05.09.2017 / 17:01
შრიფტის ზომა:

წიგნები, რომლებსაც ბესტსელერობას უწინასწარმეტყველებენ

ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ ჩემი შვებულების დროც დადგა. საკმაოდ რთული რეჟიმის გამო ნამდვილი დასვენება მჭირდებოდა და არა აქტიური შვებულება. ამიტომ მთაში წასვლა გადავწყვიტე. თბილისური სიცხისგან თავმობეზრებულმა სიამოვნებით ჩავილაგე თბილი სვიტრები და გავუდექი ჩემს გზას. არა მანამდე კიდევ ერთი რაღაც გავაკეთე... ინტერნეტში კარგად გადავათვალიერე ბოლო პერიოდში ქართულ ენაზე ნათარგმნი წიგნები და შევარჩიე 2 მათგანი, რომლებსაც თან წავიღებდი. არჩევანი საქართველოში ნაკლებად ცნობილ თანამედროვე ავტორებზე შევაჩერე. გზად წიგნის მაღაზიაში გავიარე. წიგნებთან ერთად დღიურიც ვიყიდე. ზაფხული ხომ კითხვისა და წერისთვის საუკეთესო დროა.

ახლა კი მინდა ჩემს რჩეულ წიგნებზეც მოგიყვეთ. პირველი მათგანი კრისტინ ჰანას "ბულბულია". Golden Heart-ის სახელობის პრემიის ლაურეატი მწერალი უამრავი პრიზის მფლობელი და 20-ზე მეტი ბესტსელერის ავტორია. "ბულბული" კი მისი საუკეთესო ბლოკბასტერია, რომელიც 40-მდე ენაზეა თარგმნილი. კინოკომპანია TreStar Pictures-მა კი მისი ეკრანიზაციაც მოახდინა. "ბულბული" 2015 წელს "ამაზონმა" და სხვა ჟურნალებმა საუკეთესო წიგნად აღიარეს. რომანმა Goodreads-ისა და "მკითხველთა არჩევნის" პრიზი მოიპოვა. მისი აუდიოწიგნი კი წლის მთავარი ჯილდოს მფლობელი გახდა ბელეტრისტიკის კატეგორიაში.

რომანი გვიყვება ომზე, რომელიც ანგრევს ყველაფერს: ქალაქებს, სოფლებს, ურთიერთობებს... 1939 წელს საფრანგეთში ნაცისტური გერმანია შეიჭრა. ომმა მყუდრო სოფელ კარივომდეც მიაღწია. ამ სოფელში კი ორი პარიზელი და ცხოვრობს, რომლებიც დედის სიკვდილისა და მამის გულგრილობის გამო გაუცხოებული არიან. მათ იმდენი რამ აქვთ ერთმანეთისთვის სათქმელი, მაგრამ წინ ჯერ შიში, შიმშილი, დამცირება, ფარული ბრძოლა და ტანჯვა ელით... და კიდევ, ერთმანეთის პოვნის, აღმოჩენის სიხარული და რწმენა, რომ სამშობლოსა და ადამიანური სიყვარული ბოროტებას ყოველთვის დაამარცხებს.

ესაა რომანი, რომლის აუცილებლად წაკითხვასაც გირჩევთ არა მხოლოდ მე, არამედ მსოფლიოს გავლენიანი გამოცემები. The Oprah Magazine "ბულბულის" შესახებ წერს: "ეს არის მშვენივრად დაწერილი მოგონებების აღმძრავი კვლევა ცხოვრებისა, სიყვარულისა, მძვინვარე ომისა და ბოროტებასთან ბრძოლის განსხვავებული გზებისა. ეს არის ამბავი ადამიანების მიერ გაღებულ საშინელ მსხვერპლზე. ეჭვი არ არის, რომ ეს რომანი დიდ ჰიტად იქცევა".

ამ და სხვა მრავალი მსგავსი შეფასების წაკითხვამ გადამაწყვეტინა "ბულბულის" წაკითხვა. მინდოდა წაკითხული მქონოდა წიგნი, რომელსაც გაჰიტებას უწინასწარმეტყველებდნენ.

ჩემი მეორე რჩეული კი შვედი მწერლისა და ბლოგერის ფრედრიკ ბაკმანის რომანია "კაცი, სახელად უვე". მხოლოდ სკანდინავიაში ამ წიგნის ნახევარი მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა. მსოფლიო მასშტაბით კი 6.5 მილიონი წიგნია გაყიდული. ბაკმანის რომანი 43 ენაზეა ნათარგმნი. გადაღებულია იმავე სახელწოდების ფილმი, რომელიც ოსკარის ორ ნომინაციაზე იყო წარდგენილი.

წიგნის დაწერის ისტორიის გაგების შემდეგ კი დადასტურებით გადავწყვიტე მისი წაკითხვა. თურმე რომანის მთავარი პერსონაჟი მწერლის ბლოგში დაიბადა. შემდეგ კი გამოკითხვაში ათასზე მეტმა მკითხველმა მისცა ხმა, რომ დაწერილიყო რომანი კაცზე, სახელად უვე.

ასე დაწერილა წიგნი, რომელსაც საოცარი გამოხმაურება მოჰყვა. მსოფლიოს ლიდერი გამოცემები ერთმანეთზე უკეთეს შეფასებას აქვეყნებდნენ წიგნზე.
"ეს არის თბილი, ნაზი ამბავი სიყვარულზე, დანაკარგზე, შესაძლებლობებზე. მასში დასამახსოვრებელ პერსონაჟებს ვხვდებით განსხვავებული ხასიათითა და შავი იუმორით. ამ წიგნის წაკითხვა თავიდან ბოლომდე სიამოვნებაა". - Sunday Express

ეს სახალისო წიგნი ფენტეზის ჟანრის ყველაზე სერიოზულ მკითხველსაც კი მოხიბლავს. წიგნი სასიამოვნო საკითხავია". - San Francisco Chronicle

"ნამდვილად მომხიბვლელი რომანია. თქვენ იცინებთ, იტირებთ, თანაგრძნობას გამოიჩენთ... შეიძლება სკანდინავიაშიც კი მოგინდეთ საცხოვრებლად გადასვლა. იქ ხომ ყველაფერი საყვარელია?!"- People

"ამ რომანის პატარ-პატარა თავები ერთი დამოუკიდებელი მოთხრობაა. მათი გაერთიანებით კი მივიღეთ ულამაზესი, სახალისო, სიკეთით სავსე რომანი. შესანიშნავია! ჩვენში - ყველაში რაღაც დოზით ცხოვრობს უვე". - Publishers weekly

ასეთია ჩემი რჩეული წიგნები, რომლებმაც დასვენება ნამდვილად გამილამაზეს. თუ თქვენ ჯერ კიდევ არ წაგიკითხავთ ისინი, დამიჯერეთ, წინ დიდი სიამოვნება გელით.