მთავარი ამბები "საბა 2018-დან" - სად შევიძინოთ გამარჯვებული წიგნები | Allnews.Ge

მთავარი ამბები "საბა 2018-დან" - სად შევიძინოთ გამარჯვებული წიგნები

ლიტერატურული პრემია "საბას" დაჯილდოება წელს რამდენიმე მხრივ იყო განსაკუთრებული. ეს იყო დაჯილდოების ისტორიაში ყველაზე მასშტაბური და გამორჩეული ღონისძიება, რომელიც არა საქართველოში, არამედ გერმანიაში, ქალაქ ფრანკფურტის მერიის ისტორიულ დარბაზში Kaisersaal-ში ჩატარდა. წელს საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით იყო წარდგენილი და სწორედ ამან განაპირობა "საბას" დაჯილდოების ცერემონიალის იქ ჩატარებაც.

დაჯილდოებას საქართველოს ოფიციალურ დელეგაციასთან, ქართველ ავტორებთან, გამომცემლობებთან ერთად, საპატიო უცხოელი სტუმრებიც ესწრებოდნენ. მათ შორის იყვნენ ცნობილი მწერლები, უცხოური გამომცემლობები, გერმანიის ოფიციალური პირები და საერთაშორისო მედია.

აღნიშნულიდან გამომდინარე დაჯილდოების ცერემონიალი ორ ენაზე ქართულად და გერმანულად ჩატარდა. წამყვანებიც ორივე ქვეყნის წარმომადგენლები იყვნენ: ქართველი პოეტი რატი ამაღლობელი და გერმანელი ჟურნალისტი დორის აკრაპი იყვნენ.

წელს "საბას" დაჯილდოება იმითიც იყო გამორჩეული, რომ არსებულ ნომინაციებს სამი ახალი დაემატა და საერთო ჯამში გამარჯვებულები 11 ნომინაციაში გამოვლინდნენ. ახალი ნომინაციებია: ქართული ლიტერატურის საუკეთესო უცხოენოვანი კრიტიკა, ქართული ლიტერატურის საუკეთესო უცხოენოვანი გამომცემლობა და პრემია ქართულ-გერმანულ ლიტერატურულ ურთიერთობებში შეტანილი წვლილისათვის.

2018 წლის პრემია "საბას" გამარჯვებულები:

საუკეთესო რომანი - ლაშა ბუღაძე, "პატარა ქვეყანა"

საუკეთესო მოთხრობების კრებული - ლევან მუსხელიშვილი, "მოკლე მოთხრობები"

საუკეთესო პოეტური კრებული - ზურაბ რთველიშვილი, "პოეზიის დიქტატურა"

საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი - ზურა ჯიშკარიანი, "საღეჭი განთიადები: უშაქროდ"

საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა - ირმა ტაველიძე, "სტალინის ნაძვები და სხვა ტექსტები"

საუკეთესო ქართული თარგმანი - დავით წერედიანი, იოჰან ვოლფგანგ გოეთეს "ფაუსტი-II"

ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოენოვანი თარგმანი - ეკატერინე ტეტი და იულია დენგი, რეზო ჭეიშვილის "ცისფერი მთები".

ქართული ლიტერატურის საუკეთესო უცხოენოვანი კრიტიკა - ლიტერატორი და რედაქტორი ტილმან შპრეკელსენი.

ქართული ლიტერატურის საუკეთესო უცხოენოვანი გამომცემლობა - Mitteldeutscher Verlag.

პრემია ქართულ-გერმანულ ლიტერატურულ ურთიერთობებში შეტანილი წვლილისათვის - ნინო ხარატიშვილი.

პრემია ქართულ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის - რეზო გაბრიაძე.

წელს ჟიურის წევრები იყვნენ: ლელა დუმბაძემ, გიგა ზედანიამ, ქეთი დევდარიანმა, ნინო კასრაძემ და ზურაბ კიკნაძემ გამოავლინეს. გამარჯვებულ ავტორებს, სპეციალურ პრიზთან ერთად, ფულადი პრემიებიც გადაეცათ.

ყოველწლიური ლიტერატურული კონკურსი "საბა" "თიბისი ბანკმა" 2003 წელს დააფუძნა. წელს "საბა" მეთექვსმეტედ ჩატარდა. წლევანდელი დაჯიდლოების ორგანიზება ქართული წიგნის ეროვნულ ცენტრთან პარტნიორობით განხორციელდა. პრემიის მიზანია გასული ერთი წლის ლიტერატურული პროცესების შეფასება და წლის საუკეთესო წიგნებისა და ავტორების გამოვლენა.

წელს გამარჯვებული წიგნების შეძენა შესაძლებელია როგორც "ბიბლუსის" ფილიალებში, ისე ონლაინ ვებგვერდზე www.Biblusi.ge-ზე. ონლაინ მაღაზიაში 20 ლარის ან მეტი ღირებულების შეძენაძენზე ნივთების ტრანსპორტირების სერვისი სრულიად უფასოა თბილისსა და საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, ქალაქსა თუ სოფელში.

myquiz