არის თუ არა რუსეთი ახლო აღმოსავლეთის ახალი მეპატრონე | Allnews.Ge

არის თუ არა რუსეთი ახლო აღმოსავლეთის ახალი მეპატრონე

სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ საუდის არაბეთის მეფე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ერთადერთი მეთაური არ არის, რომელიც უკანასკნელ პერიოდში ოფიციალური ვიზიტით რუსეთში ჩავიდა. მოსკოვს უკანასკნელი წელიწადნახევრის განმავლობაში ოთხჯერ ეწვია ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამენ ნეთანიაჰუ. კრემლს სტუმრობდნენ იორდანიის მეფე, თურქეთის პრეზიდენტი და მაღალჩინოსნები ეგვიპტიდან. ერთი თვის წინ ახლო აღმოსავლეთის რეგიონის სხვადასხვა სახელმწიფოს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც ეწვია.

ზოგიერთი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ყველაფერი ეს იმის დასტურია, რომ აშშ-ი რეგიონში გავლენის სფეროებს ნელ-ნელა კარგავს.

ნავთობი თუ იარაღი: რისთვის ჩავიდა საუდის არაბეთის მეფე რუსეთში?

წარმოქმნილ ვაკუუმს კი რუსეთი აქტიურად ავსებს. აღნიშნული რეგიონისადმი ინეტერესები რუსეთს ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდში ჰქონდა. აშშ-ი კი უკანასკნელ წლებში მართლაც შესამჩნევად ჩამოშორდა ადგილობრივი პრობლემების მოგვარებას. აღნიშნული ტენდენცია განსაკუთრებით თვალშისაცემი ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს გახდა. თეთრი სახლის მაშინდელი გადაწყვეტილების თანახმად, ამერიკელი სამხედროებიც შეზღუდულ მონაწილეობას იღებდნენ სირიასა და ერაყში მიმდინარე ოპერაციებში, რომლებიც, როგორც ბაშარ ალ ასადის, ასევე ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ იყო მიმართული.

რუსეთის მტკიცე გადაწყვეტილებამ სირიაში ვითარება დაესტაბილურებინა, მოწონება დაიმსახურა სახელმწიფოთა ერთ ნაწილში და არ მოეწონა მეორე ნაწილს, მათ შორის საუდის არაბეთს. ამასთანავე მოსკოვის კარნეგი ცენტრის სამეცნიერო საბჭოს წევრი ალექსეი მალაშენკო მიიჩნევს, რომ ვაკუუმის რეალურ შევსებაზე საუბარი გადაჭარბებულია ორი მიზეზის გამო - სპარსეთის ყურის მონარქიების უმეტესი ნაწილი, ისევე, როგორც ისრაელი და თურქეთი, მაინც აშშ-ის ბანაკში არიან და კონკრეტული ცვლილებების განხორციელება არ სურთ. მეორე ფაქტორი ის არის, რომ რუსეთი ამ ვაკუუმის შევსებასაც ვეღარ შეძლებს, როდესაც ომი დასრულდება, რადგან მას არ შეუძლია ახალი ტექნოლოგიების, ინვესტიციების, პოლიტიკური მხარდაჭერის შეთავაზება გაეროს უშიშროების საბჭოსთვის რეგიონული პოლიტიკის რთული საკითხების მოსაგვარებლად.

რუსეთის ერთ-ერთი მთავარი ინტერესი ახლო აღმოსავლეთის სხვადასხვა ქვეყანასთან, განსაკუთრებით კი საუდის არაბეთთან, სამხედრო შეიარაღების თვალსაზრისით ბიზნესურთიერთობების წარმოება შეიძლება იყოს. რუსეთი საუდის არაბეთს სთავაზობს ტანკებს, ჯავშანმანქანებს, სამხედრო ვერტმფრენებს, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს. საუდის არაბეთის სამხედრო შეიარაღების ბაზარზე ადგილის დამკვიდრებას მოსკოვი არაერთი წელია ცდილობს, თუმცა მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების გაფორმება ჯერ კიდევ ვერ შეძლო.

