რატომ მოჰყვა აშშ-ში ძეგლის დემონტაჟს სამოქალაქო დაპირისპირება | Allnews.Ge

რატომ მოჰყვა აშშ-ში ძეგლის დემონტაჟს სამოქალაქო დაპირისპირება

გასულ უქმეებზე ამერიკის ქალაქ შარლოტსვილში ულტრამემარჯვენეების მასშტაბური დემონსტრაცია გაიმართა. ათასობით მოქალაქემ ჩირაღდნებიანი მსვლელობა მოაწყო, რომლითაც კონფედერატების გენერლის, რობერტ ლის ძეგლის დემონტაჟს აპროსტებდა. ულტრამემარჯვენეების აქციის პარალელურად, იმართებოდა ანტიფაშისტების აქციაც, რა დროსაც ძეგლის აღების ერთ-ერთი მოწინააღმდეგე ავტომობილით ანტიფაშისტების ჯგუფში შევარდა. შედეგად გარდაიცვალა 32 წლის ქალი და დაშავდა 19 ადამიანი.

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაგმო შარლოტსვილში მომხდარი ძალადობა, მაგრამ არა ულტრამემარჯვენეები. მან მხოლოდ ის აღნიშნა, რომ "მსგავსი ძალადობის ადგილი ამერიკაში არაა". ტრამპის ამ განცხადებით უკმაყოფილოები დარჩნენ როგორც დემოკრატები, ასევე რესპუბლიკელები.

"ბატონო პრეზიდენტო, ბოროტებას სახელი უნდა დაერქვას! ეს იყო რასიზმი და შიდა ტერორიზმი"

განაცხადა სენატორმა-რესპუბლიკელმა კორი გარდნერმა. ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, დემოკრატმა ჯონ კერიმ კი აღნიშნა, რომ შარლოტსვილში მომხდარ მოვლენებს "სიძულვილი, ბოროტება, რასიზმი და შინგამოზრდილი ექსტრემიზმი" უნდა ეწოდოს.

ვირჯინიის შტატში ულტრამემარჯვენეების მიერ გამართული აქციის გასაპროტესტებლად მისულ ხალხს ავტომობილი დაეჯახა

როგორ განსხვავდება აპარტეიდის დროინდელი "შავკანიანი" და "თეთრკანიანი" უბნები

აშშ-ში რამდენიმე ასეული ან ათასი მონუმენტი და მემორიალია, რომლებიც სამოქალაქო ომს და რეკონსტრუქციის ხანას - ჩრდილოეთისგან გამოყოფისთვის ომში დამარცხებული სამხრეთული შტატების რეინტეგრაციის პერიოდს ეძღვნება. გარდა ამისა, არაერთი ამერიკული ქუჩა რასისტული ორგანიზაციების დამაარსებლების სახელებს ატარებს. 

მაგალითად, გენერალი რობერტ ლი ცნობილია იმით, რომ გაქცეულ მონებს აწამებდა, პრინციპულად ყოფდა მათ ოჯახებს, ყიდდა მის მფლობელაში მყოფი აფროამერიკელების ცოლებს, ქმრებსა და ბავშვებს. გენერალმა ნატანიელ ბედფორდ ფორესტმა ომის შემდეგ კუ-კლუქს-კლანი დააფუძნა. ძეგლები ბრძოლების ადგილებში, პარკებში და ცენტრალურ მოედნებზეა განლაგებული.

ამ ძეგლების დემონტაჟის კამპანია ჯერ კიდევ 2014 წლის მიწურულს, პოლიციელების თვითნებობის გახშირებისა და პოლიციელების მიერ აფროამერიკელების მკვლელობების ფონზე დაიწყო. ლუიზიანას შტატის ქალაქ ახალ ორლეანში აქტივისტებმა შეუძლებელი შეძლეს, როდესაც ქალაქის ხელმძღვანელობამ სადავო მონუმენტები ქალაქის ქუჩებიდან მუზეუმებში გადაიტანა. ახალი ორლეანის მერმა მიტჩ ლადრიემ მაშინ განაცხადა, რომ კონფედერაციის მონუმენტები "წარსულის არასწორი ასახვა, აწმყოს შეურაცხყოფა და მომავალში ცუდი გზავნილია".

მაგრამ ახალი ორლეანის მოსახლეობის ნაწილი მერის ამ პოზიციას არ იზიარებდა, ამიტომ ბულდოზერებს, მშენებლებს და პოლიციელებს მუშაობა ღამით უწევდათ, ხოლო ძეგლების დემონტაჟის დრო და მათი დროებითი შენახვის ადგილი საიდუმლოდ რჩებოდა. ამ ისტორიის შემდეგ კონფედერაციის ძეგლების დაცვა ბევრ სამხრეთულ შტატში მნიშვნელოვან პოლიტიკურ პლატფორმად იქცა. მეზობლად მდებარე მისისიპის შტატში კანონმდებელმა ფეისბუქში ყველას მოუწოდა "ლინჩის წესით გავასამართლოთ ყველა, ვინც, ისევე როგორც ლუიზიანას შტატის ხელმძღვანელობა, ჩვენი ისტორიის შესახებ ხსოვნას ანადგურებს".

ზოგიერთი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ულტრამემარჯვენე ძალების გააქტიურება ქვეყნის პრეზიდენტის პოსტზე დონალდ ტრამპის არჩევას უკავშირდება, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მექსიკის საზღვარზე კედლის აშენების იდეით გამოდიოდა და ქვეყანაში ზოგიერთი მუსლიმური ქვეყნების მოქალაქეებს შესვლა აუკრძალა.

Washington Post-ის ინტერვიუ 2016 წლის ერთ-ერთ მთავარ საფრთხედ დასახელებულ დონალდ ტრამპთან

myquiz