რა იცვლება "შავი სიის" გაუქმებით მომხმარებლებისთვის? | Allnews.Ge

რა იცვლება "შავი სიის" გაუქმებით მომხმარებლებისთვის?

სექტემბრიდან ე. წ. შავი სიის ტერმინი გაუქმდება. ეს კი იმას ნიშნავს რომ საფინანსო ინსტიტუტებს მომხმარებლებისთვის ნეგატიური სტატუსის მინიჭების შესაძლებლობა აღარ ექნებათ. საკითხზე ეროვნული ბანკი მუშაობს. რა იცვლება 630 000-მდე მომხმარებლისთვის, რომლებსაც ნეგატიური სტატუსი აქვთ, ამ საკითხზე Allnews.ge "საზოგადოება და ბანკების" საბანკო პროდუქტების ექსპერტ ანი ალიბეგაშვილს ესაუბრა.

"კრედიტინფოს მონაცემთა ბაზაში შედის ცვლილება და ნეგატიური ჩანაწერის ანულირება ხდება. ეს არ გულისხმობს იმას, რომ მომხმარებლებს რომლებსაც ჰქონდათ ნეგატიური საკრედიტო ისტორია, სტატუსი გაუუმჯობესდებათ და მომავალში სესხებით სარგებლობას მარტივად შეძლებენ. რა თქმა უნდა, ყველა ხელშეკრულება, რომელიც ფინანსურ ინსტიტუტებთანაა გაფორმებული, იქნება შესასრულებელი და მომხმარებლებს მოუწევთ სესხის გრაფიკის მიხედვით დაფარვა", - აღნიშნავს ალიბეგაშვილი.

მისივე განმარტებით, ნეგატიური სტატუსის გაუქმება უფრო მეტად პროგრამული ცვლილებაა და იმ საფინანსო ინსტიტუტებისთვისაა განკუთვნილი, რომლებიც "კრედიტინფოსთან" თანამშრომლობენ.

"იქნება ერთი სტანდარტული ამონაწერი, რომელშიც მომხმარებლის შესახებ ყველა სახის ინფორმაცია გაერთიანდება და ფინანსური ინსტიტუტები მხოლოდ ერთი ველის გახსნის შემთხვევაში მიიღებენ ინფორმაციას ამა თუ იმ მსესხებლის რეიტინგზე, მათ მიმდინარე ვადაგადაცილებასა და სხვა საჭირო მონაცემებზე", -აღნიშნავს ანი ალიბეგაშვილი.

ALLNEWS.GE "კრედიტინფო საქართველოსაც" დაუკავშირდა, თუმცა ორგანიზაციაში ამ ეტაპზე საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. "კრედიტინფოს" გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ ახალი წესების საბოლოო სახის გამოქვეყნებამდე დამატებითი ინფორმაციის გაცემას არ აპირებენ.

myquiz