აშშ-ი დამანგრეველი ქარიშხლების შემდეგ - იხილეთ ფოტოები | Allnews.Ge

აშშ-ი დამანგრეველი ქარიშხლების შემდეგ - იხილეთ ფოტოები

აშშ-ში ქარიშხალი "ირმა" უკვე დამშვიდდა. ამ დროისთვის ფლორიდის შტატში ქარიშხლის შედეგად ევაკუირებული ადამიანები სახლებს უბრუნდებიან, უფრო სწორედ, იმას რაც მათი საცხოვრებლებისგან დარჩა. უკანასკნელი მონაცემებით სტიქიის შედეგად მხოლოდ ფლორიდის შტატში სახლების მეოთხედი განადგურებულია, უფრო კონკრეტულად საცხოვრებლების 25% ფაქტობრივად არ არსებობს, 65% კი მნიშვნელოვნად დაზიანებულია.

სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს, მაშველები პირველ რიგში შტატის ყველაზე მეტად დაზარალებულ რეგიონებში მუშაობენ, პარალელურად მოსახლეობა წყლითა და საკვებით მარაგდება.

ამ დროის მონაცემებით ქარიშხალ ირმას 60-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 12 ფლორიდის მაცხოვრებელი იყო.

ფლორიდაში, ჯორჯიაში, სამხრეთ და ჩრდილოეთ კაროლინასა და ალაბამაში 7 მილიონამდე აბონენტი ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების გარეშეა დარჩენილი, დახურულია ბენზინგასამართი სადგურები და ფაქტობრივად არ არის ტელეკომუნიკაცია.

ქარიშხალმა დამანგრეველი კვალი დატოვა კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში, სადაც მას ჯამში 40 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ფლორიდაში ჩასვლას, დამანგრეველი ქარიშხლის შედეგების ნახვას და მოსახლეობასთან გასაუბრებას ხუთშაბათს გეგმავს.

"ირმას" შედეგად, ბარბუდას კუნძულზე შენობების 95% განადგურდა

"ირმა", "ჰარვი", "კატრინა" - რატომ არქმევენ ქარიშხლებს სახელებს?

სულ რაღაც ორი კვირის წინ ტეხასის შტატს თავს ქარიშხალი "ჰარვი" დაატყდა, რომელიც მეოთხე კატეგორიის სიმძლავრის იყო. აშშ-ის ქარიშხლების ეროვნული ცენტრი ჯერ კიდევ 8 სექტემბერს კარიბის კუნძულების მოსახლეობას აფრთხილებდა, რომ ქარიშხალ "ირმას" უკან ქარიშხალი "ხოსე" მოჰყვება, მექსიკის ყურესთან კი შტორმი "კატია" ძლიერდება, რომელიც მალე ქარიშხლის დონეს მიაღწევს.

როგორც ჩანს, 2017 წელი ატლანტიკური ქარიშხლების აქტიურობის მხრივ გამოირჩევა. მსგავსი შემთხვევა 2005 წელსაც დაფიქსირდა, როდესაც ქარიშხლებმა "კატრინამ" და "ვილმამ" რეკორდული ზარალი მოუტანეს რეგიონს.

ფოტოები გადაღებულია ქარიშხალ ირმამდე და მას შემდეგ

მეტეოროლოგების განმარტებით, ეს არც თუ ხშირი შემთხვევაა. თუმცა, სხვა მიზეზების პარალელურად, ქარიშხლების გააქტიურება სავარაუდოდ, კლიმატის ცვლილებას უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვის წინ ტრამპი კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმებას გამოეთიშა და საკუთარი გადაწყვეტილება მაღალ ეკონომიკურ ზარალს დაუკავშირა.

myquiz