ყველაზე მდიდარი ქართველი ქალები - რითი დაიწყეს და რა ქონებას ფლობენ ისინი დღეს? | Allnews.Ge

ყველაზე მდიდარი ქართველი ქალები - რითი დაიწყეს და რა ქონებას ფლობენ ისინი დღეს?

სხვისი წარმატების ისტორიების მოსმენა ხშირად მოტივატორია, რომ ჩვენც წამოვიწყოთ საოცნებო საქმე, რომლისგანაც მაღალ შემოსავალს მივიღებთ და თანაც აღნიშნული ბიზნეს საქმიანობა სასიამოვნოც იქნება.

იმ ქალების უმეტესობა, რომლებიც Allnews.ge-მ შეკრიბა ბიზნეს საქმიანობაშია ჩართული, ზოგიერთმა მათგანმა კი 90-იანების ღარიბ საქართველოში საქმე ნულიდან დაიწყო, დღეს კი მილიონებს ფლობს. გთავაზობთ მდიდარი ქართველი ქალების ჩამონათვალს:

მარიამ კუკუნაშვილი

მას სუროგაციის ცენტრი რამდენიმე ქვეყანაში აქვს გახსნილი და ბიზნესს კიდევ უფრო აფართოვებს. სუროგაციის ცენტრის მსოფლიო ქსელის "ნიუ ლაიფის" დამფუძნებელი მარიამ კუკუნაშვილი ერთ-ერთი მდიდარი ქართველი ქალია. მისი კომპანია მსოფლიოს ცხრა ქვეყანაში ოპერირებს და ერთ-ერთ წარმატებულ "ბიზნეს ვუმენად" მიიჩნევა.

მან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი დაამთავრა, რის შემდეგაც მიმღებ განყოფილებაში ექთნად, შემდეგ კი ღამის ცვლის ექიმად, დღის განმავლობაში კი ევროკომიისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს ჯანდაცვის პროექტებზე მუშაობდა.

როგორც თავად წერს, დაქორწინების შემდეგ აღმოაჩინა, რომ ბავშვის გაჩენა არ შეეძლო, მაშინ როცა ამაზე ოცნებობდა. მისი თქმით, ბავშვის გასაჩენად მკურნალობა ჩაიტარა, თუმცა, ყოველი ცდა უშედეგო იყო, საბოლოოდ კი მასა და მის მეუღეს 3 შვილი სუროგაციის შედეგად ეყოლათ.

ამის შემდეგ კი მარიამ კუკუნაშვილმა სუროგაციისა და დონაციის ცენტრი დააფუძნა, რომელიც შვილის მსურველ წყვილებს დახმარებას უწევს. მისი ქსელი პოპულარული გახდა და იგი ახლა უკვე მილიონერია.

სალომე ზურაბიშვილი

მონიტორინგის ცენტრ "მედიატორის" ცნობით, მისი დეკლარაციის მიხედვით, 2016 წლის მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი მილიონერია. როგორც 2018 წლის იანვარში მის მიერ შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაშია აღნიშნული, ზურაბიშვილს 1989 წელს პარიზში 150 000 ევროს საფასურის ბინა აქვს ნაყიდი. 2016 წელს კი თბილისში 160 000 დოლარის ღირებულების მიწის ნაკვეთი. ამასთან, მას "საქართველოს ბანკში" აქვს 50 000 დოლარის ოდენობის ანაბარი.

სალომე ზურაბიშვილი პროფესიით დიპლომატია, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობისა და საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენელად მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. გარდა ამისა, იგი პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორია.

2004-2005 წლებში ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიციას იკავებდა.

ნინო წილოსანი

ქართული ოცნების დეპუტატი, ნინო წილოსანი "მედიატორის" კვლევის შედეგად ასევე მილიონერთა სიაში მოხვდა. კვლევის თანახმად, მისი ქონება 2 მილიონ ლარს აღემატება. თუმცა, 2018 წლის იანვარში შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მისი ქონება 2 მილიონ ლარს არ ითვლის.

ნინო წილოსანმა განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების მიმართულებით მიიღო.

რაც შეეხება სამუშაო გამოცდილებას, ის წლების განმავლობაში ვაგონმშენებელი კომპანიისა და ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის თანამშრომელი იყო, სადაც მაღალ თანამდებობებს იკავებდა.

ნატო ჩხეიძე

ნატო ჩხეიძე "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" წევრი და 2016 წლის მოწვევის პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატია. როგორც "მედიატორის" კვლევაში წერია, მისი ქონება დაახლოებით 51 მილიონს შეადგენს. თუმცა, 2017 წლის დეკემბერში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში ამ რაოდენობის თანხის შესახებ ინფორმაცია არ არის.

