"მიცვალებულისთვის ჯიპიც კი ჩაუტანებიათ..."- როგორია იდუმალი ბოშების რეალური ცხოვრება, კულტურა და ტრადიციები | Allnews.Ge

"მიცვალებულისთვის ჯიპიც კი ჩაუტანებიათ..."- როგორია იდუმალი ბოშების რეალური ცხოვრება, კულტურა და ტრადიციები

ბოშები ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ტრადიციებისა და კულტურის მქონე ერია. თითქმის ყველა ქვეყანაში, სადაც ისინი არიან მიმოფანტული, თავისებური, დროთა განმავლობაში შეცვლილ-შერბილებული ათადები აქვთ, თუმცა "ბარონი" ანუ უფროსი ყველგან ჰყავთ. მას ყველა ემორჩილება. ის წყვეტს შიდა, ხშირად ოჯახურ კონფლიქტებთან დაკავშირებულ საკითხებსაც კი. მათ აქვთ საკუთარი კანონი, რომელსაც თითქმის ყოველთვის ემორჩილებიან, ცხოვრობენ კომპაქტურად და გახსნილად... იშვიათად ქორწინდებიან სხვა ერის წარმომადგენელზე და თუ ვინმე ამას გააკეთებს, სხვებს მისგან თავი შორს უჭირავთ, რადგან დანარჩენ კაცობრიობას "თავიასიანებად" და "უცხოებად" ყოფენ...

თითოს ძალიან ბევრი, 10-მდე ან უფრო მეტი შვილი ჰყავს. უმეტესობას მუსიკის ნიჭი აქვს - გიტარაზე, გარმონზე, ვიოლინოსა და სხვა მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრის ნიჭი. ზოგი მათგანი ძალიან გახსნილია, ზოგიც უცხოს კარს არ გაუღებს, ან თუ გაუღებს, ისე უმასპინძლებს, რომ ზედმეტ კითხვას არ დაუსვამს... ისინი თავიანთ თავს "რომასაც" უწოდებენ, ზოგიერთები კი "სინტითას". კიდევ ერთი კატეგორიაა "გაჯი", თუმცა ბოშებში ისინი ყველაზე დაბალ ჯგუფად აღიქმებიან.

არსებული ცნობით, ისინი წარმოშობით ინდოეთიდან არიან და მიუხედავად იმისა, რომ იქიდან დანარჩენ მსოფლიოში რამდენიმე ათასწლეული წლის წინ გაიფანტნენ, ბევრ მათგანს დღესაც ესმის ჰინდის ენა... ბევრს ისინი ღარიბები ჰგონია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. მართალია არიან ასეთებიც, თუმცა მათში ძალიან ბევრი მდიდარია.     bbc.com-ის მიერ მომზადებული მასალების მიხედვით, მათ ყველასგან გამორჩეული ყოფითი ტრადიციები აქვთ - ქორწილი, გასვენება, ფულის შოვნის გზები... ზოგი მკითხაობით ირჩენს თავს, ზოგი - ვაჭრობით, ზოგიც - ქურდობს, თუმცა ერთმანეთს არასდროს პარავენ.

გამოცემის ცნობით, ყველაზე მეტი ბოშა რუმინეთში, ბულგარეთსა და სერბეთშია. იმ ქვეყანაში ჩასვლისას, ტაქსის მძღოლი პირდაპირ გაფრთხილებს, რომ პირად ნივთებს თვალი არ მოაცილო, რადგან გარშემო ბოშები არიან და მათ პოლიციაც ვერ აკონტროლებს. ტრადიციიის მიხედვით რამდენიმე ოჯახი ერთად ცხოვრობს. მათ სხვა ოჯახი არასდროს უერთდება და არც არასდროს ერევიან სხვა ოჯახის "საშინაო ურთიერთობებში".

რელიგია და ტრადიციები სხვადასხვა ცნობებით, ისინი ქრისტიანები არიან, ევროპაში მცხოვრები კათოლიკე ქრისტიანები, თუმცა ბოშებში სხვა რელიგიის მიმდევრებსაც შეხვდებით. ყველა რელიგიას ისინი თავისებურად "ირგებდნენ". წლების წინ, თურქეთში მცხოვრები ბოშები ადგილობრივ ხელმძღვანელობას ფულსაც კი უხდიდნენ, რომ მათთვის ქრისტიანობა არ წაერთმიათ. ამიტომ, ბევრ მოგზაურს ძალიან უკვირდა, რომ ისინი ოქროს ჯვრებს ატარებდნენ... ბოშების წმიდა ტრადიციის თანახმად, ისინი არასდროს კლავენ ერთმანეთს. ეს წესი ინდოეთში ცხოვრებიდან მოდის. ბოშებს სწამთ, რომ მკვლელობა კარმას აზიანებს, რომელიც მკვლელის ოჯახს თაობიდან თაობაზე გადაეცემა და შესაძლოა, ეს ას წელზე მეტხანს გაგრძელდეს... შესაბამისად, ისინი ერთმანეთის მიმართ ძალიან მშვიდობიანი ხალხია.

ისინი გარდაცვლილ ადამიანს იმავე ტანსაცმლით მარხავენ, რომელიც სიკვდილის დროს ეცვა. მიწას ერთი პატარა ოთახის ზომაზე თხრიან, მას აგურებით ამოაშენებენ, ზოგჯერ ხელით თხრიან, ხან კი ექსკავატორით, შემდეგ კი უამრავ ნივთს აყოლებენ. იმის მიხედვით, თუ რისი საშუალება აქვს ოჯახს.ყოფილა შემთხვევა, რომ კომპიუტერი ჩაუტანებიათ, ჯიპიც და ოქროც. ადრეულ წლებში, ისინი ცხენს აყოლებდნენ.

