ბათუმი, ქობულეთი, გონიო, კვარიათი - რა ფასად დავისვენებთ აჭარის ზღვისპირეთში | Allnews.Ge

ბათუმი, ქობულეთი, გონიო, კვარიათი - რა ფასად დავისვენებთ აჭარის ზღვისპირეთში

დასვენების სეზონი უკვე დაიწყო. ზღვისპირა კურორტებზეც ბინების ფასები, როგორც ყოველთვის გაიზარდა, განსაკუთრებით კი ბათუმში, რომელსაც გასართობი ობიექტებისა და თანამედროვე ინფრასტრუქტურის გამო, ზაფხულში ასეულობით დამსვენებელი სტუმრობს.

უძრავი ქონების ვებგვერდების მიხედვით, ბათუმში ბინის დღიურად დაქირავება 30 ლარიდან შეგიძლიათ. თანხაში ერთი საძინებელი, აბაზანა, სამზარეულო, ინტერნეტი და პირველადი მოხმარების ნივთები შედის, თუმცა ამ ღირებულების ბინები ზღვისგან მოშორებით მდებარეობს. ბინების ფასი მათი აღწერისა და ადგილმდებარეობის მიხედვით იზრდება. მაგალითად, 110 ლარად, 4 პერსონაზე გათვლილი ბინის დაქირავება შეგიძლიათ, რომელიც ფასის შესაბამისად, კეთილმოწყობილი და კომფორტულია. ბულვარის სიახლოვეს მდებარე ბინის ფასი შედარებით მაღალია და უძრავი ქონების სააგენტოების მიხედვით, მინიმუმ 70 ლარი ღირს.

თუ დასასვენებლად ჯგუფთან ერთად მიდიხართ, შესაძლოა, კერძო სახლის დაქირავების საჭიროებაც გაგიჩნდეთ, რომელთა ღირებულებაც ბათუმში დაახლოებით, 400 ლარიდან იწყება.

აჭარის ზღვისპირეთის კიდევ ერთი პოპულარული ქალაქი ქობულეთია. ქალაქი ქობულეთის დაბლობზე მდებარეობს და მის მუნიციპალიტეტში 44 სოფელი შედის, რომელთა მცხოვრებლებიც ზაფხულში ბინებს აქტიურად აქირავებენ. ქობულეთში ერთოთახიანი ბინის დღიურად დაქირავება 10-15 ლარიდან შეგიძლიათ. ამ ფასის მქონე საცხოვრებელი ინტერნეტს, სამზარეულოს ძირითად აღჭურვილობასა და აბაზანას მოიცავს. აღსანიშნავია, რომ უძრავი ქონების სააგენტოების ვებგვერდების მიხედვით, ქობულეთში 15 ლარად როგორც ძველი, ისე ახალი გარემონტებული ბინის დაქირავება შეგიძლიათ, რომლებიც ზღვის სანაპიროდან მინიმუმ 300 მეტრითაა დაშორებული.

გონიო-კვარიათი ქალაქ ბათუმის დასახლებებია, სადაც ივლის-აგვისტოში დამსვენებლები აქტიურად ჩადიან. ამ პერიოდში, ბინების ფასი 35-40 ლარიდან იწყება და აგვისტოში კიდევ უფრო მატულობს. მაგალითად, თუ ივლისში საცხოვრებელ სახლში, დღიურად 50 ლარს გადაიხდით, აგვისტოში, იგივე საცხოვრებლის ფასი, შესაძლოა, 70 ლარი ან მეტიც გახდეს. რაც შეეხება კერძო სახლებს, გონიო კვარიათში, მათ თითქმის ისეთივე ფასები აქვთ, როგორიც ბათუმში.

რა თქმა უნდა, ბინების ფასები აქაც ზღვასთან სიახლოვის მიხედვითაც იმატებს, თუმცა ბევრ დამსვენებელს შედარებით მეტის გადახდა ურჩევნია, რათა პლაჟთან ახლოს იყოს და დიდ მანძილის გავლა არ მოუწიოს.

 

myquiz