რა შემთხვევაში ვერ წაართმევს ბანკი მსესხებელს უძრავ ქონებას - ახალი საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტშია | Allnews.Ge

რა შემთხვევაში ვერ წაართმევს ბანკი მსესხებელს უძრავ ქონებას - ახალი საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტშია

საპარლამენტო ფრაქცია "საქართველოს პატრიოტების" საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, კანონმდებლობაში შემოდის "ბოლო საცხოვრისის" ტერმინი, რომელიც ნიშნავს კრედიტორისა და მისი ოჯახის მფლობელობაში არსებულ უძრავ ნივთს. ახალი ინიციატივის თანახმად, თუ იგი იპოთეკაშია ჩადებული და თანხის გადახდას მფლობელი ვერ ახერხებს, ბანკის ან კერძო მევახშის მიერ 3 წლის განმავლობაში არ გაიყიდება.

"საქართველოს პატრიოტების" მოწვეული სპეციალისტის, იურისტ ბექა ფერაძის განმარტებით, საკანონმდებლო ორგანოში ახალი ინიციატივის შეტანა გამოწვეულია იმით, რომ საქართველოში დაახლოებით 287 000 იპოთეკური სესხი რეგისტრირდება, საიდანაც დაახლოებით 70% გაპრობლემებულია, - "შესაბამისად, ეს მოსახლების 30%-ს ეხება. აქ ძალიან ბევრი ნიუანსია, კრედიტორსა და მოვალეს შორის დაბალანსება აბსოლუტურად არ ხდება, ძალიან დიდი რაოდენობით მოსახლეობას უსახლკაროდ ტოვებენ და ევროპულ გამოცდილებას თუ გადავხედავთ, ჩვენი კანონპროექტის სულისკვეთებას აბსოლუტურად იზიარებს".

"რაც შეეხება პროცედურებს, თუ იძულებითი აღსრულება დაიწყება, აღმასრულებელმა უნდა გადაამოწმოს მოქალაქის, ოჯახის ან მის სახელზე არსებული უძრავი ქონება, კერძოდ საცხოვრისი და თუ აღმასრულებელი დააგდენს, რომ ეს გასაყიდი ქონება, რაც იპოთეკაშია ჩადებული არის ბოლო საცხოვრისი, აღსრულება 3 წლის ვადით ჩერდება, ამ პერიოდში კი კრედიტორი ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთის 1/12-ს გადაიხდის, რაც იპოთეკაში დაახლოებით 11% გამოდის. თუ მოქალაქე ამასაც ვერ გადაიხდის, მაშინ 6 თვის შემდეგ აღსრულების პროცედურები იწყება, რომლებიც სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლით არის გათვალისწინებული. ჩვენ ამ მუხლში რამდენიმე ცვლილება გვაქვს დაფიქსირებული, მაგალითად, გამოსახლება მხოლოდ მაშინ განისაზღვრება, როცა სახელმწიფო მინიმალური ფართით უზრუნველყოფს. ჩვენი ცვლილებების მიხედვით, აღნიშნული მინიმალური საცხოვრისით უზრუნველყოფა სოციალური დახმარების შესახებ კანონით იქნება გათვალისწინებული," - განმარტავს ბექა ფერაძე.

მისი შეფასებით, კანონი მოქალაქეებს ვალდებულების მშვიდად შესრულების საშუალებას მისცემს.

"სავალუტო კრიზისის ფონზე დღეს რომ საფინანსო ინსტიტუტები მოსახლეობას ატერორებენ და 100 000-ებს ერთად სთხოვენ, მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, თანხა მშვიდ გარემოში გადაიხადონ და სასტარტო პოზიციებს დაუბრუნდნენ. აქ ძირითადად, სამეწარმეო სეგმენტზეა საუბარი, რომელთაც ქონება იპოთეკაში მცირე ბიზნესის გამო ჩადეს," - განმარტავს იურისტი.

მისი თქმით, საკანონმდებლო პაკეტმა რამდენიმე საკომიტეტო მოსმენა გაიარა, გარკვეულ მუხლებთან დაკავშირებით კანონმდებლები უკვე შეჯერდნენ, ზოგიერთ მათგანთან დაკავშირებით კი კომიტეტების წევრებს შენიშვნები აქვთ.

"უმრავლესობა გვეთანხმებოდა, მათ შორის "ნაციონალური მოძრაობაც", მაგრამ რამდენიმე მუხლი კითხვის ნიშნის ქვეშაა. ჩვენ ამ კანონპროექტის გატანა პლენარულ სხდომაზე მაინც შეგვეძლო, მაგრამ ის ხალხის ინტერესებს ემსახურება, ამიტომ წავედით დათმობაზე და შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომლის სხდომაც 14 მარტს გაიმართება და 2 თვის განმავლობაში დაიწყება განხილვები," - აღნიშნა ბექა ფერაძემ.

myquiz