განათლება სუფთა სისხლის ბოშა არასდროს აბარებს უნივერსიტეტში. ის ცეკვავს, მღერის, უკრავს, დადის სხვადასხვა ქვეყანაში და თვითგანათლებულია. ეს მათი წინაპრების ტრადიციაა, რომელსაც პირწმინდად მიჰყვებიან... ადრე ისინი ცხენებით მოგზაურობდნენ. ახლა, XXI საუკუნეში, ამისთვის ავტომანქანები ჰყავთ. მეტ-ნაკლებად იციან იმ ქვეყნის ენა, სადაც ცხოვრობენ ან გარკვეული დროით უწევთ ცხოვრება.

ბოშები ჰიგიენის მიმართ მაინცდამაინც "მგრძნობიარეები" არ არიან, ამიტომაც არც ბავშვების მოვლით იწუხებენ თავს. "ჭუჭყიანი ბავშვი – ბედნიერი ბავშვი!" – ასეთია მათი გამოთქმა. ბავშვებს, როგორც წესი, არაფერს უკრძალავენ, ამიტომაც არის ალბათ, ბევრს უნახავს როგორ თამამად იქცევიან ისინი მეტროსა და სხვა საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ინფრასტრუქტურის თუ სხვა ადამიანების მიმართ. ბავშვად კი ისინი 11-12 წლამდე ითვლებიან.

ზოგ მათგანს მართლაც აქვს ადამიანის წარსულისა და მომავლის დანახვის უნარი, თუმცა მკითხაობის ნიჭზე თავს ყველა დებს, რომელსაც შემდეგ შემოსავლის წყაროდ იყენებენ. ზოგი მიიჩნევს, რომ მათ ადამიანების "დაჰიპნოზება" შეუძლიათ, რაც გადაჭარბებულია. ისინი ადამიანის ფსიქოლოგიაზე გავლენას თავიანთი უცნაური ქმედებებით ახდენენ და ამით სარგებლობენ, რადგან ბოშების მიმართ ბევრს აქვს უცნაური, ქვეცნობიერი შიში.

ქორწინება გოგონებსა და ვაჟებს ისინი ჯერ კიდევ აკვნის ასაკიდან ნიშნავენ. თუ ერთ ოჯახში ბიჭი დაიბადება, მეორეში კი გოგო, მშობლებს შორის ფინანსური გარიგება ხდება, ბიჭის ოჯახი ევროსა და დოლარში საკმაოდ დიდ თანხად ყიდულობს. ეს ვაჭრობა თითქმის ორი კვირა გრძელდება, ვიდრე მისაღებ თანხაზე არ მორიგდებიან და თითქმის თვეების საპატარძლო არ დაინიშნება. გოგონები 14-15 წლის ასაკში თხოვდებიან და გათხოვების შემდეგ შარვლის ჩაცმის უფლება არ აქვთ, მანამდე კი შეუძლიათ, ნებისმიერი თანამედროვე სამოსი მოირგონ. ჭრელი და ნათელი ფერები, ბევრი სამკაული, მათი არჩევანია...

გოგონა აუცილებლად ქალიშვილი უნდა იყოს. სხვა შემთხვევაში ის ოჯახს შეარცხვენს და ყველაფერი ცუდად დამთავრდება. ჯიუტ გოგონას არ კლავენ, თუმცა, ის მთელ დარჩენილ ცხოვრებას მარტოობაში ატარებს... ზოგადად, ქალი აუცილებლად ქმრის მორჩილი უნდა იყოს, ქმრის ზეწოლის შემთხვევაშიც მას უკან დაბრუნების უფლება არ აქვს. გოგონები ყოველთვის რიგითობის მიხედვით თხოვდებიან, ანუ უმცროსი ვერ გათხოვდება, თუ უფროსი ჯერაც გასათხოვარია... bbc.com-ის ცნობით, იქ ქორწინების ასაკი მაინცდამაინც განსაზღვრული არ არის, რადგან არიან 13 წლის ბოშა დედებიც და 15 წლის მამებიც. ზოგიერთი ოჯახი 11 წლის გოგონასაც ათხოვებს... ცნობისთვის, არ არსებობს შემთხვევა, როდესაც ბოშა ქალი მსუბუქი ყოფაქცევის არის. განქორწინებები თითქმის არ არის, თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც ისინი ქმრის ოჯახიდან გარბიან, თუმცა ამ ნაბიჯის შემდეგ, მას არც ერთი ბოშა არ იღებს. ამიტომ მან თავშესაფარი სხვაგან, სხვა ტომში უნდა ეძებოს...

"ამ ბოლო დროს ხშირად მათ ეკლესიებში იფარებენ და ბოშები მხოლოდ იმ შემთხვევაში მშვიდდებიან, როდესაც იგებენ, რომ მათი გოგონა რომელიმე მოძღვრის მეთვალყურეობის ქვეშ არის... ეს ნაბიჯი მათთვის ძალიან დამამცირებელია"- წერს გამოცემის კორესპონდენტი, რომლებმაც ბოშებთან იმოგზაურა.

რაც შეეხება ეროვნულ სამზარეულოს, განსაკუთრებული ბოშური კერძი არ აქვთ, მხოლოდ სამკუთხედის ფორმის პილმენებს ამზადებენ, ძირითადად კი, სხვების მსგავსად იკვებებიან. თუმცა, აქა-იქ მაინც შემორჩენილია წვნიანი კერძები, რომელიც კიტრით, სტაფილოთი და ზეთისხილით მზადდება. ძალიან უყვართ ჩაი და ხილი.

ambebi.ge

myquiz