როდესაც ზიმბაბვემ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მისმა პარტიამ საპარლამენტო უმრავლესობა მიიღო, თავად მუგაბე კი პრემიერ-მინისტრი გახდა. 1987 წელს მან კონსტიტუცია შეცვალა, პრემიერის თანამდებობა გააუქმა, საკუთარი თავი კი პრეზიდენტად დანიშნა (შემდგომ წლებში მან საპრეზიდენტო არჩევნები ხუთჯერ მოიგო).

მუგაბე კარგი პრეზიდენტი იყო?

როდესაც მუგაბე ხელისუფლებაში მოვიდა, ზიმბაბვეს აფრიკაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ეკონომიკა ჰქონდა. ახლა ქვეყანა მსოფლიოს 30 ყველაზე ღარიბი ქვეყნის სიაში შედის.

მმართველობის პირველ წლებში მუგაბე ხალხში დიდი პოპულარობით და სიყვარულით სარგებლობდა. მისი მმართველობის პირველ 10 წელიწადში განათლებასა და ჯანდაცვაზე ხარჯები სამჯერ გაიზარდა. ყველაფერი ეკონომიკურმა კრიზისმა შეცვალა, რომელმაც პიკს 2008 წელს მიაღწია. ქვეყნის საგარეო ვალმა მშპ-ს 131%-ს მიაღწია, მშპ კი თითქმის 18%-ით დაეცა. 2008 წლის ბოლოს ინფლაცია თვეში 79 მილიარდ პროცენტს აღწევდა, ფასები ყოველ 24 საათში ერთხელ ორმაგდებოდა.

კრიზისის დაძლევა მხოლოდ ზიმბაბვურ დოლარზე უარის თქმის და ამერიკულ დოლარსა და სამხრეთაფრიკულ რანდზე გადასვლის შედეგად მოხერხდა.

რით გაითქვა სახელი მისმა მეუღლემ, რომელსაც ყველა მუგაბეს მემკვიდრედ მიიჩნევდა?

როგორც ჩანს, სახელმწიფო გადატრიალება სწორედ გრეის მუგაბეს პოლიტიკური ამბიციების გამო მოხდა. გრეის მუგაბე მსოფლიოში საკუთარი მფლანგველობით (ამის გამო ზიმბაბვეს პირველ ლედის "გუჩი გრეისი" შეარქვეს) და თავშეუკავებლობით არის ცნობილი.

2017 წლის აგვისტოში გრეის მუგაბემ სამხრეთაფრიკელ მოდელს გაბრიელა ენჯელსს სცემა. ინციდენტი იოჰანესბურგში, ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში მოხდა, სადაც გაბრიელა გრეისის ვაჟებთან ერთად იმყოფებოდა. მოდელის თქმით, ზიმბაბვეს პირველი ლედი შევარდა ნომერში და ცემა დაუწყო ყველას, ვინც იქ იმყოფებოდა. გაბრიელა ენჯელსმა გრეის მუგაბეს სასამართლოში უჩივლა, მაგრამ ზიმბაბვეს პირველი ლედი პროცესზე არ გამოცხადდა. მან დიპლომატიური ხელშეუხებლობა გამოიყება და სამშობლოში დაბრუნდა.

როგორ შეძლო მუგაბემ ძალაუფლების ამდენი ხნით შენარჩუნება?

ოპოზიციასთან ანგარიშსწორების და არჩევნების გაყალბების გზით. პრემიერ-მინისტრის პოსტზე მუგაბემ შექმნა სპეცდანაყოფი "მეხუთე ბრიგადა", რომლის მებრძოლებმაც 1987 წლამდე დააპატიმრეს და მოკლეს 20 000-მდე ოპოზიციონერი და მათი მომხრეები. ამის შემდეგ ზიმბაბვე ერთპარტიული სახელმწიფო გახდა.

myquiz