რუსეთმა საკუთარი ოფშორები შექმნა - რას სთავაზობს იგი კომპანიებს? | Allnews.Ge

რუსეთმა საკუთარი ოფშორები შექმნა - რას სთავაზობს იგი კომპანიებს?

რუსეთის სახელმწიფო დუმამ სპეციალური ადმინისტრაციული რაიონების - ფაქტობრივად ოფშორების - ჩამოყალიბების შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო. ადმინისტრაცული რაიონები კუნძულებზე - რუსკი და ოკტიაბრსკი შეიქმნება. ბიზნესს საგადასახადო და სხვა სახის შეღავათებს სთავაზობენ.

ოფშორების შესახებ ჯამში 7 კანონპროექტია მომზადებული. ისინი პარლამენტში 15 ივნისს შეიტანეს, მათი პირველი მოსმენა 18 ივლისს გაიმართა. მეორე მოსმენისთვის კანონპროექტში მნიშვნელოვანი შესწორებები იქნა შეტანილი. "ინტერფაქსის" ინფორმაციით, მათი მომზადება დაჩქარებული წესით მიმდინარეობდა. მათი დამტკიცება კი პლენარული სხდომის წინ, 25 ივლისს დილით დახურულ რეჟიმში მოხდა.

გამოცემა "ვედომოსტი" შესწორების მთავარ არსს განმარტავს - კანონში ჩაწერილი უნდა იყოს, რომ ოფშორში დარეგისტრირებას მხოლოდ უცხოური იურიდიული პირი შეძლებს. პირველი მოსმენისას დაკონკრეტებული არ იყო, რომ ეს უცხოური კომპანია უნდა ყოფილიყო, რამაც გამოცემის თქმით, რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკი შეაშინა, რომელიც ხელისუფლებას რუსული კომპანიების მასობრივ ხელახალ რეგისტრაციაზე აფრთხილებდა.

BBC-ის რუსული ბიუროს განმარტებით, რუსეთში ოფშორები იმისთვის შეიქმნა, რომ რუსმა ბიზნესმენებმა საზღვარგარეთ არსებული აქტივების ხელახალი რეგისტრაცია ამერიკის შეერთებული შტატების სანქციების ახალი ტალღის ფონზე შეძლონ, რომლებიც აპრილის დასაწყისში ოლეგ დერიპასკას და ვიქტორ ვექსელბერგის ბიზნესებს შეეხო.

ოფშორებით სარგებლობისთვის დარეგისტრირებიდან ნახევარი წლის განმავლობაში სულ მცირე 50 მილიონი რუბლის, თითქმის 800 ათასი დოლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელებაა აუცილებელი. კანონპროექტის პირველი მოსმენისას არც ეს თანხა ყოფილა დაკონკრეტებული.

ოფშორებზე დარეგისტრირებას მხოლოდ ის კომპანიები შეძლებენ, რომლებიც 2018 წლის იანვრამდე შეიქმნენ.
ოფშორებში დაბალი გადასახადი და სახელმწიფო უწყებების შესუსტებული კონტროლი იქნება, კომპანიები კი ვალუტის კონტროლისგან გათავისუფლდებიან და შეზღუდვის გარეშე შეძლებენ ვალუტასთან დაკავშირებული ნებისმიერი ოპერაციის განხორციელებას.

"ინტერფაქსი" ცოტა ხნის წინ აცხადებდა, რომ დერიპასკას კომპანიამ შეიძლება ოფშორებში რეგისტრაციის შესაძლებლობით ისარგებლოს. ეკონომიკური განვითარების მინისტრის მაქსიმ ორეშკინის განმარტებით, კი ამ საკითხისადმი ინტერესს სხვა ბიზნესმენებიც აქტიურად იჩენენ.

როდის ამუშავდება რუსული ოფშორები?

სპეციალური ადმინისტრაციული რაიონები, შესაძლოა უკვე მიმდინარე წლის სექტემბერ-ოქტომბერში ამუშავდეს - განაცხადა ორეშკინმა.

"სპეციალისტების მიახლოვებითი გამოთვლებით, ინვესტიციების რაოდენობა 1 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს.

წარმოგიდგენთ ოფშორების მუშაობის ძირითად პრინციპებს, რომელთა სესახებაც მინისტრი ორეშკინი საუბრობდა:

• საზღვარგარეთ არსებულ ოფშორებში მომუშავე კომპანიებს შეეძლებათ თავისი ჰოლდინგი მთლიანად გამოიტანონ რუსულ ოფშორში, ამასთანავე მინისტრის თქმით, ამას სულ რამდენიმე დღე დასჭირდება.

• ეს იმ კომპანიებს, რომლებიც რუსეთში დაბრუნებას გადაწყვეტენ ეკონომიის გაკეთების საშუალებას მისცემს, რადგან აქამდე კომპანიის რუსეთში ხელახალი დარეგისტრირებისთვის ბიზნესმენებს სხვა ქვეყანაში ფირმის ლიკვიდირება და მისი ყველა ვალდებულების დაფარვა უწევდათ.

• ახალი სქემის თანახმად, კომპანია, რომელიც რუსულ ოფშორში თავიდან დარეგისტრირდება, მუშაობის გაგრძელებას და ბანკებთან არსებული ყველა კონტრაქტისა და ვალდებულების შენარჩუნებას შეძლებს.

• საგადასახადო სისტემა რუსულ ოფშორში ისეთივე იქნება, როგორიც უცხოურში.

• ხელახალი დარეგისტრირების შემდეგ კომპანიებს რუსულ ბირჟაზე შესვლა შეეძლებათ.

• ორეშკინის განმარტებით, კანონპროექტში გაწერილია, რომ ამ ზონებისთვის განსაკუთრებული რეჟიმი 10 წლის განმავლობაში იმოქმედებს, თუმცა მისი გახანგრძლივებაც შესაძლებელი იქნება.

ეკონომიკის მინისტრს, ბიზნესმენების მხიდან ინტერესის გამჟღავნებაზე საუბრისას, კონკრეტული კომპანიები არ დაუსახელებია. მინისტრის თქმით, რეგისტრაციების დიდ რაოდენობას არც ელიან თუმცა იმედოვნებენ, რომ გარკვეული კომპანიები ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ და სხვებსაც მაგალითს აჩვენებენ.

"ამ გაურკვევლობაზე ყველა არ არის მზად რომ წავიდეს. ისინი, რომლებიც გარკვეულწილად კარგ მდგომარეობაში არიან დაიცდიან და დააკვირდებიან რა ბედი ეწევათ სხვა კომპანიებს", - განმარტა თავისი პოზიცია ეკონომიკის მინისტრმა.

ორეშკინის თქმით, მაღალჩინოსნები ამ საკითხთან დაკავშირებით კომპანიების წარმომადგენლებთან მლაპარაკებას აწარმოებენ, თუმცა ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, კომპანიების კვლავ რუსეთში "შეტყუების" პროცესი ჯერჯერობით წარუმატებლად მიმდინარეობს.

myquiz