თურქული ლირა რეკორდულად გაუფასურდა - რა პროცესები მიმდინარეობს საქართველოს მეზობელ ქვეყანაში? | Allnews.Ge

თურქული ლირა რეკორდულად გაუფასურდა - რა პროცესები მიმდინარეობს საქართველოს მეზობელ ქვეყანაში?

თურქული ლირა დოლართან მიმართებაში რეკორდულად გაუფასურდა. როგორც უცხოური მედია წერს, თურქული ეროვნული ვალუტის გაუფასურება მას შემდეგ დაიწყო, რაც ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთი მკვეთრად გაზარდა.

ბოლო მონაცემებით, 1 დოლარის ყიდვა დაახლოებით 4,68 ლირად არის შესაძლებელი.

ბევრი ინვესტორი ითხოვს, რომ საპროცენტო განაკვეთი უფრო მაღალი იყოს, რათა ინფლაციის მაჩვენებელი შემცირდეს.

BBC-ის ცნობით, საგანგებო შეხვედრაზე თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა საორიენტაციო დაკრედიტების განაკვეთი 13,5%-დან 16,5%-მდე გაზარდა.

"მიმდინარე ინფლაციის დონე და ინფლაციის მოლოდინები ფასის წარმოქმნაზე დიდ რისკებს ქმნის. ამის გამო კომიტეტმა გადაწყვიტა, ფასების სტაბილურობისთვის მონეტარული პოლიტიკა გაამკაცროს", - განმარტეს ცენტრალურ ბანკში.

როგორც BBC იუწყება, კრიზისი მას შემდეგ წარმოიქმნა, რაც თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ იგი 24 ივნისს დაგეგმილი არჩევნების შემდეგ ქვეყნის ფინანსებზე უფრო მეტი კოტროლის დაწესებას გეგმავს.

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საკუთარ თავს "საპროცენტო განაკვეთების მტერი" უწოდა. თურქეთის ვიცე-პრემიერმა, ბექირ ბოზდაღმა კი მიმდინარე კვირას განმარტა, რომ ლირის კოლაფსში საგარეო ფაქტორებს მიუძღვით წვლილი.

თუმცა, ოთხშაბათს მან სოციალურ ქსელ "ტვიტერში" დაწერა, რომ თურქეთის ცენტრალურ ბანკს მხარდაჭერას უცხადებს, - "ცენტრალური ბანკის მმართველი და მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის წევრები ყველაფერს აკეთებენ, რომ ლირისა და ფასების სტაბილურობას მივაღწიოთ. თურქეთის არცერთი მაკროეკონომიკური პრობლემა დაუძლეველი არ არის. ჩვენ წარსულში არსებული პრობლემები გადავჭერით და ამის გაკეთება ახლაც შეგვიძლია," - დაწერა მან.

პიტერ დიქსონი, "კომერცბანკის" ეკონომისტი განმარტავს, რომ ინვესტორები შეშფოთებულები იყვნენ იმ ფინანსურ გავლენასთან დაკავშირებით, რაც შეიძლება, ერდოღანის ხელში აღმოჩნდეს.

myquiz