უცხოური ფილმები, რომლებიც საქართველოში გადაიღეს | Allnews.Ge

უცხოური ფილმები, რომლებიც საქართველოში გადაიღეს

2016 წლიდან საქართველოში კინოინდუსტრიის წახალისების პროექტი "გადაიღე საქართველოში" დაიწყო, რომლის ფარგლებში ევროპისა და აზიის კინომწარმოებლებმა ჩვენს ქვეყანაში რამდენიმე პროექტი განახორციელეს.

საქართველოს ეროვნული კინოცენტრისა და ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლობის საფუძველზე შექმნილ ფილმებთან დაკავშირებით Allnews.ge-ს ეროვნული კინოცენტრის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით ვაშაძე ესაუბრა.

მისი ინფორმაციით, პროექტის დაწყებიდან 2 წლის განმავლობაში ინდუსტრია გაორმაგდა, რადგან ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებსა და აპარატურაზე მოთხოვნა გაიზარდა.

"ყველაზე დიდი ინტერესი ინდოეთიდან იყო, ეს არის ბოლივუდი და სამხრეთ ინდოეთი, მაგრამ ჩვენ ასევე ამერიკული პროექტი გვქონდა, ასევე ევროპულ-ქართული პროდუქციებიც. ბოლო ეტაპზე კი დაინტერესება ჩინეთიდან მოდის და საქართველოში პირველი ჩინური სერიალის გადაღება იწყება. ეს მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ საქართველოში პირდაპირი ინვესტიცია შემოდის, რომელიც აქ იხარჯება და მეორე მხრივ ასეთი პროექტები საქართველოს ტურისტული კუთხითაც უკეთებს პოპულარიზაციას. ინდოელი ტურისტების რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას, რომ აქ გადაღებულმა ფილმმა ამაზე ზეგავლენა მოახდინა, თუმცა ჩვენი მიზანია სხვა ბაზრების ათვისებაც და რამდენიმე ჰოლივუდურ პროექტთან დაკავშირებით მოლაპარაკება მიმდინარეობს", - აღნიშნა დავით ვაშაძემ.

რაც შეეხება ფილმებს, რომლებიც ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოში უცხოელებმა გადაიღეს, დავით ვაშაძის ინფორმაციით, მათი ჩამონათვალი ასეთია:

Girls of the Sun/მზის გოგონები

ფრანგი რეჟისორის ევა ჰუსონის ეს ფილმი ეკრანებზე 2018 წელს გამოჩნდება. მისი გადაღებები საქართველოში მიმდინარეობდა. როგორც დავით ვაშაძე განმარტავს, საქართველოში გადაიღეს ქურთისტანის ამსახველი ადგილები.

ფილმის სიუჟეტი ქურთსტანში ვითარდება, სადაც ორი განსხვავებული ქალის ისტორიაა მოთხრობილი. მთავარი გმირი ქურთების, კერძოდ, ქალთა ბატალიონის "მზის გოგონების ხელმძღვანელია", ფრანგი ჟურნალისტი მატილდა კი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს აშუქებს.

My Happy Family/ჩემი ბედნიერი ოჯახი

ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ამ ფილმა საქართველოში დიდი პოპულარობა მოიპოვა. ფილმი უკვე 11 ჯილდოს მფლობელია და 9 ნომინაციაში დასახელდა. გარდა ამისა, ის Netflix-მა იყიდა და უჩვენებს კიდეც.

როგორც დავით ვაშაძე განმარტავს, ფილმს საფრანგეთშიც დიდი წარმატება ხვდა წილად, ის 60 000-მა მაყურებელმა ნახა.

ფილმი ერთი ჩვეულებრივი ქართული ოჯახის შესახებ მოგვითხრობს, სადაც სამი თაობა ერთ ჭერქვეშ ცხოვრობს. ყველა შოკირებულია, როცა 52 წლის მანანა სახლიდან წასვლასა და მშობლების, ქმრისა და შვილების გარეშე ცხოვრებას გადაწყვეტს. დგება დრო, როცა ოჯახის წევრებმა ერთმანეთი ხელახლა უნდ გაიცნონ.

Halo of the Stars

ამერიკული წარმოების ამ ფილმში, რომელიც ასევე 2018 წელს გამოვა, მთავარ როლებს ლილი კოლინზი, ჰოლი გრეინჯერი, ლუკას ჰასი და სხვა ცნობილი მსახიობები ასრულებენ.

Machine

ინდური ფილმი Machine, რომლის გადაღებაც ძირითადად, ბათუმში, მესტიასა და რუსთავში მიმდინარეობდა, ეკრანებზე უკვე გამოვიდა და როგორც დავით ვაშაძე განმარტავს, ინდოეთში წარმატებაც ხვდა წილად.

სასიყვარულო ფილმის პრეზენტაცია 2017 წელს მუმბაიში შედგა. ფილმი ორი გოგოსა და ორი ბიჭის დაძაბული ურთიერთობის შესახებ მოგვითხრობს, რომლის მუსიკალურ და ქორეოგრაფიულ ნომრებში მონაწილეობას ქართველი მსახიობებიც იღებენ.

დავით ვაშაძის განმარტებით, ახალი ფილმების საქართველოში გადაღებასთან დაკავშირებით მუშაობა ჰოლივუდთანაც მიმდინარეობს, თუმცა შედეგები მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

რაც შეეხება მიმდინარე პროექტებსა და "გადაიღე საქართველოშის" ფარგლებში დახარჯულ თანხებს, "აწარმოე საქართველოში" იუწყება, რომ პროგრამის დაწყებიდან, სააგენტოში "აწარმოე საქართველოში" 9 განაცხადი შევიდა, საიდანაც გადაღებები 7 ფილმზე უკვე დასრულდა, დამატებით 2 ფილმზე კი გადაღებები ამჟამად მიმდინარეობს.

"“შემოსული პროექტებიდან ოთხი ინდური კინოპროდუქციაა, ერთი ქართულ-გერმანულ-ფრანგული კოპროდუქციაა, ერთი ქართული, ქართულ-ფრანგულიც, ქართულ-ნორვეგიული და ერთიც კი ამერიკული. სწორედ აღნიშნული 9 ფილმის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 15 მლნ ლარზე მეტია, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა 1800 ადამიანს აღემატება", - განმარტებულია პროექტის ვებ-გვერდზე.

myquiz