ირაკლი ჩარკვიანის "მშვიდი ცურვა" ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში გამოჩნდა | Allnews.Ge

ირაკლი ჩარკვიანის "მშვიდი ცურვა" ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში გამოჩნდა

მეფე, რომელიც 44 წლის ასაკში გარდაიცვალა და რომელმაც საკუთარი სიკვდილი ავტორომანში იწინასწარმეტყველა - ეს მეფე ირაკლი ჩარკვიანი და მისი რომანი "მშვიდი ცურვაა".

"რომანი ორ მთავარ პერსონაჟზე – მეფეზე და რუმიზე მოგვითხრობს. მათი ცხოვრება პარალელურად ვითარდება, ისინი ერთმანეთის ალტერ ეგოები არიან. მათი ბედისწერა თითქოს გადაჯაჭვულია და ერთი ადამიანის ორი ბუნების გამოხატულებაა. ერთი მშენებელი საწყისია, მეორე – დამანგრეველი. ერთის შესახებ ვიცით, რომ ესაა ირაკლი ჩარკვიანი – მეფე. მეორე შუასაუკუნეების სუფიას, ფილოსოფოსის და პოეტის – რუმის ინკარნაციაა. მოქმედება ორ სივრცეში – მატერიალურ და ზემატერიალურ განზომილებაში ვითარდება. თუკი მატერიალურ სივრცეში რომანის ისტორიულ-ბიოგრაფიული ნაწილია გაშლილი, რომანში წარმოდგენილ სხვა განზომილებაში ბოროტ ძალებს სამყაროს წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობა აქვთ ჩაფიქრებული. შეთქმულების ერთ-ერთი მონაწილეა ლენინი, რომლის ინკარნაციასაც რომანში, ასევე ბოროტი ძალის – ქოსა რობოტის, ფონ კლაინეს სახეში ვხედავთ. ირაკლი ჩარკვიანის ეს რომანი-აღსარება ჩვენი დროის ერთგვარი ქრონიკაცაა, სადაც არაერთი ნაკლებად ცნობილი ფაქტია შესული უახლესი პერიოდის ქართული პოლიტიკური ცხოვრებიდან. რომანი, თავისი სიურეალისტური ესთეტიკით, თითქოს საბჭოთა სინამდვილიდან გაქცევაზეც მიანიშნებს. ქართულ ლიტერატურაში ანტიუტოპიური სამყარო სრულყოფილი სახით პირველად მშვიდ ცურვაში გვხვდება. მშვიდი ცურვის არამატერიალურ განზომილებაში წარმოდგენილია სამყარო, სადაც ბოროტების ემისრების წყალობით, სიცოცხლეზე კონტროლია დაწესებული – აქ ყველა 44 წელი ცოცხლობს, მკვლელობა და თვითმკვლელობა წახალისებულია, რაც გამართლებულია იმ ლოგიკით, რომ ისინი "კეთილს სჩადიან" რადგან მატერიალური სამყარო სინამდვილეში წარმავალია და მარადისობა სხვა განზომილებაში გადასვლით იწყება."

"ისინი, ვინც ამ საუკუნის ბოლოს გადაშლიან ამ წიგნს, დაახლოებით მაინც იგრძნობენ, თუ როგორი იყო მეფე ირაკლი პირველი თავისი შიშებით, ნევროზებით, სიყვარულით.. რას ფიქრობდა ეს ადამიანი, რომელიც ისეთ სიმღერებს წერდა, რომლებიც მეოცე საუკუნის ბოლოს და ოცდამეერთეს დასაწყისში ბევრს მოსწონდა. საუკუნის ბოლოს კი ეს კომპოზიციები ქართული როკენროლის კლასიკად ჩაითვლება და იქნებ ეს წიგნიც კლასიკად იქცეს?" - ასე აფასებს რომანს პროფესორი, ლიტერატურათმცოდნე გაგა ლომიძე.

"მშვიდი ცურვა" პირველად 2006 წელს გამოიცა. ავტობიოგრაფიულმა რომანმა მალევე დიდი პოპულარობა მოიპოვა მკითხველში და ტირაჟი საკმაოდ სწრაფად ამოიწურა. წლების შემდეგ კი ირაკლის მეუღლემ ქეთათომ თავად ჩამოაყალიბა გამომცემლობა "მეფე" და "მშვიდი ცურვა" ხელახლა გამოსცა.

"ახლიდან გამოცემა იმიტომ გადავწყვიტე, რომ სხვა გამომცემლობების ტირაჟი სრულად მოიწურა. მოთხოვნა კი საკმაოდ დიდი იყო. არაერთხელ მსმენია, რომ წიგნის მაღაზიებში "მშვიდ ცურვას" კითხულობდნენ. სხვადასხვა გამომცემლობებთან თანამშრომლობის შემდეგ კი უკვე გადავწყვიტე ჩემით გამომეცა, რადგან მე უფრო კარგად მოვაგვარებდი რიგ საკითხებს. როგორც ირაკლის მუსიკის საავტორო უფლებებს თავად ვიცავ, ახლა გადავწყვიტე, ირაკლისთან დაკავშრებული ყველა საკითხი მე გავაკეთო და მოვაგვარო. გამომცემლობა "მეფე" მხოლოდ წიგნების გამოცემას არ გულისხმობს. ნელ-ნელა მუსიკალური დისკებიც მინდა გამოვცე. ეტაპობრივად ირაკლის სხვა წიგნებიც გამოიცემა," - განმარტავს ქეთათო.

"მშვიდი ცურვა" უკვე იყიდება "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელშიც. მისი შეძენა შესაძლებელია ონლაინ მაღაზია www.biblusi.ge-ს საშუალებითაც, რომელზე შეძენის შემთხვევაშიც 17–20 სექტემბრის ჩათვლით მიწოდება უფასო იქნება. წიგნის ფასი 14 ლარია.

myquiz