ნატო ჩხეიძემ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სამკურნალო მიმართულება დაამთავრა. მუშაობდა სხვადასხვა პოზიციაზე, თავდაპირველად, სამედიცინო სფეროში, შემდეგ კი ბიზნესსა და მედიაში გადაინაცვლა. კერძოდ, ბოლო წლებში "ომეგას" განყოფილების ხელმძღვანელობდა და ტელეკომპანია "იბერიას" რედაქტორის პოზიციას იკავებდა.

ქეთევან ციხელაშვილი

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი ასევე დიდ კაპიტალს ფლობს და მისი ქონება მილიონებადაა შეფასებული - ამის შესახებ კვლევა ასევე "მედიატორმა" კვლევა გასულ წელს გამოაქვეყნა.  თუმცა, "მედიატორის" კვლევას ციხელაშვილი მალევე გამოეხმაურა და უარყო კვლევაში მოყვანილი ციფრები.

ქეთევან ციხელაშვილი საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია. თავდაპირველად, განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო, შემდეგ კი სწავლა ევროპაში განაგრძო. 2006 წლიდან ის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტია.

ქეთევან ციხელაშვილს საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილება აქვს. 2006-2012 წლებში ის "ლიბერალური აკადემია თბილისის" დირექტორი იყო. 2012-2016 წლებში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის პოზიციას იკავებდა, 2016 წლიდან კი მინისტრი გახდა.

ნატალია კვანტალიანი

იგი უკვე წლებია "ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალურ ბანკს" და სასტუმროების ქსელს მართავს. ის ასევე ჩართულია სამშენებლო და სამეწარმეო საქმიანობაში - ამ ბიზნეს საქმიანობების მეშვეობით კი ერთ-ერთი მდიდარი ქართველი ქალი გახდა.

ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან ინტერვიუში ის ბიზნესის დაწყების პერიოდსაც იხსენებს. როგორც თავად ამბობს, სანამ ბიზნესს წამოიწყებდა, ბევრი სირთულე გაიარა. თავდაპირველად, სამტრედიაში მწვრთნელად და ამავდოულად დამლაგებლად მუშაობდა.

"როცა ხელმძღვანელი გავხდი, მეტი შემოსავალი რომ მქონოდა, დამლაგებლის ადგილიც შევითავსე, ოღონდ ჩუმად. დილას ბავშვს სახლში ვტოვებდი, გავრბოდი, სანამ თანამშრომლები მოვიდოდნენ, ვალაგებდი. მერე სახლში ვბრუნდებოდი, ბავშვი ბაღში მიმყავდა და უკვე როგორც ხელმძღვანელი, ისე მივდიოდი სამსახურში" - იხსენებს ის ერთ-ერთ ინტერვიუში.

გაჭირვებიდან თავის დასაღწევად მას ზუგდიდიდან და მიმდებარე სოფლებიდან თხილის ჩამოტანაც დაიწყო, რომელსაც ქალაქში აბარებდა. ბიზნესს საფუძველი კი უცხოეთიდან ჩამოტანილი მარგალიტის მძივების რეალიზაციით ჩაუყარა. მძივების გაყიდვის შემდეგ, შეგროვილი თანხით სამკვერვალო გახსნა, სადაც შეკერილ კაბებს ლილოში აბარებდა.

ამჟამად ფილების წარმოებასაც ხელმძღვანელობს, მისი პროექტია „თეთრი ტბა". ასევე სურს, რომ თბილისში, მახათას მთაზე "ნატალი სითი" ააშენოს.

ინა გუდავაძე

ინა გუდავაძე ცნობილი ბიზნესმენის, ბადრი პატარკაციშვილის ცოლია, რომელიც 2017 წელს ბრიტანეთის 31 უმდიდრეს ქალს შორის მოხვდა.

როგორც Business Insider-ი იუწყება ინა გუდავაძეს ქონება ქმარმა, ბადრი პატარკაციშვილმა დაუტოვა და ის 650 მილიონი დოლარის მფლობელია.

ინა გუდავაძემ კაპიტალი კომერციული საქმიანობით, უძრავი ქონებით, ტელევიზიებით, ოქროს, ნავთობისა და კაზინოების მეშვეობით დააგროვა.

მისი ქმარი, ბადრი პატარკაციშვილი 2008 წელს დაიღუპა.

