ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პოტენციალი. არსებობს თუ არა ომის საფრთხე? | Allnews.Ge

ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პოტენციალი. არსებობს თუ არა ომის საფრთხე?

ჩრდილოეთ კორეის ბირთვულმა პროგრამამ და ბალისტიკური რაკეტების გამოცდამ დღეს ახალ, გაცილებით უფრო საშიშ ფაზას მიაღწიას. ამ დრომდე, ჩრდილოეთ კორეის ბირთვული ბრძოლისუნარიანობა მიუღწეველ მიზნად მიიჩნეოდა. თითქმის არავის სჯეროდა რომ ქვეყანას ბირთვული ქობინები ექნებოდა და თანაც შორი რადიუსის რაკეტების დახმარებით, სასურველ წერტილამდე მიღწევას შეძლებდა, მაგრამ დღეს ყველაფერი შეიცვალა.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არ არსებობს დადასტურებული ინფორმაცია ჩრდილოეთ კორეის საბრძოლო პოტენიალთან დაკავშირებით, ოფიციალური ფხენიანი ამტკიცებს, რომ მათ კონტინენტურ ამერიკამდე მიღწევა შეუძლიათ. უკანასკნელმა ორმა ცდამ ექსპერტებს აიძულა, აღნიშნულ მტკიცებულებებზე სერიოზულად დაფიქრებულიყვნენ.

იაპონიის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ჩრდილოეთ კორეამ შეძლო საბრძოლო ქობინი იმ დონეზე შეემცირებინა, რომ ის შორი რადიუსის რაკეტაზე დაემონტაჟებინა, მსგავსი ეჭვი უკვე ამერიკის შეერთებული შტატებშიც გაუჩნდათ, მაგრამ ვაშინგტონში ჯერ დარწმუნებულები არ არიან რომ ფხენიანმა ცდები წარმატებით ჩაატარა.

დღეს საკითხი, შეუძლია თუ არა ჩრდილოეთ კორეას შორი რადიუსის რაკეტაზე ბირთვული ქობინის დამონტაჟება და სასურველი მიმართულებით გაშვება არა შესაძლებლობის, არამედ დროის საკითხია.

ის რომ ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პოტენციალის გამოაშკარავება დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო ვადას დაემთხვა, გასაოცარ ისტორიულ დამთხვევად შეიძლება ჩაითვალოს. ერთი მხრივ, აღნიშნული ვითარება ამწვავებს ბირთვულ კრიზისს, მეორე მხრივ კი პრობლემის გადაწყვეტის იმედის ნაპერწკალს აჩენს.

ამერიკის შეერთებული შტატების საშინაო პოლიტიკაში გამეფებული ქაოსი და გამოუცდელობა, ბევრისთვის შფოთის მიზეზი გახდა. დასავლეთში კიმ ჩენ ინს ყოველთვის არაპროგნოზირებად ლიდერად აღვიქვამდნენ, ახლა ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ თეთრი სახლის ლიდერის პოსტიც სწორედ ასეთმა ადამიანმა დაიკავა.

აშშ-ის თავდაცვის ყოფილი მინისტრის თქმით, ტრამპს შეიძლება "ნაცნობი უცნობი" უწოდო - ანუ არასდროს არ იცი რა რეაქცია შეიძლება ჰქონდეს ქვეყნის მოქმედ პრეზიდენს.

ამასთანავე, არც ის არის ცნობილი ვინ დგას ამრიკის სააგარეო პოლიტიკის უკან - სახელმწიფო მდივანი, რექს ტილერსონი, რომელიც ხელსაყრელ გარემოებებში ფხენიანთან მოლაპარაკებას არ გამორიცხავს, თუ თავად ტრამპი, რომელიც ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ აგრესიულ პოლიტიკას ატარებს.

ერთი მაინც ცნობილია, ვითარება კულმინაციურ მომენტს აღწევს. ბირთვული პროგრამის განვითარებაში მიღწეული წარმატება კი იმას ნიშნავს, რომ ჩრდილოეთ კორეა მალე მუქარის სისრულეში მოყვანას დაუბრკოლებლად შეძლებს. ეს თამაშის წესებს ცვლის, რაც იმის მანიშნებელია რომ ვაშინგტონს, პეკინს, სეულსა და ტოკიოს რთული და არასასიამოვნო გადაწყვეტილებების მიღებაც მოუწევთ.

გამოსავლის პირველი ვერსია ჩრდილოეთ კორეის რეჟიმთან ღია დაპირისპირებაა - მათ შორის დამატებითი სანქციების შემოტანა, რეგიონში ბრძოლისუნარიანობის ამაღლება და ომში პირდაპირი ჩართვის მზაობა. ეს კორეის ნახევარკუნძულზე მოწყობილი ნამდვილი არმაგედონი იქნება, რომელიც სავარაუდოდ, ჩრდილოეთ კორეის მთავარ დიპლომატიურ მოკავშირეს, ჩინეთს არ მოეწონება.

არის მეორე გამოსავალიც - შეკავება. აღნიშნულ წინააღმდეგობაში აქტიურად ჩაბმული ქვეყნები მოვლენების სწორედ ამ მიმართულებით განვითარებას ცდილობენ.

თუმცა, შეკავება პრობლემის საბოლოო მოგვარებას ხელს არ შეუწყობს, რადგან კონფრონტაცია ვითარების ნებისმიერი გამწვავების შემთხვევაში მოსალოდნელი იქნება, ამიტომ რჩება მესამე და ყველაზე რთული გზა - დიპლომატია.

ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორები ცხადყოფს, რომ პრობლემა დიპლომატიური გზით უნდა მოგვარდეს, რაც ჩანასახშივე განწირულად არ შეიძლება ჩაითვალოს.

myquiz