რა შეზღუდვები უწესდება ლომბარდებს? | Allnews.Ge

რა შეზღუდვები უწესდება ლომბარდებს?

ინიციატივა ფინანსთა მინისტრმა გაახმაურა: "მოვისმინე ექსპერტების მოსაზრება, რომ თუ ადამიანი ლომბარდში თავის სახლს გარანტიის სახით ჩადებს და ფულს მიიღებს, შესაძლებელი იქნება, ბიზნესი დაიწყოს. ვის გაქვთ წარმოდგენა, რომ დალომბარდებული სახლიდან მიღებული თანხა შეიძლება სასტარტო კაპიტალად იქნას გამოყენებული? ცალსახად უნდა განისაზღვროს იმ აქტივების ჩამონათვალი, რომლებიც სალომბარდო საქმიანობაში არ უნდა მონაწილეობდეს". მართალია, მამუკა ბახტაძემ იქვე დასძინა, რომ "ეს კონსულტაციის შედეგი უნდა იყოს", მაგრამ ხელისუფლება რომ ლომბარდებისთვის შეზღუდვების დაწესებაზე მუშაობს, ეს ეროვნული ბანკის დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებებითაც ჩანს.

დღეს სალომბარდო საქმიანობა საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) რეგულირების სფეროს გასცდა. დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, დაწესებულებებს, რომლებიც სესხს 20-ზე მეტ პირზე გასცემენ, ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის ვალდებულება ექნებათ. 2018 წლის 1-ლ სექტემბრამდე სებ-მა ასეთ კომპანიებს რეგისტრაციის წესები უნდა დაუდგინოს, ხოლო რეგისტრაციის ვალდებულება მათთვის 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება. ცვლილებების შედეგად, სესხის გამცემი ყველა კომპანია, მათ შორის - ლომბარდები, ერთიან სტანდარტს დაექვემდებარება. ეროვნულ ბანკს ამ კომპანიებისთვის მომხმარებელთა უფლებების დასაცავად მოთხოვნების დაწესების უფლება ექნება, რაც ირიბად სწორედ იმას ნიშნავს, რაზეც ფინანსთა მინისტრი ლაპარაკობდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2017 წლის ბოლოს საქართველოში 875 ლომბარდი იყო რეგისტრირებული. აქ არ იგულისხმება ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, სადაც ასევე მუშაობს ლომბარდები. შარშან ლომბარდებმა 405,8 მლნ ლარის სესხი გასცეს. აქედან 96,4% ფიზიკურ, ხოლო 3,6% - იურიდიულ პირებზე მოდის. ეს სესხები აღებული ჰქონდა 609 ათასზე მეტ კლიენტს, რომელთა უმრავლესობა (606 ათასი) ფიზიკური პირი იყო. ლომბარდების 55,7% თბილისში მდებარეობს, 12,1% - იმერეთში, 9,9% - სამეგრელო-ზემო სვანეთში, 9,7% - აჭარაში, ხოლო დანარჩენი 12,6% - სხვა რეგიონებში.

"საქსტატის" მონაცემებით, ლომბარდების სალაროში ნაღდი ფულის მოცულობამ 2017 წლის ბოლოსთვის 23,8 მლნ ლარი შეადგინა, 79,8% - ეროვნული ვალუტით, 20,2% კი - უცხოური ვალუტით.

გასულ წელს ლომბარდების საბალანსო მოგებამ 47,6 მილიონი ლარი შეადგინა. ამ თანხის 73,1% თბილისზე მოდის.

სტატისტიკის სამსახურმა ლომბარდები დეტალურად ორჯერ - 2013 და 2017 წლებში გამოიკვლია. 2013 წელს რეგისტრირებული იყო 1031 ლომბარდი, ანუ მათი რაოდენობა ოთხ წელიწადში 156-ით შემცირდა, თუმცა თითქმის გაორმაგდა ნასესხები ფულის მოცულობა - 209,9 მილიონიდან 405,8 მილიონამდე.

სხვათა შორის, არც ერთ კვლევაში არ არის ნათქვამი, ლომბარდებში რამდენი სესხია გაცემული ბინისა და მანქანის უზრუნველყოფით. ამ სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ ზოგჯერ შესაძლოა, ბინისა და მანქანის უზრუნველყოფით ლომბარდმა დღეში 10-მდე სესხიც კი გასცეს. თუმცა, კვლევის გარეშე კონკრეტული მონაცემების განსაზღვრა შეუძლებელია.