საუდის არაბეთის მეფის ვიზიტის შემდეგ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მოსკოვი ერ-რიადს C-400 ტიპის ანტისაჰაერო სისტემას მიაწვდის, თუმცა, არც ამ საკითხთან დაკავშირებით არის გაფორმებული ხელშეკრულებები. რუსი მაღალჩინოსნები იმაზეც კი საუბრობენ, რომ საუდის არაბეთი ამ საკითხით მანიპულირებას ცდილობს, როდესაც ამბობს, რომ ირანისთვის საზენიტო-სარაკეტო სისტემის მიწოდებაზე უარის თქმის ნაცვლად შეიარაღებას ერ-რიადი შეიძენს. მოსკოვსა და ერ-რიადს შორის შეიარაღების შეძენის მთელი პაკეტი, რომც ამოქმედდეს საუბარი 3,5 მილიარდზეა, რაც ზღვაში წვეთია იმ მასშტაბის შეთანხმებასთან შედარებით, რაც საუდის არაბეთმა ვაშინგტონთან დადო.

თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ საუდის არაბეთი ერთადერთი ქვეყანა არაა, ვისაც რუსეთი შეიარაღებას სთავაზობს, მსგავსი სახის თანამშრომლობას მოსკოვი თეირანთანაც აწარმოებს.

დონალდ ტრამპმა რუსეთი ამერიკის უსაფრთხოებისთვის საფრთხედ არ დაასახელა

"როგორც ჩანს მოსკოვის პოლიტიკა მდგომარეობს იმაში, რომ არ შექმნას რაიმე მჭიდრო სამხედრო პოლიტიკური კავშირები არც ირანთან, არც ასადის რეჟიმთან, არც ისრაელთან და მათ შორის არც საუდის არაბეთთან, არამედ გამოიყენოს ყველასთან სტაბილური ურთიერთობის შესაძლებლობა", - ამტიცებს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო თანამშრომელი ვლადიმირ საჟინი.

საჟინის მოსაზრებას ავითარებს აღმოსავლეთმცოდნე ელენა სუპონინაც და განმარტავს, რომ რუსეთი ლავირების პროცესს პროფესიონალურად მისდევს, რეგიონში ყველასთან თანაბარი ურთიერთობების შენარჩუნება კი, სავარაუდოდ, რთულია.

რუსეთი აგრძელებს რეგიონის სხვადასხვა აქტორებთან ურთიერთქმედებას ისეთ კრიტიკული საკითხების მოგვარებაში, როგორიც ყატარის კრიზისი და ჰამასის თემაა. გარდა ამისა, რუსეთი "როსნეფტის" სახით ცდილობს სასტარტო პლატფორმის მოპოვებას ქურთისტანში.

ნავთობგიგანტი ცოტა ხნის წინ აცხადებდა, რომ სურს გაზსადენის მშენებლობა დააფინანსოს, რომელიც თურქეთის გავლით ევროპაში ჩავა. პროექტი შესაძლოა 2020 წელს ამოქმედდეს. ყველაფერი ეს ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატიური აქტიურობის კლების ფონზე მიმდინარეობს, რაც ანალიტიკოსებს იმის ფიქრის საშუალებას აძლევს, რომ "ახლო აღმოსავლეთს ახალი მეპატრონე ჰყავს".

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა საუდის არაბეთთან გარკვეული შეთანხმებების მიღწევა შეძლო, მათ შორის ნავთობის ფასთან და შეიარაღებასთან დაკავშირებით, სირიის სათავეში კი ასადის რეჟიმის შენარჩუნება მოახერხა, ჩართულია ტერორისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ ბრძოლაში და მონაწილეობს ყატარის კრიზისის დასტაბილურებაში, აღმოსავლეთმცოდნე ელენა სუპონინა მიიჩნევს, რომ რეგონის ახალ მეპატრონედ რუსეთის გამოცხადება არა მხოლოდ ნაადრევი, არამედ არალოგიკურიც არის, რადგან ახლო აღმოსავლეთში ყოველთვის იქნებიან სხვა აქტორები, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებიც და საუდის არაბეთთან ურთიერთობის დალაგებაც არ ნიშნავს იმას, რომ ის ამერიკის ორბიტას მოსწყდება, რუსეთს ამ შემთხვევაში უფრო მეტად ეკონომიკური ამბიციები შეიძლება ჰქონდეს.

მომზადებულია BBC-ის მიხედვით

myquiz