დაათვალიერეთ წოდორეთში მდებარე რანჩო, რომელიც თავს ვესტერნის ჟანრის ფილმებში გაგრძნობინებთ | Allnews.Ge

დაათვალიერეთ წოდორეთში მდებარე რანჩო, რომელიც თავს ვესტერნის ჟანრის ფილმებში გაგრძნობინებთ

თუ წოდორეთში გაისეირნებთ, აუცილებლად შენიშნავთ სიმწვანეში ჩაფლულ, ულამაზეს რანჩოს, რომელიც დანახვისთანავე დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს თქვენზე. როგორც კი მის ეზოში შეხვალთ და იქაურობას მოავლებთ თვალს, მაშინვე დაგეუფლებათ შეგრძნება, თითქოს წალკოტში მოხვდით... ამ ვინტაჟურ გარემოში თითოეული დეტალი - ხელით, დიდი სიყვარულითაა შექმნილი და სწორედ ეს ხდის მას უნიკალურს...

ვისაც ოდნავ მაინც უყვარს ძველი ნივთები და "უბრალო" დეკორი, ვინც ტყისპირა სახლში დაძინებაზე ოცნებობს, ვისაც ვერანდაზე, მოქანავე ხის სავარძელში, პლედშემოხვეულს - ცხელი ჩაი, წიგნის კითხვა, ჩიტების ჭიკჭიკის მოსმენა და მთების ყურება ყველაფერს ურჩევნია, ამაზე უკეთეს ადგილს ვერსად ნახავს... ეს გიორგის რანჩოა - ასე ჰქვია ამ ადგილს. აქ სტუმართმოყვარე და საინტერესო ოჯახი ცხოვრობს: ქალბატონი მარინა სანადირაძე, რომელიც მთელი დღის მანძილზე, წუთითაც არ ჩერდება, ყველაფერს თავისი ხელით აკეთებს და მაინც წუხს, რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრი აქვს... მისი მეუღლე, ბატონი გია ჩომახიძე, რომელიც ცხენებს უვლის და რანჩოზე საქმიანობს. მათ ორი შვილი ჰყავთ. მარინა პროფესიით სტომატოლოგია. თუმცა, ალბათ, ყველაზე მეტად მოგზაურობა, ძველი, იშვიათი ნივთების პოვნა და მათგან საოცარი დეკორაციების შექმნა უყვარს... რანჩოზე თითქმის ყველაფერი მისი გემოვნებით და ფანტაზიითაა გაკეთებული. იქ არც ერთი ნივთი არ არის ჩვეულებრივი... უბრალო ბოთლი, ძველი ლამპის გატეხილი შუშაც კი ხელოვნების ნიმუშადაა ქცეული...

აქ ყველაფერს თავისი ისტორია აქვს, "გადასაგდებ ნივთებს" - მეორე სიცოცხლის შანსი. ჩემს აღფრთოვანებას პეპლად ქცეული გატეხილი სათვალეც იწვევს... ქალბატონ მარინას ვთხოვ, რანჩოს შექმნის ისტორია მიამბობს...

- სულ თავიდან რა იყო აქ? როგორ გაჩნდა რანჩოს შექმნის იდეა?

- თავიდან აქ ტრიალი მინდორი იყო. ჩემი მეუღლე მთელი თავისი ცხოვრება საზღვარგარეთ მუშაობდა. ასე გავიდა ჩემი ახალგაზრდობა. ერთხელაც ვუთხარი, რაღა სხვაგან, ფერმებში უნდა იმუშაო, მოდი, საკუთარი გავაკეთოთ-მეთქი. სასტუმრო მინდოდა, მაგრამ ვერ ვერკვეოდი ამ ბიზნესში. მაშინ პლეხანოვზე (ახლანდელი აღმაშენებელი) ვცხოვრობდით... გათხოვებამდე 10 წელი ლენინგრადში ვიცხოვრე. იქ ვმუშაობდი. მოგეხსენებათ, ლენინგრადი (ახლანდელი სანკტ-პეტერბურგი) ძალიან ლამაზი ქალაქია. მე კი არქიტექტურა მიყვარს. უამრავი მუზეუმი მაქვს ნანახი. მინდოდა, რაღაც საინტერესო გამეკეთებინა. საქართველოში მშობლებმა ჩამომიყვანეს, მერე გავთხოვდი, პოლიკლინიკა გავაკეთე. გია საზღვარგარეთ მუშაობდა და ფულს მიგზავნიდა. ვუთხარი, რომ საკუთარი სახლი მინდოდა. მითხრა, ნახე სადმე ნაკვეთი და ვიყიდოთო.

თავიდან არ ვეუბნებოდი, რომ ცხენებიც მინდოდა. ჯერ ერთი ნაკვეთი ვიყიდე, მერე - მეორე... მაშინ ძალიან იაფი იყო...

იხილეთ ინტერვიუს გაგრძელება Shin.ge-ზე

myquiz