რა ხდება უკრაინაში და რის მიღწევას ცდილობს მიხეილ სააკაშვილი | Allnews.Ge

რა ხდება უკრაინაში და რის მიღწევას ცდილობს მიხეილ სააკაშვილი

გუშინ საღამოს, კიევში, უკრაინის პარლამენტის წინ შეკრებილმა მომიტინგეებმა კარვები გაშალეს.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის პარტია "ახალი ძალების", უკრაინის პარლამენტის დეპუტატები, საზოგადოებრივი აქტივისტები და პოლიტიკური პარტიების "ეროვნული კორპუსი", "თავისუფლება", "ბატკივშინა", "ალტერნატივა" და "დემოკრატიული ალიანსი" წარმომადგენლებმა გუშინდელ აქციაზე დააყენეს სამი მოთხოვნა: ანტიკორუფციული სასამართლოების შექმნა, დეპუტატის ხელშეუხებლობის გაუქმება და ახალი საარჩევნო კანონის მიღება.

აქციის მსვლელობის პარალელურად პეტრო პოროშენკო წაყენებული სამი მოთხოვნიდან ორს დასთანხმდა. მან ჯერ პარლამენტს 2020 წლის 1 იანვრიდან დეპუტატების ხელშეუხებლობის გაუქმება შესთავაზა, მოგვიანებით კი ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნისთვის სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბებისკენ მოუწოდა.

მიუხედავად ამისა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მომიტინგეები იქამდე არ დაიშლებიან, ვიდრე უკრაინის ხელისუფლება მათ ყველა მოთხოვნას არ შეასრულებს.

მან ასევე უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს გადადგომისკენ მოუწოდა.

"ვიდრე პოროშენკო იქნება, ადგილი არ ექნება პროგრესს, კორუფციასთან ბრძოლას. ვიდრე პოროშენკო იქნება, სიღარიბე იქნება", - განაცხადა სააკაშვილმა.

საღამოს აქციის მონაწილეებმა უკრაინის პარლამენტის შენობის შესასვლელები გადაკეტეს და კარვების გაშლა სცადეს, რასაც სამართალდამცველებთან შეტაკება მოჰყვა.

მოგვიანებით პოლიციამ მათ კარვების გაშლის საშუალება მაინც მისცა. მომიტინგეებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე კარვები და საძილე ტომრები შეიტანეს.

სულ საპროტესტო აქციის მონაწილეებმა 65 კარავი გაშალეს. არსებული ინფორმაციით, დღეს დილიდან ადგილზე ათასამდე აქტივისტია, ასევე მობილიზებულია ორი ათასამდე პოლიციელი.

myquiz