ამსტერდამი ტურისტებისთვის შეზღუდვებს აწესებს | Allnews.Ge

ამსტერდამი ტურისტებისთვის შეზღუდვებს აწესებს

ამსტერდამის მთავრობა ქალაქში ტურისტების შემცირებას გეგმავს. ამის გამო კი ვიზიტორებისთვის გარკვეულ რეგულაციებს დააწესებს. ამის შესახებ forbes.com წერს

ქალაქის მთავრობის განცხადებით, ტურისტების ჭარბი რაოდენობა ადგილობრივებს ძალიან აწუხებთ და გადაადგილებაც ჭირს.

მთავრობას სურს აკრძალოს - ლუდის ველოსიპედები, ალკოტურები, ასევე ქალაქის ცენტრალურ უბნებში აიკრძალება ბინების მოკლევადიანი გაქირავება, მათ შორის airbnb-ზე. ასევე აიკრძალება ცენტრალური პორტში საკრუიზო გემების შესვლა და "სეგვეით" სეირნობა ქალაქში. ნავებით გასეირნების მსურველებს კი ნავში ჩაჯდომა და შემდეგ ნაპირზე დაბრუნება გარეუბანში მოუწევთ.

გარდა ამისა, ტურისტული გადასახადის გაზრდა 7-%-მდე იგეგმება. ეს კი ქალაქის ბიუჯეტს 2022 წლისთვის დამატებით 105 მილიონ ევროს მოუტანს.

"ბიზნეს ინსაიდერის" ცნობით, ამსტერდამი, სადაც 800 000 ადამიანი ცხოვრობს, 2018 წლისთვის 18 მილიონ ტურისტს ელოდება, რაც 2016 წელთან შედარებით 20 პროცენტით მეტია.

აღსანიშნავია, რომ ამსტერდამი ევროპის პირველი ქალაქი არ არის, სადაც ტურისტებთან დაკავშირებით გარკვეული შეზღუდვებია დაწესებული. მსგავსი რეგულაციებია დაწესებული ვენეციასა და ბარსელონაში.

myquiz