საქართველო საუკუნის წინანდელ უცნობ ფოტოებში - ბიჭი, რომელიც უნიკალურ ფოტოებს და მათ ისტორიებს აგროვებს | Allnews.Ge

საქართველო საუკუნის წინანდელ უცნობ ფოტოებში - ბიჭი, რომელიც უნიკალურ ფოტოებს და მათ ისტორიებს აგროვებს

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული უნიკალური ფოტოარქივით არაერთხელ მიიქცია ჩემი ყურადღება ქუთაისელმა მამუკა აშვეთიამ. ფოტოებზე მე-18 და მე-19 საუკუნეების საქართველოს სხვადასხვა ქალაქი და ადამიანები არიან აღბეჭდილნი. პროფესიით იურისტი აშვეთია, მათ შესახებ საინტერესო ისტორიებსაც უამბობს ინტერნეტმომხმარებელს.

AMBEBI.GE დაინტერესდა მოყვარული ფოტო-კოლექციონერის მდიდარი ისტორიული ფოტომასალებით და საინტერესო ისტორიებს თავად მამუკა აშვეთია უამბობს ჩვენს მკითხველს:

- ყოველთვის მაინტერესებდა ქუთაისის ისტორიული წარსული და შეძლებისდაგვარად ვიკვლევდი მას. შემდეგ კი, სიძველეების კვლევა-ძიება ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობ იმ ფოტოებს, რომლებიც ასახავს ქალაქის არქიტექტურას, მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობას და კულტურული ძეგლების სახეცვლილებებს.

ბაგრატის ტაძარი, ფოტოგრაფი რუბაშკინი. 1982 წელი
 

ჩემს ხელთ არსებული ფოტოების მნიშვნელოვანი ნაწილი ქუთაისიდან სხვა ქვეყნებში საცხოვრებლად გადაბარგებულმა ადამიანებმა გამომიგზავნეს, მათ შორის ქართველებმა, ებრაელებმა, რისთვისაც ძალიან მადლიერი ვარ მათი...

ქუთაისი ყოველთვის მულტიკულტურული ქალაქი იყო და განსაკუთრებულ ინტერესს რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების ფოტოები იწვევდა. კოლექციაში ასევე მაქვს, თბილისის, ცხინვალის, ტყიბულის, ონისა და საქართველოს სხვა ქალაქების ფოტოებიც.

თბილისის ებრაული უბანი, ფოტოგრაფი პლისეცკი. 1929 წელი

ძველი ფოტოების განსაკუთრებული ხიბლი ისაა, რომ ერთი შეხედვით უმნიშვნელო მასალა უკვე ისტორიას ჰყვება, რომელიც არსად დაბეჭდილა და საზოგადოებისთვის, ასე მკვლევარებისთვისაც, შეიძლება უცხო იყოს და თითქოს დღის სინათლეს ელოდება...

 

- ალბათ გაქვთ გამორჩეულად საინტერესო ისტორიის მქონე ფოტოები...

- დიახ, თუმცა სანამ უცნობი ადამიანების ამბებზე გადავიდოდე, საკუთარი ოჯახის ამბავს მოვყვები, სანამ იმ სახლში გადავიდოდით, სადაც ახლა ვცხოვრობთ, ადრე, ჩემი ბებია-ბაბუა სხვა ადგილას, ტიპურ იმერულ ოდაში ცხოვრობდნენ, რომელიც მე-20 საუკუნის დასაწყისშია აშენებული. ჩემს მიერ ნაპოვნი სახლის ფოტო 1939 წელს არის გადაღებული. ერთი შეხედვით არაფერი, მაგრამ ჩემთვის ძალიან ძვირფასია და ვიფიქრე, რომ სხვესაც ასევე დააინტერესებდათ საკუთარი სახლის წარსული.

ინფორმაციას ძირითადად პოლონურ და რუსულ საიტებზე ვპოულობ, რადგან გვინდა თუ არა, საბჭოთა წლებში გადაღებული ფოტოები ძირითადად მათ ფორუმებზეა, თან ავტორები რუსი ფოტოგრაფები არიან - პლისეცკი, ვოიუცკი, სლავინსკი.

სომხური ეკლესია მდ. რიონის ნაპირას, მე-18 სკოლის ეზოში. ფოტოგრაფ ვოიუცკის ფოტო, 1860 წელი

შესაბამისად, მათ ნამუშევრებს არქივების ასლებსა თუ მუზუემების ელექტრონულ გვერდებზე ვეძებ... ასე ვიპოვე, ბაღდათში, ზეკარში გადაღებული ფოტო, რომელზეც ცოლ-ქმარია აღბეჭდილი და მწერალი ცირა ყურაშვილი დამიკავშირდა - ჩემი ბაბუა-ბებია არიან, საოჯახო ალბომშიც კი არ მოგვეპოვებოდა ეს ფოტოო.

სახლი ზეკარში, სადაც მაიაკოვსკები 1890-იან წლებში ისვენებდნენ, ამ ფოტოზე მწერალმა საკუთარი ბებია-ბაბუა ამოიცნო

ჩემი ოჯახი ებრაულ უბანში ცხოვრობდა, ბაბუა ებრაელებთან მუშაობდა და მეგობრობდა, ბევრი მათგანი ჯერ კიდევ 70-იანი წლების დასაწყისში წავიდა ისრაელში, მაგრამ ურთიერთობა დღემდე არ შეგვიწყვეტია. ამიტომ ებრაელთა თემატიკა ჩემთვის ძალიან ახლობელია.

მუშაობისას ერთხელ ებრაული უბნის ფოტოს გადავაწყდი, აღმოჩნდა, რომ მასზე ჩემი მეგობრის, ამჟამად ისრაელში მცხოვრები მომღერლის იონი ილანის უბანი იყო ასახული, 40-იან წლებში. როდესაც გადავუგზავნე, ემოციებისგან იტირა...

ონელ ებრაელთა სამი თაობა, ფოტოგრაფი პლისეცკი. 1929 წელი

ბაბუამისი საქართველოში გარდაიცვალა, მამამისი ისრაელში წავიდა საცხოვრებლად, თავად იქ დაიბადა, მაგრამ მთელი ოჯახი საქართველოს მეორე სამშობლოდ მიიჩნევს. მათ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ საქართველოს მიმართ და როდესაც ერთი ქართველი-ებრაელი იგებს ამა თუ იმ ადგილიდან ფოტოს არსებობის შესახებ, შემდეგ სხვებიც მიკავშირდებიან - მანდ ბავშვობა, უფროს თაობას კი, ცხოვრების საუკეთესო წლები გვაქვს გატარებული და იქნებ რამე იპოვოთო...

იოსებ ელიგულაშვილი, ფოტო პირადი კოლექციიდან

ხშირად მეხმარება ჩემი უფროსი მეგობარი, ქალბატონი ნატალი ელიგულაშვილი, რომელმაც გადმომცა უნიკალური საოჯახო ფოტოალბომი. მასში მე-19 საუკუნეში ქუთაისში მცხოვრები ქალაქის საბჭოს ხმოსნის, არონ ელიგულაშვილის შვილების - იოსებისა და შალომის ფოტოები ინახება.

იოსებ ლიგულაშვილი, რომელიც მაშინ ფინანსთა მინისტრის მოადგილე იყო, ექვთიმე თაყაიშვილთან და ილია გოლდმანთან ერთად, 1921-1945 წლებში საქართველოს საგანძური საფრანგეთში გაიტანა და ასე გადაარჩინა დაკარგვას.

მეგრული ოდა, ფოტოგრაფი უცნობია, 1904 წელი
განაგრძეთ კითხვა
myquiz