12.10.2017 / 15:37
შრიფტის ზომა:

როგორი იქნება დაგროვებითი პენსია და რა ელის მათ, ვინც არ ჩაერთვება პროგრამაში?

დაგროვებითი პენსია ორიენტირებულია მომავალზე, რომელიც სიბერეში ღირსეული ცხოვრების ხარისხს უზრუნველყოფს, - ასეთია პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის შეფასება საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით, რომელიც პარლამენტმა მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა განიხილოს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, მთავრობას საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებული კანონპროექტი პარლამენტში ჯერ არ გადაუგზავნია და ძირითადი პარამეტრები განსაზღვრული არ არის, თუმცა ცნობილია ის, რომ კანონპროექტი შეეხება როგორც "დაგროვებით პენსიას", ისე პენსიის ზრდის მექანიზმს.

როგორც აკაკი ზოიძე აცხადებს, "დაგროვებითი პენსია", ქვეყანაში შექმნის ღირსეულ საპენსიო სისტემას.

"მართალია, კანონპროექტი პარლამენტში ამ ეტაპზე არ შემოსულა და საბოლოო დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა, ძირითადი პრინციპები ცნობილია. საუბარია, რომ ადამიანები ყოველთვიურად გადაიხდიან გარკვეულ თანხას და ამ პროცესის თანამონაწილე იქნება როგორც დამსაქმებელი ისე სახელმწიფო. თანამონაწილეობის პროპორცია იქნება შემდეგი: ერთ მესამედს "გადადებს" ადამიანი საკუთარი ხელფასიდან, მეორე მესამედს გადაიხდის დამსაქმებელი და მესამე მესამედს კი სახელმწიფო. ეს თანხა დაგროვდება ამ ადამიანის "ანგარიშზე" და გარკვეული პერიოდის შემდეგ, როცა საპენსიო ასაკის გახდება, გაცილებით მაღალ პენსიას მიიღებს, ვიდრე დღეს. ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება როგორც სამუშაო წლების, ისე ხელფასის ოდენობაზე. მნიშვნელოვანია, რომ პენსია მხოლოდ კონკრეტული ადამიანის გადადებულ ხელფასზე არ იქნება დამოკიდებული. მაგალითად, თუ პირობითად ვისაუბრებთ ხელფასიდან 2%-ის გადადებაზე, ამ თანხას დაემატება 2% დამქირავებლის ყულაბიდან და 2% სახელმწიფოს ყულაბიდან. ჯამში, პენსიონერი მიიღებს 2-ჯერ მეტ თანხას, ვიდრე მხოლოდ საკუთარი სახელფასო შემოსავლიდან რომ დაეზოგა", - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

პროქტის მიხედვით, "დაგროვებით პენსიაზე" გადასვლა ნებაყოფლობითი იქნება. თუმცა, თუ კონკრეტული

დასაქმებული გადაწყვეტს "ყულაბაში" გადადოს საპენსიო თანხა, სახელმწიფო და დამსაქმებელი ვალდებული იქნება, ანალოგიური პროცენტული მაჩვენებელი დასაქმებულს თავადაც დაუმატონ.

"თქვენი მხრიდან ნებაყოფლობითია გადადებთ თუ არა საპენსიო დანაზოგს, მაგრამ სახელმწიფო და დამსაქმებელი ვალდებულია, თუ თქვენ გაიღებთ ამ თანხას, მათაც გადაიხადონ და პირობითად, 2-2 პროცენტი დაგიმატონ", - აცხადებს აკაკი ზოიძე.

მისივე შეფასებით, ეს არის მომავალზე ორიენტირებული პროექტი და სახელმწიფომ უნდა შეძლოს, მოსახლეობას დაანახოს, რომ ეს არის სანდო და მომგებიანი ინვესტიცია.

რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც არ ჩაერთვებიან "დაგროვებითი პენსიის" სისტემაში, ამ შემთხვევაში, ისინი იმ სოციალურ პენსიას მიიღებენ, რაც სახელმწიფოსგან იქნება დადგენილი, ყოველგვარი დანამატების გარეშე.

საპენსიო რეფორმა არა მარტო მომავალზე ორიენტირებულ დაგროვებით საპენსიო სისტემას შეეხება, არამედ ასევე გაითვალისწინებს დღევანდელი პენსიონერებისათვის პენსიის ინდექსირების, ანუ პენსიის მატების მექანიზმის შექმნას, რომელიც განსაზღვრავს როგორ მოიმატებს პენსია ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების მიხედვით. ანუ, მხოლოდ წინასაარჩევნოდ პენსიების მატების ნაცვლად, მკაფიოდ და პროგნოზირებადად განსაზღვრება, როდის და რამდენით მოხდება პენსიის მატება ყოველწლიურად შესაბამისი ეკონომიკური ზრდის, და/ან ფასების მატების პირობებში.

საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებული კანონპროექტი მთავრობამ პარლამენტს მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა წარუდგინოს.