თურქეთიდან საქართველოში კარტოფილის შემოტანა დროებით აიკრძალა | Allnews.Ge

თურქეთიდან საქართველოში კარტოფილის შემოტანა დროებით აიკრძალა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 3 თვის განმავლობაში თურქეთიდან საქართველოში კარტოფილის შემოტანა აიკრძალა.

როგორც "ბიზნესპრესნიუსს" სურსათის ეროვნულ სამსახურში განუცხადეს, ამის მიზეზი კარტოფილის კიბოს გავრცელების საშიშროებაა. განკარგულებას ხელი პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მოაწერა.

დოკუმენტის მიხედვით, იმპორტის აკრძალვის მიზანი კარტოფილის კიბოს თავისუფალ ტერიტორიებზე გავრცელების თავიდან აცილებაა. მსგავსი დროებითი ღონისძიების ამოქმედებას ფიტოსანიტარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის მე-17 მუხლი ითვალისწინებს.

"ეს არის დროებითი, 3-თვიანი ღონისძიება. მიზეზი კი არის ის, რომ კარტოფილის კობო არ გავრცელდეს საქართველოში", - განაცხადეს სურსათის უვნებლობის სამსახურში.

კარტოფილის კიბო კარტოფლის ყველაზე სერიოზულ და საშინელ ავადმყოფობად მიიჩნევა. მისი გამომწვევია სოკო Synchytrium endobioticum. თუ ნიადაგში მოხვდა დაავადებული კარტოფილი, ამ ნიადაგის გამოყენება 20 წლით არ შეიძლება.

პირველად კარტოფილის კიბო დააფქისირეს უნგრეთში 1896 წელს, თუმცა პარაზიტის სამშობლო ჯერ კიდევ უცნობია. დაავადება სწრაფად გავრცელდა მთელ დასავლეთ ევროპაში, ხოლო 1918 წელს - აშშ-ში. ამჟამად იგი გვხვდება ევროპაში, იაპონიაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, სამხრეთ აფრიკაში. 1939-1940 წლებში დაავადების ცალკეული კერები გამოჩნდა დასავლეთ უკრაინისა და ბელორუსის ტერიტორიაზე. შემდგომ დაავადება გავრცელდა აღმოსავლეთით.

myquiz