8 შვილის დედა საოცრად რეალისტურ და ძვირადღირებულ თოჯინებს ქმნის - "დიდ თოჯინას ერთ თვეს ვანდომებ, ფასი 1000 დოლარამდე ადის" | Allnews.Ge

8 შვილის დედა საოცრად რეალისტურ და ძვირადღირებულ თოჯინებს ქმნის - "დიდ თოჯინას ერთ თვეს ვანდომებ, ფასი 1000 დოლარამდე ადის"

მათ ყველას თავისი სახელი აქვთ, მოდურად აცვიათ და იპრანჭებიან. ზოგი კეთილია, ზოგი ალბათ წუნიაც, ზოგიც მოსიყვარულე... მთავარი ის არის, რომ ამ თოჯინებისგან დიდი სითბო მოდის და ამ სითბოს მათ ავტორი, პროფესიით ბიბლიოგრაფი, უცხო ენების სპეციალისტი ეკატერინე ბერიძე ანიჭებთ.

ის პროფესიით არასდროს უმუშავია და არც არასდროს ჰქონია სამსახური. მისი პროფესია დედობაა - 8 შვილის დედა გახლავთ.

"ხელოვნება ჩემთან თავიდანვე ახლოს იყო - ვხატავდი, ვკერავდი, სახელმწიფო ანსამბლში ვცეკვავდი და მერე, წლების შემდეგ ასე მოვინდომე - ამ თოჯინების შექმნა დავიწყე" - გვეუბნება ეკატერინე ბერიძე და დასძენს, რომ ძალიან ნანობს, პროფესიად ხატვა, ხელოვნება რომ არ აირჩია:

"რა პროფესიაც მივიღე, იმ მიმართულებითაც არ მიმუშავია, რადგანაც მრავალშვილიანი დედა ვარ, 8 შვილი მყავს. ცნობილ ანსამბლებში ვცეკვავდი, მაგრამ გავთხოვდი და შვილებით დავკავდი. 6 გოგონა და 2 ბიჭი მყავს. უფროსი 17 წლისაა, უმცროსი - ორწლინახევრის.

- თოჯინების კეთება როდის დაიწყეთ?

- ეს საქმე 4 წლის წინ დავიწყე. ყოველთვის ვიცოდი, რომ საკოლექციო თოჯინები ცოტა ძვირი სიამოვნება იყო. არადა, ყოველთვის ძალიან მომწონდა. საქართველოშიც ხომ არიან მეთოჯინეები და ერთ-ერთს დავუკავშირდი. იულია სოროკინა ერთ-ერთი ყველაზე მაგარი სპეციალისტია. ეს საქმე მან შემასწავლა, კარგი გოგოა, დღემდე ვმეგობრობთ. მას მერე სულ ვაკეთებ და ვაკეთებ. ყველა მეკითხება - 8 შვილის დედა ამას როგორ ახერხებო? ვახერხებ, ეს იმხელა სიამოვნებაა და ისეთი განტვირთვა, ვერც კი წარმოიდგენთ... თოჯინებზე მუშაობა მაძლევს იმ ენერგიას, რომ ოჯახსაც კარგად მივხედო და ჩემი საქმეც ხარისხიანად გავაკეთო.

- ბავშვობაში გოგონები თოჯინებით თამაშობენ. ოდესმე გდომებიათ თოჯინები თავად შეგექმნათ?

- ამაზე არასოდეს მიფიქრია. არც იმაზე მიფიქრია, როდესაც ამ საქმეს ვიწყებდი, რომ თოჯინები გამომივიდოდა, მოეწონებოდათ, მოთხოვნადი გახდებოდა. ყველაფერი თავისთავად მოხდა. ადამიანი თუ რამეს გადაწყვეტს, უნდა დაიწყოს, აკეთოს, იშრომოს და შედეგი და წარმატება მერე თავისით მოდის.

- პირველად რა თოჯინა შექმენით?

- მოხუცი ხელჯოხიანი კაცი იყო, რომელიც არ გავყიდე, თან, უფრო იმიტომ, რომ პირველი ნამუშევარია. ახლაც მაქვს და ეგ ერთიღა მაქვს სახეზე.

 

- რადგან ამდენი თოჯინიდან თავად არც ერთი გაქვთ, ე.ი თქვენი ნახელავი ხალხს მოსწონს.

- კი, არ მეგონა, თუ ასეთ მოწონებას დაიმსახურებდა... პირველი თოჯინა თვითონაც ძალიან მომწონდა, მეგონა, როცა გავაკეთე, ყველაზე მაგარი ვიყავი, მაგრამ ახლა რომ ვუყურებ, მეცინება...

- მასალად რას იყენებთ?

- ეს არის პოლიმერული თიხა. მთელ მსოფლიოში, თითქმის ყველა მეთოჯინე ამით მუშაობს. სპეციალური მასალაა, რომელიც მერე ღუმელში "ცხვება" და შემდეგ ფერი ეძლევა. ტანი სხვა მასალისგან კეთდება, ოღონდ, ჯერ მავთულის კარკასი უნდა შეიქმნას. საკმაოდ რთულია. ზოგს რომ ვუხსნი, ვერ ხვდება, რასთან მაქვს საქმე, მაგრამ ვისაც ამ ყველაფერთან შეხება აქვს, იცის, რა დრო მიაქვს. მერე უკვე ფასიც შესაბამისად ედება.

