"სუპერსამშაბათის" შედეგები აშშ-ში - რას მოუტანს საქართველოს ტრამპის ან კლინტონის გამარჯვება | Allnews.Ge

"სუპერსამშაბათის" შედეგები აშშ-ში - რას მოუტანს საქართველოს ტრამპის ან კლინტონის გამარჯვება

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადების ფარგლებში, გუშინ ერთ-ერთმა ყველაზე მნიშვნელოვანმა პოლიტიკურმა დღემ ჩაიარა - პრაიმერიზისა და კოკუსების სახელით ცნობილი შიდაპარტიული არჩევნები ერთდროულად ქვეყნის 11 შტატში ჩატარდა.

პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატმა, ამერიკელმა მილიარდერმა დონალდ ტრამპმა პირველი ადგილი ალაბამას, ჯორჯიას, მასაჩუსეტსის, ტენესის, ვირჯინიის, არკანზასისა და ვერმონტის შტატებში დაიკავა. აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა კი ალაბამას, ჯორჯიას, ტენესის, ვირჯინიას, არკანზასის, ტეხასისა და მასაჩუსეტსის შტატებში გაიმარჯვა.

ექსპერტების მოსაზრებით, "სუპერსამშაბათის" შედეგები მიუთითებს, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში ერთმანეთს სწორედ კლინტონი და ტრამპი დაუპირისპირდებიან.

"ჩემი ვარაუდით, ისინი პრეზიდენტობის კანდიდატები გახდებიან", - აცხადებს Allnews.ge-სთან საუბარში პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე და დასძენს, რომ საარჩევნო რბოლაში მონაწილე სხვა კანდიდატებს გამარჯვების შანსი თითქმის არა აქვთ.

შარაშენიძის მოსაზრებით, კლინტონისგან განსხვავებით დონალდ ტრამპის სამომავლო გეგმების პროგნოზირება რთულია.

"რთულია იმაზე საუბარი, რა შეიცვლება მსოფლიოში ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, რადგან ის ოფიციალური დემაგოგია. კლინტონი კი გამოცდილი პოლიტიკოსია, რომელიც, როგორც ცნობილია, ჩვენს რეგიონს კარგად იცნობს. რუსეთთან დაკავშირებით მას არანაირი ილუზიები არ გააჩნია, აქედან გამომდინარე, კლინტონი ძალიან კარგი იქნება საქართველოსთვის", - ამბობს შარაშენიძე.

პოლიტოლოგი გიორგი გობრონიძე კი მიიჩნევს, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობა დამოკიდებულია არა კონკრეტულ პირებზე, არამედ მეტწილად საქართველოს მთავრობის ქმედებებზე.

"არასწორია მოლოდინი, რომ აშშ-ის პრეზიდენტად კონკრეტული პირის არჩევით ჩვენი და ამერიკელების ურთიერთობა გაუმჯობესდება ან გაუარესდება. აშშ-სა და საქართველოს აქვთ თანამშრომლობის კონკრეტული პაკეტი, რომელიც განხორციელდება მიუხედავად იმისა ვინ მოვა თეთრ სახლში. ორმხრივი ურთიერთობა ასევე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საქართველოს ქმედებებზე, თუ რა გზას აირჩევს ჩვენი ქვეყანა არამხოლოდ აშშ-სთან, არამედ ზოგადად, დასავლეთთან მიმართებაში", - განმარტავს გიორგი გობრონიძე.

რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობას, ის მიიჩნევს, რომ აშშ-ის ახალი პრეზიდენტი, მნიშვნელობა არა აქვს იქნება ის რესპუბლიკელი თუ დემოკრატი, მოსკოვთან გაუარესებული ურთიერთობის გამოსწორებას შეეცდება.

"თუმცა, აქვე უნდა ითქვას: იმ პირობებში, როცა რუსეთი აშშ-ის ნომერ პირველ საერთაშორისო გამოწვევად ასახელებს, არა მგონია, რომ ამ კუთხით თვისებრივი ცვლილებები მოხდეს", - მიიჩნევს პოლიტოლოგი.

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის ნოემბერში გაიმართება, ზაფხულში კი, დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიების დელეგატები ოფიციალურად აირჩევენ პრეზიდენტობის კანდიდატებს.

სწორედ ამ დელეგატების მხარდაჭერის მოპოვება სცადეს გუშინ წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართულმა კანდიდატებმა.

ექსპერტების პროგნოზის გამართლების შემთხვევაში, ცნობილი ფილანტროპი და მილიარდერი დონალდ ტრამპი რესპუბლიკური, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი კი - დემოკრატიული პარტიის კანდიდატი გახდება.

აშშ-ში ჩატარებული ბოლო კვლევების თანახმად, სწორედ ეს ორი პოლიტიკოსი სარგებლობს ყველაზე დიდი პოპულარობით ამერიკულ საზოგადოებაში.

myquiz