ელტონ ჯონის პირველი კომენტარი საქართველოში გადადებულ კონცერტებზე | Allnews.Ge

ელტონ ჯონის პირველი კომენტარი საქართველოში გადადებულ კონცერტებზე

ძალიან ვწუხვარ, რომ საქართველოში დაგეგმილი კონცერტები გადაიდო, მოუთმენლად ველოდები საქართველოში ჩამოსვლას, - გამოცემა Marshall Arts -ის ინფორმაციით, ამის შესახებ მომღერალმა და კომპოზიტორმა ელტონ ჯონმა საქართველოში დაგეგმილი კონცერტების გადადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

"ძალიან ვწუხვარ, რომ საქართველოში დაგეგმილი კონცერტები გადაიდო. დეივის დაკვრა არ შეუძლია, მაგრამ ის მალე დაბრუნდება. ჩვენ კონცერტებს მომავალ წელს გავმართავთ და მოუთმენლად ველოდებით საქართველოში ჩამოსვლას. შევხვდებით ძალიან მალე", - განაცხადა ელტონ ჯონმა.

ბრიტანელი პოპ და როკ-მუსიკოსის, მომღერლისა და კომპოზიტორის, ელტონ ჯონისა და მისი ბენდის კონცერტები საქართველოში 16-17 სექტემბრის ნაცვლად, 2018 წლის 30 ივნისსა და 1-ელ ივლისს ჩატარდება.

საქართველოში დაგეგმილი კონცერტების თარიღების ცვლილების მიზეზი ელტონ ჯონის ბენდის გიტარისტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გახდა. დევი ჯოუნსთოუნი ელტონ ჯონის ბენდში 1972 წლიდან უკრავს – ჯგუფის შეუცვლელი წევრი და მუსიკალური დირექტორია.

16 და 17 სექტემბრის კონცერტების ბილეთების მფლობელები, 30 ივნისისა და 1-ელი ივლისის კონცერტებზე დასწრებას ამავე ბილეთებით შეძლებენ – 16 სექტემბრის ბილეთები გადადის 30 ივნისს, ხოლო 17 სექტემბრის ბილეთები – 1-ელი ივლისის კონცერტზე.

სურვილის შემთხვევაში, 2017 წლის 20 სექტემბრიდან 20 ნოემბრამდე მომხმარებლებს შეუძლიათ დააბრუნონ ბილეთები და მიიღონ ბილეთების ღირებულების თანხა.

ამასთან, ბილეთების გაყიდვა განახლებული თარიღებით 20 სექტემბრიდან დაიწყება.

myquiz