06.09.2017 / 16:17
შრიფტის ზომა:

ჯოან როულინგი - ავტორი, რომლის ყველა ნაწარმოებიც ეკრანიზებულია და მისი ახალი დეტექტივი ქართულ ენაზე

ლეგენდარული "ჰარი პოტერის" ავტორი ჯოან როულინგი ბრიტანელი ავტორების იმ მცირე ჯგუფს შეუერთდა, რომელთა ყველა ნაწარმოებიც ეკრანიზებულია. მისი ბოლო ეკრანიზაციის პრემიერა BBC1-ზე შედგა. ეს არის ფსევდონომით, რობერტ გელბრეითის სახელით დაწერილი ტრილოგიის მიხედვით შექმნილი სატელევიზიო სერიალი.

ზოგადად, აღნიშნულ წარმატებას მხოლოდ გამონაკლისი ავტორები აღწევენ. ამ მხრივ, ჯოან როულინგი უკვე თამამად იკავებს ადგილს დები ბრონტეების, ჯეინ ოსტინისა და ჯორჯ ელიოტის გვერდით. საინტერესოა გენდერული ბალანსიც. მხოლოდ ორი მამაკაცი მწერალია - ჩარლზ დიკენსი და გრაჰამ გრინი, რომელთა ყველა ნაწარმოებიც, ასევე, ეკრანიზებულია.

როულინგს, ბრონტეებსა და ელიოტს კიდევ ერთი საერთო აქვთ. ისინი მამაკაცის ფსევდონიმით წერენ. როულინგმა ტრილოგია სწორედ მამაკაცის სახელით, რობერტ გელბრეითის ავტორობით გამოსცა. დიდ ბრიტანეთში ტრილოგიის პირველი ნაწილის გამოცემიდან ერთი წლის განმავლობაში არავინ იცოდა, რომ გელბრეითი ფსევდონიმია. მხოლოდ გარკვეული პერიოდის შემდეგ გახდა ცნობილი, რომ როულინგმა სრულიად სხვა ჟანრში სცადა ძალები და ეს საკმაოდ წარმატებით გამოუვიდა. აღნიშნულს ადასტურებს წიგნის გაყიდვების რაოდენობაც. ნაწარმოებმა პოპულარობა იმ პერიოდში მოიპოვა, ვიდრე მისი რეალური ავტორი გახდებოდა ცნობილი.

ტრილოგიის პირველი ნაწილი - "გუგულის ძახილი" ქართულ ენაზე უკვე თარგმნილი და გამოცემულია "პალიტრა L-ის" მიერ. გამომცემლობამ კრიმინალური რომანი "ტოპ თრილერის" სერიის ფარგლებში გელბრეითის ავტორობით გამოსცა. ასეთი იყო პირობა წიგნზე საავტორო უფლების აღების დროს. ნაწარმოებს საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. თუმცა წიგნის შეძენისას არც ქართველ მკითხველთა დიდმა ნაწილმა იცოდა, რომ ისინი რეალურად ჯოან როულიგის რომანს ყიდულობდნენ. ბევრისთვის სურპრიზი იყო წიგნის ყდის ქვეშ ავტორის შესახებ მინაწერი, რომ რობერტ გელბრეითი ჯოან როულინგის ფსევდონომია. დიახ, სწორედ ჯოან როულინგი. ნამდვილად, "ჰარი პოტერის" ავტორი.

ტრილოგიის მეორე ნაწილი, "აბრეშუმის ჭია" ქართულ ენაზე უკვე ითარგმნება და მისი პრეზენტაცია ნოემბერშია დაგეგმილი. ქართულ საზოგადოებაში წიგნს საკმაოდ დიდ გამოხმაურებას უწინასწარმეტყველებენ. მკითხველთა დიდი ნაწილი, უკვე ელოდება "აბრეშუმის ჭიის" და შემდგომ, ტრილოგიის მესამე ნაწილის გამოსვლას.

ტრილოგიის მეორე ნაწილში, საიდუმლოებებით მოცულ თრილერში კერძო დეტექტივი, კორმორან სთრაიქი ბრუნდება. როდესაც ოუენ ქუანი დაიკარგება, ცოლი მის მოსაძებნად კერძო დეტექტივს დაიქირავებს. თავდაპირველად მისის ქუანი ფიქრობს, რომ მისი ქმარი მხოლოდ რამდენიმე დღით წავიდა. ეს ხომ აქამდეც არა ერთხელ გაუკეთებია. მაგრამ ახლა დიდი ხნით და საეჭვოდ გაუჩინარდა. ამიტომაც მის დასაბრუნებლად კერძო დეტექტივს დაიქირავებს.

ქუანს იპოვნიან. თუმცა მკვდარს... მხეცურად ნაწამებს...
ვინ მოკლა ოუენ ქუანი? რა იყო მკვლელის მთავარი მოტივი?
სწორედ ამ სასტიკი მკვლელობის გამოძიებას იწყებს კორმორან სთრაიქი.

ამ ისტორიის ქართულ ენაზე წაკითხვა ნოემბრიდან იქნება შესაძლებელი.