"შტადლერი" საქართველოში მატარებლების ქარხნის აშენებას გეგმავს | Allnews.Ge

"შტადლერი" საქართველოში მატარებლების ქარხნის აშენებას გეგმავს

მატარებლების მწარმოებელი მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი, შვეიცარიული კომპანია "შტადლერი" საქართველოში რეგიონული ქარხნის აშენებას გეგმავს. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა და თბილისის მერია ავრცელებენ.

დღეს, თბილისის მერიას, "საქართველოს რკინიგზასა" და შვეიცარიულ კომპანია "შტადლერს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

როგორც "საქართველოს რკინიგზის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განგვიმარტეს, აღნიშნულ მემორანდუმს 6 თვის განმავლობაში აქვს ძალა და სწორედ ამ პეროდში უნდა გაფორმდეს საბოლოო კონტრაქტი.

დოკუმენტს ხელი თბილისის მერმა, კახა კალაძემ, კომპანია "შტადლერის" მფლობელმა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, პეტერ შპულერმა და "საქართველოს რკინიგზის" გენერალურმა დირექტორმა, დავით ფერაძემ მოაწერეს.

მემორანდუმის გაფორმებამდე, მხარეებს შორის შეხვედრა გაიმართა, სადაც მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. შეხვედრას თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე და "საქართველოს რკინიგზის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, კონსტანტინე გუნცაძე ესწრებოდნენ.

დედაქალაქის მერის განცხადებით, ახალი ქარხნის მშენებლობა სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანია.

"შტადლერთან" მემორანდუმს მოვაწერეთ ხელი, რომელიც მოლაპარაკებების დაწყებას ითვალისწინებს, რომ საქართველოში მეტროს ვაგონებისა და რკინიგზის სამგზავრო ვაგონების აწყობა-წარმოების ქარხნის აშენება შევძლოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ახალ სამუშაო ადგილებს შევქმნით. ასევე, მნიშვნელოვანია სატრანსპორტო მიმართულებით, რადგან ახალი ავტობუსების შემოყვანა და სამგზავრო ვაგონების განახლება გვაქვს დაგეგმილი. დედაქალაქს ახალი, თანამედროვე, ევროპული ტიპის "შტადლერის" მარკის ვაგონები ეყოლება. ამ მიმართულებით, მგონია, რომ შეთანხმებას საბოლოოდ მივაღწევთ", - განაცხადა კახა კალაძემ.

"საქართველოს რკინიგზაში" ქარხნის მშენებლობის დაწყების ზუსტი თარიღის თქმა ვერ შეძლეს, თუმცა დაადასტურეს, რომ ინტერესი საკმაოდ დიდია.

კომპანია "შტადლერს" საქართველოში ორსართულიანი მატარებლის - "შტადლერ ქისის" სახით, რეალიზებული პროექტი უკვე აქვს. აღნიშნული მატარებლები თბილისი-ბათუმის-თბილისის მიმართულებით მოძრაობს და ევროპის უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი ხარისხით გამოირჩევა.

"რამდენიმე წლის წინ, საქართველოს ორი ორსართულიანი მატარებელი მივაწოდეთ. ახლა საუბარია იმაზე, რომ საქართველოში ერთობლივი საწარმო გაიხსნას, სადაც მეტროს ახალი ვაგონების აწყობა, ტექნიკური მომსახურება და ექსპლოატაციაში გაშვება მოხდება", - განაცხადა პეტერ შპულერმა.

ვინაიდან, შვეიცარიული კომპანიისთვის არსებული ბიზნესგარემო მიმზიდველი აღმოჩნდა, "შტადლერმა" საქართველოში რეგიონული ქარხნის აშენების გადაწყვეტილება მიიღო. აღსანიშნავია, რომ კომპანიას მსოფლიოს თითქმის ყველა კონტინენტზე სხვადასხვა სიმძლავრის საწარმო გააჩნია.

რისთვისაც საქართველოს რკინიგზამ, თბილისის მერიამ და შვეიცარიულმა "შტადლერმა" ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. კომპანია "შტადლერს" უკვე აქვს საქართველოში რეალიზებული პროექტი "შტადლერ ქისის" ტიპის ორსართულიანი ოთხი ერთეული მატარებლის სახით, აღნიშნული მატარებლები თბილისი-ბათუმის მიმართულებაზე მოძრაობენ, ისინი ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე და სრულად პასუხობს უსაფრთხოებისა და კომფორტის ევროპულ თანამედროვე სტანდარტებს.

შვეიცარიული კომპანიისთვის მიმზიდველი აღმოჩნდა საქართველოში არსებული ბიზნეს გარემო და საქართველოს მთავრობის, საქართველოს რკინიგზისა და თბილისის მერიის მხარდაჭერით გეგმავს რეგიონული საწარმოს პროექტის რეალიზებას.

ამგვარი მაღალტექნოლოგიური საწარმოს აშენება უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის გაზრდისთვის. კომპანია "შტადლერი" აწარმოებს როგორც სარკინიგზო სამგზავრო მატარებლებს, ასევე მეტროსა და ტრამვაის შემადგენლობებს და მას მსოფლიო მასშტაბით გააჩნია სხვადასხვა სიმძლავრის საწარმოები.

საქართველოში წარმოებული პროდუქცია განკუთვნილი იქნება როგორც ლოკალური, ასევე რეგიონული ბაზრისათვის.

კომპანია საქართველოდან უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი მატარებლებით რეგიონის მომარაგებას გეგმავს.

myquiz