მალორუსია - უკრაინის ტერიტორიაზე შექმნილი ახალი დე ფაქტო სახელმწიფო | Allnews.Ge

მალორუსია - უკრაინის ტერიტორიაზე შექმნილი ახალი დე ფაქტო სახელმწიფო

დონეცკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპულიკის დე ფაქტო ლიდერმა, ალექსანდრ ზახარჩენკომ, ახალი სახელმწიფოს შექმნის შესახებ განაცხადა. ზახარჩენკომ მის მიერ შექმნილ ე.წ სახელმწიფოს - მალორუსია, ანუ "მცირე რუსეთი" უწოდა.

"ჩვენ მივიჩნევთ, რომ უკრაინა იმ სახით, რომლითაც ის ამ დრომდე იყო წარმოდგენილი, აღარ აღდგება"- განაცხადა ზახარჩენკომ და "მცირე რუსეთი" უკრაინის მემკვიდრედ გამოაცხადა.

ე.წ სახელმწიფოს დე ფაქტო დედაქალაქი დონეცკი იქნება. ალექსანდრ ზახარჩენკოს განმარტებით, კიევი ისტორიულ-კულტურულ ცენტრად დარჩება, თუმცა დედაქალაქის სტატუსი აღარ ექნება. ე.წ სახელმწიფო დროშად კი ბოგდან ხმელინცკის დროშას აირჩევენ.

"ჩვენ რეგიონების ხელისუფლებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან კონსულტაციები უკვე გავმართეთ"- დაამატა ზახარჩენკომ და აღნიშნა, რომ ახალ ტერიტორიულ ერთეულზე საგანგებო რეჟიმს ქაოსისთვის თავის არიდების მიზნით სამი წლით შემოიღებს.

"ბიბისი"-ს ცნობით, დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დე ფაქტო ლიდერის ინიციატივას მხარი არავინ დაუჭირა - არც პოლიტიკოსებმა მოსკოვში და არც სეპარატისტებმა მეზობელ ლუგანსკის თვითგამოცხადებულ სახალხო რესპუბლიკაში. კიევში კი ახალი მოსკოვის შექმნის წინა პროექტის კრახი გაიხსენეს. რაში სჭირდებოდა ახალი ტერიტორიული ერთეულის ჩამოყალიბება დონეცკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკის ლიდერს ვერავინ ხსნის.

ალექსანდრ ზახარჩენკოს განცხადებას, უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო გამოეხმაურა, რომელიც ამჟამად საქართველოში იმყოფება ვიზიტით.

"ახალი რუსეთის" პროექტი ერთხელ დაიმარხა. უკრაინა აღადგენს სუვერენიტეტს დონბასსა და ყირიმზე" - განაცხადა პოროშენკომ.

2014 წელს აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ მსგავსი დასახელების პროექტი გაჩნდა - "ახალი რუსეთი". ის დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებულ სახალხო რესპუბლიკებს აერთიანებდა. თუმცა, 2015 წლის მაისში დონეცკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკის ერთ-ერთმა დე ფაქტო ხელმძღვანელმა პროექტის განუსაზღვრელი ვადით დახურვის შესახებ განაცხადა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროში, კითხვაზე, რას შეიძლება ნიშნმავდეს ზახარჩენკოს განცხადება, განმარტეს, რომ ეს კიდევ ერთი ნაბიჯია მინსკის შეთანხმების უარყოფისა და უგულვებელყოფისკენ. უწყებაში აღნიშნეს, რომ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოვების პარალელურად, შეხების ხაზის სიახლოვეს ვითარების დესტაბილიზაციას ელიან.

"ბიბისი"-ს ინფორმაციით, რუსეთში ზახარჩენკოს განცხადებას სიფრთხილით მოეკიდნენ. კრემლთან დაახლოებული პოლიტოლოგმა განმარტა, რომ ეს უფრო მეტად ლიტერატურული პროექტია და არა პოლიტიკური.

ლუგანსკის თვითგამოცხადებულმა სახალხო რესპუბლიკამ კი ყველანაირი თანამონაწილეობა უარყო.

myquiz