მალაიზიური თვითმფრინავის გაუჩინარება მსოფლიო ავიაციის ამოუხსნელ საიდუმლოდ რჩება | Allnews.Ge

მალაიზიური თვითმფრინავის გაუჩინარება მსოფლიო ავიაციის ამოუხსნელ საიდუმლოდ რჩება

მსოფლიო ავიაციის ყველაზე დიდი საიდუმლო კვლავ ამოუხსნელია. ზუსტად ორი წლის წინ გაუჩინარებული მალაიზიური ლაინერის კვალის პოვნა ამ დრომდე ვერ შეძლეს. ყველაფერი კი ასე დაიწყო:

2014 წლის 8 მარტს კუალა-ლუმპურიდან პეკინისკენ მიმავალი მალაიზიური ავიახაზების კუთვნილი თვითმფრინავი "ბოინგ 777" ადგილობრივი დროით 0:41 წუთზე აფრინდა. თუმცა, რადარებიდან მალევე გაქრა. როგორც ექსპერტები აცხადებენ, თვითმფრინავი გამართული იყო და კატასტროფის წინაპირობა არ არსებობდა. მას შემდეგ ლაინერის კვალს ვერ მიაგნეს.

სამგზავრო თვითმფრინავის ბორტზე 239 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ეკიპაჟის 12 წევრი იყო.

თვითმფრინავი დაახლოებით, მალაიზიასა და ვიეტნამს შორის არსებული ზღვის თავზე იყო, როდესაც მასთან კონტაქტი დაიკარგა. მოგვიანებით მალაიზიის მთავრობამ მოიპოვა ინფორმაცია სამხედრო რადარებიდან, რომლის მიხედვითაც თვითმფრინავმა უცნობი მიზეზების გამო კურსი შეცვალა, დასავლეთისკენ აიღო გეზი და მალაზიის სანაპიროებს გაუყვა, რის შენდეგაც მისი კვალი დაიკარგა.

ლაინერის გაუჩინარების შემდეგ სამძებრო სამუშაოები პერიოდულად მიმდინარეობდა, თუმცა ამაოდ. დაკარგული თვითმფრინავის ბორტზე მყოფი მგზავრების ნათესავები გამოვიდნენ ინიციატივით 5 მილიონი დოლარი შეეგროვებინათ და სამძებრო სამუშაოების მომდევნო ეტაპი დაეფინანსებინათ. მიუხედავად ბევრი მცდელობისა, რეის MH370-ის გაუჩინარების მიზეზი კვლავ უცნობია.

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ტურისტმა, ბლეინ გიბსონმა მოზამბიკის სანაპირობთან თვითმფრინავის ნამსხვრევი იპოვა, რომელიც შესაძლოა, სწორედ ორი წლის წინ გაუჩინარებული მალაიზიურ თვითმფრინავს ეკუთვნოდეს.

როგორც გიბსონმა აღნიშნა, ნამსხვრევის აღმოჩენისას მისმა გულმა გამალებით "ფეთქვა" დაიწყო, ვინაიდან წარმოიდგინა, თუ რა განცდა შესაძლოა დაეუფლოთ დაკარგული ლაინერის მგზავრების ნათესავებს იმ შემთხვევაში, თუკი თვითმფრინავის კვალს მიაგნებენ.

"ესენი რეალური ადამიანები არიან, რეალური სატკივარით. მინდა, მათ იმით დავეხმარო, რაც მათ კითხვებს პასუხებს გასცემს", - აღნიშნა ამერიკელმა ტურისტმა.

 

თუმცა, დაკარგული მგზავრების ოჯახის წევრების უმრავლესობა უკვე სკეპტიკურადაა განწყობილი გაუჩინარებული ლაინერის პოვნასთან დაკავშირებით.

"ჩვენ აღარ გვჯერა აღმოჩენილი ნამსხვრევების ისტორიების", - აღნიშნა ჟან მეილინგმა, რომლის შვილი და სიძეც გაუჩინარებული თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ თვითმფრინავის ნამსხვრევი გასული წლის ივლისშიც აღმოაჩინეს რეიუნიონის კუნძულზე, თუმცა, არ დადასტურდა, რომ იგი სწორედ 2014 წლის მარტში დაკარგულ ლაინერს ეკუთვნოდა.

მალაიზიური ავიახაზების კუთვნილი "ბოინგ 777"-ის გაუჩინარება ავიაციის ერთ-ერთ ყველაზე ამოუხსნელ საიდუმლოდ რჩება. მომხდარიდან ზუსტად ორი წელი გავიდა. დაკარგული ლაინერის დაკარგული მგზავრებისა და ეკიპაჟის წევრების ახლობლები კი დღეს მათ იხსენებენ. მიუხედავად იმისა, რომ არ არის დადასტურებული ცნობა იმის შესახებ, რომ ლაინერმა კატასტროფა განიცადა, ბორტზე მყოფების გასახსენებლად, არაერთი მემორიალური ღონისძიება იმართება.

myquiz