განვადების შესახებ ახალმა რეგულაციებმა ავტომობილების გაყიდვაზე გავლენა მოახდინა | Allnews.Ge

განვადების შესახებ ახალმა რეგულაციებმა ავტომობილების გაყიდვაზე გავლენა მოახდინა

ავტომობილების რეალიზატორი კომპანიების ნაწილის ინფორმაციით, 7 მაისიდან ამოქმედებული რეგულაციების შედეგად, რომლის მიხედვითაც შემოსავლების დადასტურების გარეშე კომერციულ ბანკებს სესხის გაცემა ან განვადება ეზღუდებათ, ავტომობილებზე მოთხოვნა შემცირდა.

როგორც Allnews.ge-ს "ფოლკსვაგენის" გაყიდვების მენეჯერმა, ზურაბ ქურჩიშვილმა განუმარტა, ახალმა რეგულაციებმა კომპანიის მიერ ავტომობილების რეალიზაციაზე უარყოფითად იმოქმედა, რადგან ხშირ შემთხვევაში მომხმარებლებს განვადებას არ უმტკიცებენ.

"100%-ით ვერ ვიტყვი, რომ შეიძლება, ჩვენ ავტომობილებს აღნიშნული რეგულაციის გამო ვერ ვყიდდეთ, მაგრამ ჯერ რაც შეგვიძლია ვთქვათ, არის ის, რომ კლება გვაქვს. ახალმა რეგულაციამ ჩვენზე ძალიან ცუდი ზეგავლენა მოახდინა. ჩემდა გასაკვირად, ხშირ შემთხვევაში, მომხმარებელს განვადებას არ უმტკიცებენ", - განმარტა მან.

"ჯი-თი მოტორსშიც" ადასტურებენ, რომ შედარებით ხელმისაწვდომ ავატომობლებზე, მაგალითად, Suzuki-სა და Ford-ის გაყიდვებზე ახალმა რეგულაციამ გავლენა იქონია, თუმცა ეს არ ეხება ძვირად ღირებული ავტომობილების რეალიზაციას.

"აღნიშნულმა რეგულაციებმა რეალურად, ზეგავლენა იქონია. როგორც ბანკის თანამშრომლებმა განმიმარტეს, როდესაც მომხმარებლები იგებენ, რომ განვადების ისეთივე მარტივი პირობებით ვეღარ ისარგებლებენ, როგორითაც აქამდე სარგებლობდნენ, ამ სერვისის მიღება აღარ უნდათ. მიუხედავად იმისა, რომ აქამდე ასეთი მკაცრი რეგულაცია არ არსებობდა, დარღვევები ან შეფერხება მაინც არ ყოფილა, ყველაფერი ნორმალურ რეჟიმში იყო. ჩვენი სპეციფიკიდან გამომდინარე, ალბათ აღნიშნული რეგულაციის საჭიროება არ იყო, მომხმარებელს თავიდან პირველი შენატანი შემოჰქონდა ხოლმე და შემდეგ ყოველთვიურად გარკვეული თანხა და როგორც ასეთი, დარღვევის ფაქტები არ დაფიქსირებულა, შესაბამისად, მგონია, რომ ეს ცვლილება მომხმარებელს მომსახურების მიღებას ურთულებს და დამატებით ბიუროკრატიასთან არის დაკავშირებული,"- განმარტა კომპანიის წარმომადგენელმა.

"ტოიოტა ცენტრი თეგეტას" კომერციული დირექტორი, გიორგი კობახიძე კი განმარტავს, რომ ახალ რეგულაციებს პროდუქციის გაყიდვებზე ზეგავლენა არ მოუხდენია, რადგან, ვისაც ავტომობილის განვადებით შეძენა სურს, მას შემოსავლების დადასტურების ვალდებულებაც აქვს, თუმცა რეგულაციებმა შესაძლოა, ბიზნესზე ირიბად მაინც იმოქმედოს.

"ტოიოტა ცენტრი თეგეტას" მსგავსად, "რენოსა" და "ჰონდაშიც" განმარტავენ, რომ ეროვნული ბანკის ახალ რეგულაციას კომპანიის გაყიდვებზე ზეგავლენა არ მოუხდენია, თუმცა ამ მხრივ გარკვეული მოლოდინები მაინც არსებობს.

"ჩვენს გაყიდვებზე არ ასახულა, რადგან ბოლო 2-3 თვეში ბანკის განვადება არ გვქონია გაკეთებული, არც განაცხადები შეგვივსია, რომ შემდეგ პასუხებით შედეგებზე გვემსჯელა. სწორედ ამიტომ ჩვენი პასუხი იქნება ის, რომ რეალურად, არ ვიცით, ჩვენზე აისახა თუ არა. აღნიშნული რეგულაციები, სავარაუდოდ, გარკვეულწილად ავტომობილებსაც შეეხებოდა, თუმცა სიმართლე რომ გითხრათ, ძველ პრაქტიკას რომ გადავხედოთ, თუ ადამიანს დადასტურებული შემოსავალი არ ჰქონდა, ფიზიკურად იმისი საშუალებაც არ ექნებოდა, რომ მანქანა ეყიდა, იმიტომ, რომ თანამონაწილეობა ყოველთვის ისეთ თანხაზე ადის, რომ დაბალი შემოსავლის მქონე პირი მაინც ვერ ახერხებს ამ ნივთის შეძენას", - განმარტა "რენოს" გაყიდვების ხელმძღვანელმა, თამუნა მეტრეველმა Allnews.ge-სთან საუბარში.

"ჰონდას" ოფისისა და გაყიდვების მენეჯერის, ნინო ფერაძის ინფორმაციით, ახალ რეგულაციებს ქსელზე ჯერჯერობით ზეგავლენა არ მოუხდენია, რადგან 7 მაისის შემდეგ განვადებისთვის მომხმარებლებს კომპანიისთვის ჯერ არ მიუმართავთ.

"მიმაჩნია, რომ პირადად ჩვენ, ნაკლებად შეგვეხება, იმიტომ რომ ყველას, ვისაც ჩვენგან ავტომობილი ჰყავს გაყვანილი, შემოსავალს ადასტურებს და არავის პრობლემა არ ჰქონია", - აღნიშნა "ჰონდას" წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის მიერ მიღებული ახალი რეგულაციები გულისხმობს იმას, რომ თვითდასაქმებულებს, მაგალითად, ძიძებს, რეპეტიტორებს, ტაქსის მძღოლებს, პროფილაქტიკის ხელოსნებს, რომელთა შემოსავალიც ოფიციალურად არ ფიქსირდება, სესხის მისაღებად დამატებითი დოკუმენტაციის მიღება სჭირდებათ. ამასთან, განსაზღვრულია ლიმიტი, თუ რა ოდენობის სესხის მიღება შეუძლიათ. გარდა იმისა, რომ თვითდასაქმებულებს კომერციული ბანკიდან სესხის მისაღებად დამატებითი დოკუმენტების წარდგენა დასჭირდებათ, ასევე, საყოფაცხოვრებო ნივთების ან ტექნიკის განვადების წესით შეძენის დროსაც, იგივე პრინციპები მოქმედებს.

myquiz