16 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სხვადასხვა დარღვევის გამო დაჯარიმდა | Allnews.Ge

16 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სხვადასხვა დარღვევის გამო დაჯარიმდა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2017-2018 წლებში მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში სხვადასხვა ტიპის დარღვევები გამოვლინდა. კერძოდ, ანგარიშგების წარმოუდგნელობის, მონიტორინგის პროცესთან დაკვშირებული დარღვევებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებით არსებული მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო 16 მიკროსაფინანსო ორგანიზაციას ფულადი ჯარიმები დაეკისრა.

"2017 წელს 12 მიკროსაფინანსო ორგანიზაციას დაეკისრა ფულადი ჯარიმა ჯამურად 326 000 ლარი, ხოლო 2018 წელს 4 მიკროსაფინანსოს ჯამურად 193 000 ლარი," - განმარტეს ეროვნულ ბანკში.

არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების" გამგეობის თავმჯდომარის, გიორგი კეპულაძის თქმით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ნაწილი მომხმარებელთა უფლებებს ღიად არღვევს და მათ მისაზიდად ხშირად ისეთ სააგიტაციო მესიჯებსაც გზავნის, როგორიც არის "სესხის გაცემა საკრედიტო ისტორიის გადამოწმების გარეშე," რაც ხშირად მსესხებლისთვის უარყოფით შედეგებს იწვევს ხოლმე.

„რადიოში, ტელევიზიაში თუ ინტერნეტშიც მინახავს და მომისმენია რეკლამები, რომლებშიც გარკვეული მიკროსაფინანსო ორგანიზაციები მომხმარებლებს სთავაზობენ, რომ სესხს საკრედიტო ისტორიის გადამოწმების გარეშე მისცემენ. ეს არის პირდაპირ დანაშაული, რადგან საკრედიტო ისტორიის გადამოწმების გარეშე სესხი უნდა მას, ვინც ბანკში ან თავმოყვარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ვერ აიღებს სესხს. შესაბამისად, ეს შემდეგ ამ მომხმარებლებს უქმნის პრობლემებს, რადგან ისინი ვისაც საკრედიტო ისტორია გაფუჭებული აქვს, დიდი ალბათობით არიან ნაკლებად შემოსავლიანი ან ნაკლებად სტაბილური შემოსავლისმქონე პირები, მათ კი სესხის ასაღებად შეიძლება გარკვეული უზრუნველყოფა ჩადონ, რაც ხშირ შემთხვევაში ერთადერთი აქტივი, უძრავი ქონებაა ხოლმე. უძრავი ქონების ფლობა კი იმას არ ნიშნავს, რომ ისინი გადახდისუნარიანები არიან, საბოლოო ჯამში მათ შეიძლება ამ უძრავი ქონების დათმობა მოუწიოთ და უსახლკაროდ დარჩნენ. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ ორგანიზაციების გამსხვილება და მათი კაპიტალის ზრდა ხელს შეუწყობს კონკურენციის ზრდას და შესაბამისად, მომხმარებელი ამით მოგებული დარჩება", - აღნიშნავს ის.

ეროვნული ბანკის ცნობით, 2017 საკუთარი განცხადების საფუძველზე რეგისტრაცია გაუუქმდა 27, ხოლო 2018 წელს ერთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, ამავე პერიოდში კი რეგისტრაცია გაიარა 21-მა მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ. დღეის მდგომარეობით რეგისტრირებულია 73 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია.

გიორგი კეპულაძის შეფასებით, ბოლო 10 წლის განმავლობაში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ბაზარი და სასესხო პორტფელი ძალიან მზარდი იყო, თუმცა მისი ვარაუდით, ახალი რეგულაციები, რომლებიც მათთვის საწესდებო კაპიტალის ზრდას ითვალისწინებს, მცირე მიკროსაფინანსო ორგანიზაციების გამსხვილებას და შეერთებას ან მათი ნაწილის ბაზრიდან გასვლას გამოიწვევს, რადგან ისინი კაპიტალის მინიმალურ მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებენ.

"ჩემი აზრით, მისასალმებელია, რომ ამ სეგმენტში კაპიტალის მოთხოვნა იზრდება, რადგან ბაზარზე არსებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციების უმრავლესობა ჩვეულებრივი ლომბარდი იყო, რომელიც შემდეგ მიკროსაფინანსოდ გადაკეთდებოდა, რადგან მცირე საწესდებო კაპიტალის მოთხოვნა იყო, ამის შედეგად მისი რეპუტაციის თვალსაზრისით მისი წონა იზრდებოდა. თავდაპირველად საწესდებო კაპიტალზე მოთხოვნა 250 000 ლარი იყო, რომელიც შემდეგ 500 000 ლარამდე გაეზარდათ, 2019 წლიდან კი 1 მილიონი გახდება. რა თქმა უნდა, სასურველია, რომ ამ ორგანიზაციებს საწესდებო კაპიტალზე ადეკვატური მოთხოვნა ჰქონდეთ, რომ მომხმარებელთა უფლებების თვალსაზრისით გარკვეულ მოთხოვნებს აკმაყოფილებდეს. ისიც აღანიშნავია, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციაში ამჟამად მოქმედი 73 მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან უმრავლესობა გაწევრიანებული არ არის. აღნიშნულ ასოციაციას შემუშავებული აქვს ასოციაციის ეთიკის კოდექსი და რა თქმა უნდა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების უმრავლესობა ხელს არც ამაზე აწერს,“ - აღნიშნა გიორგი კეპულაძემ.

მისივე თქმით, მოგების 50% ერთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე მოდის, ახალი რეგულაციები კი ბაზარზე კონკურენციის ზრდას გამოიწვევს, რაც მომხმარებელთა უფლებების დაცვაზეც აისახება.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, რომელთა კაპიტალიც იზრდება და ბანკის მინიმალური საწესდებო კაპიტალის მოთხოვნას აკმაყოფილებენ, ბაზარზე ბანკის სტატუსით ოპერირებას იწყებენ. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2017 წელს საბანკო საქმიანობის ლიცენზია ერთ ყოფილ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე გაიცა.

როგორც "საზოგადოება და ბანკების" გამგეობის თავმჯდომარე აღნიშნავს, მიუხედავად მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე არსებული მოთხოვნებისა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ უახლოეს მომავალში რომელიმე მათგანმა საბანკო საქმიანობის ლიცენზია მიიღონ.

myquiz