 

- რა ღირს მაგალითად, 25 სმ-ის სიმაღლის თოჯინა?

- დაახლოებით 100 დოლარი და ზომა რაც უფრო დიდია, მასალაც მეტი სჭირდება, შრომაც, დროც და ფასიც 800-1000 დოლარამდე ადის. დიდ თოჯინას სულ ცოტა ერთ თვეს მაინც ვანდომებ, პატარა თოჯინებს - 2 კვირას... ძალიან დახვეწილი უნდა იყოს, სამოსიდან დაწყებული, ფეხსაცმელი და წარმოიდგინეთ, ფრჩხილებზე ლაქიც კი უსვიათ.

თოჯინების სამოსს სულ ხელით ვკერავ. ხანდახან მოვიფიქრებ, რაღაცას ჩავაცმევ და არ უხდება, მერე გადაკეთება მიწევს. ასე რომ, სამოსი მისი ხასიათიდან გამომდინარეობს.

- ძალიან სრულყოფილი ნამუშევრებია, რეალისტური და თითოეულის ხასიათიც ჩანს. ერთი რაც შევნიშნე - ნაწილს თვალები დახუჭული აქვს, უმეტესობას - გახელილი. რატომ?

- დახუჭული თვალები უფრო პატარებს აქვთ. ესეც ფასიდან გამომდინარეა. ყველა ვერ ყიდულობს, ვერ წვდება ფასს და ასე მოვიფიქრე. გახელილი თვალის გაკეთებას მეტი დრო სჭირდება. მოხატვა უნდა, მზერა კარგად უნდა დაიჭირო, რომ ბავშვს და შენს ჩანაფიქრს ჰგავდეს.

 

- გული არ გწყდებათ, რომ თქვენი თოჯინები თქვენთან არ არიან და მიმოიფანტნენ სხვადასხვა მიმართულებით?

- არა. ჩემი თოჯინები უცხოეთშიც გაემგზავრნენ. მიხარია, რომ მათ ისეთი ხალხი ყიდულობს, ვინც მათი ფასი იცის და მოუფრთხილდებიან. როცა ხალხი ასე მიფასებს და მოსწონთ, სურვილი მიჩნდება, რომ მეტი შევქმნა. მაგრამ მიუხედავად ამისა, ჯერ მაინც დედა ვარ და მერე ყველაფერი სხვა, თუნდაც მეთოჯინე.

- გამოფენაზე არ ფიქრობთ?

- ძალიან მინდა, რომ გამოფენა მოვაწყო. წარმოდგენილი მაქვს, რომ ის ძალიან მაღალ დონეზე უნდა მოეწყოს, მაგრამ ამისთვის ჯერ ხალხმა კარგად უნდა გამიცნოს, რომ გამოფენაზე მოსვლის სურვილი გაუჩნდეს. მერე ეს თოჯინებიც არ მიჩერდება. ამიტომ, ალბათ როცა გადავწყვეტ, დავაგროვებ საგამოფენოდ ნამუშევრებს, აღარ გავყიდი და საგანგებოდ მოვემზადები.

 

- შვილები თუ გეხმარებიან?

- ყველაზე კარგი დახმარებაა, რომ ხელი არ შემიშალონ... ძირითადად ღამე ვმუშაობ, ან დილით, ძალიან ადრე. არ მიყვარს, როცა მუშაობისას მაწყვეტინებენ, მერე ვიბნევი. საქმეს რომ მივატოვებ, ცუდი მომენტია. მოკლედ, როცა მარტო ვარ, მაშინ უკეთესი შედეგი მაქვს... ჩემს შვილებს მოსწონთ და რაღაცებს კარგად აფასებენ, ბავშვის თვალი სულ სხვაა, სიმართლესაც ყოველთვის გეტყვიან. ამიტომ ვეკითხები მათ აზრს, მაგალითად, რომელი ფერი უფრო მოუხდება ამა თუ იმ თოჯინას და მათ რჩევას ვითვალისწინებ.

- ამ ყველაფრის შემდეგ გრჩებათ თავისუფალი დრო?

- წარმოიდგინეთ, რომ კი და მეგობრებთანაც მიყვარს სტუმრობა. მიყვარს დაქალებთან ერთად ყოფნა. ქალმა ესეც უნდა მოახერხოს. განტვირთვა აუცილებელია.

- სამომავლო გეგმები, ოცნება რა გაქვთ?

- მთავარია, შვილები მყავდეს ჯანმრთელად, დანარჩენი ოცნება არ მაქვს. თუ ჩემი საქმე დაფასდება, ყველა გაიგებს ამ თოჯინების შესახებ, გამიხარდება. მერე ალბათ უკვე გამოფენამდეც მივალ...

ambebi.ge

myquiz