დღეს თბილისის ბალეტის ფესტივალი გაიხსნება | Allnews.Ge

დღეს თბილისის ბალეტის ფესტივალი გაიხსნება

დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით, 23 ივნისიდან 1-ელ ივლისამდე თბილისის ბალეტის ფესტივალი ჩატარდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს, საერთაშორისო საბალეტო ფესტივალი თბილისში 2017 წელს დაფუძნდა. წელს ფესტივალი მეორედ ტარდება. ფესტივალის ფარგლებში სპექტაკლები თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიმართება.

"საბალეტო ფესტივალში თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დასთან და ორკესტრთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავები და მსოფლიოში სახელგანთქმული საბალეტო დასები: Spellbound Contemporary Ballet (იტალია), ნიდერლანდების ცეკვის თეატრი 2 (NDT 2).

თბილისს, ასევე ეწვევა ამერიკული ბალეტის ვარსკვლავი მარსელო გომესი, იგი 26 ივნისს "რომეო და ჯულიეტაში" პარტნიორობას გაუწევს პრიმა ბალერინა ნინო ანანიაშვილს.

თბილისში პირველად ჩამოდის Spellbound Contemporary Ballet იტალიიდან. მათ პროგრამაშია მაურო ასტოლფის ქორეოგრაფია - Formami და Rossini Ouvertures. იტალიური დასის წარმოდგენებს მაყურებელი 23-24 ივნისს, ცნობილი ფრანგი ქორეოგრაფის მედი ვალერსკის ბალეტებთან Orawa და Petite Cérémonie ერთად ნახავს.

საქართველოს მეორედ ეწვევა ნიდერლანდების ცეკვის თეატრი 2 (NDT 2), რომელიც ორი განსხვავებული პროგრამით წარსდგება ფესტივალის მაყურებლის წინაშე 28 და 29 ივნისს. ფესტივალს კი დახურავს "მძინარე მზეთუნახავი". გალა-პერფორმანსში თბილისის ოპერისა და ბალეტის საბალეტო დასთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ მარსელო გომესი და პარიზის ნაციონალური ბალეტის სოლისტები ამანდინ ალბისონი, ჟერემი ლუ კერი. სპექტაკლებს უდირიჟორებს ალევტინა იოფე (რუსეთი)", - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფესტივალის მხარდამჭერები ასევე არიან: TBC ბანკი და CHECK IN GEORGIA; კულტურის და სპორტის სამინისტრო, იტალიის რესპუბლიკისა და ნიდერლანდების სამეფოს საელჩოები საქართველოში, იტალიის ავტორთა და გამომცემელთა საზოგადოება (SIAE), იტალიის კულტურული მემკვიდრეობის სამინისტრო (MiBACT), ქართული ბალეტის მეგობართა საზოგადოება, ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია, რუმს ჰოტელ თბილისი, თურქეთის ავიახაზები, კომპანია "ბორჯომი", რადიო "იმედი", რადიო "ფორტუნა", ჟურნალი "ინდიგო", გაზეთი "ჯორჯია თუდეი".

myquiz