ეკატერინე მწითურიძე

ეკატერინე მწითურიძე უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ საცხოვრებლად რუსეთში წავიდა. ჯერ მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალზე პრეზიდენტის თანაშემწედ, შემდეგ კი რუსეთის ტელევიზიის "პირველ არხზე" დილის გადაცემაში მუშაობდა.

მწითურიძეს რუსეთში გლამურულ და შეძლებულ ქალად მიიჩნევენ.

2011 წელს ის "როსკინოს" გენერალურ დირექტორად დაინიშნა. როგორც რუსული მედა იუწყება, ეკატერინე მწითურიძე რუსულ კინოსამყაროზე დიდ გავლენას ახდენს. გარდა ამისა, 2012 წლიდან ჟურნალ Variety-ს ხელმძღვანელობს.

ზუსტად რა ქონებას ფლობს ერთ-ერთი უმდიდრესი ქართველი ქალი უცნობია, თუმცა მისი გლამურული ცხოვრებიდან და ძვირად ღირებული ავტომობილებიდან და სამოსიდან გამომდინარე ცნობილია, რომ მწითურიძემ წლების განმავლობაში დიდი კაპიტალი დააგროვა.

მაკა ასათიანი

ცნობილი ქართველი დიზაინერი და ბიზნესვუმენი მაკა ასათიანი წლების განმავლობაში ტელეკომპანია "მაესტროსთან" ასოცირდებოდა, რადგან ის აღნიშნული მედიასაშუალების წილს ფლობდა, რომელიც მოგვიანებით გაყიდა.

როგორც ცნობილია, მაკა ასათიანი რამდენიმე ბიზნესის, მათ შორის "მერსედესის" სადილერო კომპანიის აქციების მფლობელია და დიდი ხნის განმავლობაში მამამისის ავიაკომაპანია "აირზენასაც" ხელმძღვნაელობდა.

მისი ქონება მილიონებს შეადგენს.

თინა კანდელაკი

რუსეთში მცხოვრები ქართველი ტელეწამყვანი თინა კანდელაკი 2014 წელს რუსეთის 100 ყველაზე გავლენიან ქალს შორის დასახელდა. მისი კაპიტალი წლების განმავლობაში იზრდებოდა.

წლების განმავლობაში ის მოსკოვთან ახლოს მდებარე ელიტური სოფლის, "შელესტოვის" თანაინვესტორი და არტდირექტორისა და სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის "აპოსტოლის" გენერალური დირექტორის თანამდებობას იკავებდა. გარდა ამისა, როგორც სარესტორნო, ისე კოსმეტიკის ბიზნესშიც იყო ჩართული.

ელა იაკობაშვილი

ცნობილი ბიზნესმენისა და ინვესტორის, დავით იაკობაშვილის მეუღლეს - ელა იაკობაშვილს რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ღირებულების ქონება აქვს. ელა პარიზში ცხოვრობს.

ევროპაში მულტიმილიონერ დავით იაკობაშვილს უძრავი ქონების ბიზნესი აქვს, რომლის მნიშვნელოვან წილს მეუღლე განკარგავს. მათ ერთმანეთი გასული საუკუნის 90-იან წლებში გაიცნეს, როცა დავით იაკობაშვილი პარტნიორებთან ერთად სილამაზის სალონ "ჟენშენს" ხსნიდა, ელა იაკობაშვილი კი მისი მდივანი იყო.

ქეთა თოფურია

რუსული ჯგუფის "ა-სტუდიოს" ქართველი სოლისტი, ქეთა თოფურია რუსული შოუბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული მომღერალია, რომელმაც საკუთარი საქმიანობით დიდი კაპიტალი დააგროვა, თუმცა ზუსტად რა ანგარიშები აქვს, უცნობია.

ის მილიონერი ებრაელი ბიზნესმენის ლევ გეიხმანის ცოლი იყო, რომელსაც ცოტა ხნის წინ დაშორდა.

ქეთი მელუა

დიდ ბრიტანეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი მიმღერალი, ქეთი მელუა, უცხოური მედიის ინფორმაციით 20 მილიონ დოლარს ფლობს. 33 წლის ქართველი მომღერალი საბჭოთა საქართველოში, კერძოდ ქუთაისში დაიბადა და ბელფასტში გაიზარდა.

მისი დებიუტი 2003 წელს შედგა, როდესაც პირველი ალბომი გამოუშვა და მალევე ბრიტანეთში საუკეთესო ქალი შემსრულებლის სტატუსი მოიპოვა.

ქეთი მელუამ ხელოვნებისა და ტექნოლოგიების სკოლა ლონდონში დაამთავრა და საკუთარი ნიჭითა და მუშაობით დიდ წარმატებასაც მიაღწია.

myquiz