2019 წლიდან თბილისში ბინების ფასი ერთ კვადრატულ მეტრზე 100 დოლარით მოიმატებს | Allnews.Ge

2019 წლიდან თბილისში ბინების ფასი ერთ კვადრატულ მეტრზე 100 დოლარით მოიმატებს

2019 წლიდან თბილისში ბინების ფასი ერთ კვადრატულ მეტრზე 100 დოლარით მოიმატებს, - ამის შესახებ Allnews.ge-ს კომპანია "არსის" ფინანსურმა დირექტორმა, თორნიკე აბულაძემ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, გაძვირებას გამოიწვევს 2017 წლის პირველ იანვარს ამოქმედებული საქართველოს მთავრობის 41-ე დადგენილება "შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების წესების" დამტკიცების თაობაზე.

"ამ შემთხვევაში საუბარია არა მუშებზე, არამედ სახლში დაცულ უსაფრთხოების ნორმებზე, მას შემდეგ, რაც ექსპლუატაციაში შევა, რომ  მაგალითად, რაც სასტუმრო "ლეოგრანდში" მოხდა, ისეთი რამ არ განმეორდეს. მკაცრი სტანდარტი ამასთან დაკავშირებით აქამდე არ არსებობდა. ახალმა რეგულაციამ სტანდარტი ძალიან გაამკაცრა. პროექტებს, რომლებიც 2017 წლის პირველ იანვრამდე იყო დამტკიცებული, აღნიშნული კანონი არ ეხება, იმ შემთხვევაშიც არ შეეხება, თუ პროექტში ცვლილებები შევა. თუმცა, თუ პროექტის დამტკიცება 2017 წლის პირველი იანვრის შემდეგ მოხდა, მას ეს მკაცრი სახანძრო უსაფრთხოების წესები შეეხება. პროექტში ყველა ნორმა უნდა იყოს გათვალისწინებული და ვერ დამტკიცდება, თუ მას არ ერთვის ექსპერტიზის დასკვნა, უფრო კონკრეტულად, სპეციალისტმა უნდა შეამოწმოს ყველაფერი 41-ე დადგენილების მიხედვით არის თუ არა გათვალისწინებული. შესაბამისად, გარკვეული პროექტებს 2017 წლის 1 იანვრის შემდეგ დამტკიცების პროცესში პრობლემები შეექმნა, რადგან ექსპერტიზის დასკვნის მოსამზადებლად ექსპერტები არ იყო", - განმარტა თორნიკე აბულაძემ.

"არსის" ფინანსური დირექტორის ინფორმაციით, თითქმის არცერთი ნაგებობის სამშენებლო სამუშაოები, რომლებზეც ახალი უსაფრთხოების ნორმები ვრცელდებოდა, დასრულებული არ არის.

"ცხადია, ამ პროცესების გამო მშენებლობების რაოდენობა შემცირდა, რადგან დამტკიცებული პროექტების რაოდენობა შემცირდა. მაგალითად, რომ ავიღოთ, 2017 წლის, 2018 წლისა და 2015 წლის პირველი თვეები, მშენებლობების რაოდენობით რადიკალურად განსხვავებული სიტუაცია იქნება. კონკრეტულად, 2015 წლის პირველ ნახევარში ყველაზე მეტი ნებართვაა გაცემული, ხოლო 2017 წელს ყველაზე ნაკლები ახალი ნებართვაა გაცემული, რადგან ერთგვარი კრიზისი იყო, როცა ახალი კანონი შემოვიდა", - განმარტა მან.

2017 წლის 1 იანვარში ამოქმედებულმა რეგულაციამ ბინების გაძვირება აქამდე არ გამოიწვია, ვინაიდან თორნიკე აბულაძის თქმით, ამჟამად ბაზარზე ძირითადად, ისეთი პროექტები იყიდება, რომელთა მშენებლობაზეც ნებართვა 2017 წლის 1 იანვრამდეა გაცემული.

მისივე თქმით, 2017 წლის 1 იანვრის შემდეგ აშენებული ბინების ფასები მოიმატებს, რადგან ბინების გაძვირების ტენდენცია ყველა მათგანს შეეხება.

myquiz