ლია ელიავა, ექსპერტი საბანკო საკითხებში: "ლომბარდის მომსახურება მოსახლეობის ყველაზე ღარიბ ფენაზეა გათვლილი და წესით, როცა ფინანსური რესურსი სჭირდება, მას ხელი უნდა გაუმართოს, საცხოვრისის დაკარგვის საფრთხის წინაშე კი არ უნდა დააყენოს. მიუხედავად ამისა, ლომბარდებისთვის რაღაცის აკრძალვა გონივრული ნაბიჯი არ არის. ყველაზე სწორი და მარტივი იქნებოდა სალომბარდო სესხის მოცულობის შეზღუდვა, მაგალითად, ისე, როგორც მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის, სადაც სესხის მაქსიმალური ოდენობა 50 ათასი ლარია. შესაძლებელია, ლომბარდებშიც დაწესდეს სესხის მაქსიმალური ზღვარი და აღარც მანქანები ჩაიდება გირაოში და არც უძრავი ქონება, ლომბარდის საქმიანობა კი ცივილიზებულ სალომბარდო ბიზნესს დაემსგავსება".

ირაკლი ბერძენაძე, არასაბანკო ფინანსურ დაწესებულებათა ასოციაციის ხელმძღვანელი: "რაზეც ფინანსთა მინისტრი ლაპარაკობს, არ არის მხოლოდ ლომბარდების პრობლემა. საქართველოში ბევრი ბანკია, რომლებსაც უძრავი ქონების გარანტიით გაცემულ სესხებზე ძალიან მაღალი საპროცენტო განაკვეთები აქვთ, თითქმის ისეთივე, როგორიც ლომბარდებს. ამიტომ უნდა მოხდეს პრობლემის იდენტიფიცირება და გავარკვიოთ, ლომბარდები ქმნის პრობლემას და ხელს უწყობს მოსახლეობის გაღატაკება-გაღარიბებას, თუ მაღალი პროცენტით გაცემული სესხები და მსესხებლის გადახდისუნარიანობის შეუფასებლობა.

მხოლოდ ლომბარდებისთვის შეზღუდვების დაწესებით სალომბარდო ბიზნესს შემოსავალი შეუმცირდება და ბევრიც დაიხურება. გასათვალისწინებელია, რომ საქართველოში იპოთეკურ სესხებზე ვადაგადაცილების მაჩვენებელი ძალიან მაღალია, ლომბარდების შემოსავლები კი, ძირითადად, საჯარიმო სანქციებიდან მიღებული თანხებით ფორმირდება და რეგულაციების დაწესება პირდაპირ აისახება მათ შემოსავლებზე. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ლომბარდში მიდის ის ადამიანი, ვინც ბანკისგან უარი მიიღო და თუ ლომბარდიც უარს ეტყვის, მას სხვა გამოსავალი არ რჩება - უნდა მივიდეს კერძო მევახშეებთან.

ვიღაც იკითხავს: "უძრავი ქონებისა და ავტომობილების გარდა, ლომბარდები ოქროსა და ტექნიკასაც იბარებენ და რატომ არ შეუძლიათ, საქმიანობა ამ მიმართულებით განაგრძონ?" ტექნიკის ლომბარდი ცალკე, სპეციფიკური და არარენტაბელური საქმიანობაა. ოქროს ლომბარდის საპროცენტო განაკვეთები კი საქართველოში არაგონივრულად დაბალია. მაგალითად, აზერბაიჯანში ოქროს ლომბარდის ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი 4-6%-ია, საქართველოში კი ეს მაჩვენებელი 1-1,5%-ია. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ ლომბარდებისთვის რეგულაციების დაწესების შემთხვევაში ოქროს ლომბარდზე საპროცენტო განაკვეთები გაიზრდება, ახლა კი ეს საქმიანობა მათთვის შემოსავლის ძირითადი წყარო არ არის. მაგალითად, თუ ლომბარდი ბანკიდან იღებს სესხს დოლარით, მაგალითად, წლიურ 12%-ად და ოქროს გირავნობით სესხს გასცემს 1-1,5%-ით, სავალუტო რისკების გათვალისწინებით, ფაქტობრივად, შეუძლებელია, დარჩეს ის მარჟა, რომელიც მოგებას მოუტანს. ეს ნიშნავს, რომ ბევრი ლომბარდისთვის შემოსავლის ძირითადი წყარო ავტომობილების და უძრავი ქონების გირაოთი დატვირთვაა. გარდა ამისა, ბაზარზე ბევრი ლომბარდია, რომელიც მოგება-ზარალს არ ითვლის და ფულის მოძრაობაზეა გადასული(?!). ასეთი ლომბარდისთვის მთავარია, ფულის მოძრაობა ფიქსირდებოდეს - საიდან შემოვიდა ფული და სად დაიხარჯა. ამდენად, რეგულატორის უფრო გონივრული ნაბიჯი იქნება, სიღრმისეულად დაინტერესდეს ამ ბიზნესით და რეგულირების სფეროში მოაქციოს კერძო მევახშეებიც, რომლებიც გადასახადს არ იხდიან და ფაქტობრივად, უკანონო შემოსავალს იღებენ. სხვა შემთხვევაში, მხოლოდ წერტილოვანი დარტყმებით ვერ შევაჩერებთ სასესხო პირამიდას, რომელშიც ჩვენი მოსახლეობაა ჩართული."

ემა ტუხიაშვილი

წყარო: "კვირის პალიტრა"

myquiz