13.08.2017 / 12:59
შრიფტის ზომა:

იტალიელი მოცეკვავე მილიონერის ქონება დააყადაღეს

იტალიურმა ბანკმა BPM ცნობილი იტალიელი მოცეკვავე მილიონერის ჯანლუკა ვაკის ქონება დააყადაღა. დაყადაღებული ქონება მოიცავს რამდენიმე იახტას, ვილებს და წილს გოლფ-კლუბში. დაყადაღებული ქონება ფინანსურ უზრუნველყოფას წარმოადგენდა 2008 წელს აღებულ 10 მილიონი ევროს ოდენობის კრედიტზე.

ვაკიმ კრედიტზე სულ ორი შენატანი გააკეთა: ორ-ორი მილიონი ევროს ოდენობის, თუმცა ვერ დახურა მესამე, რომელიც 2015 წლის ივნისში იწურებოდა. როგორც იტალიური მედია იუწყება, მილიონერის აქტივების დაყადაღებამ დომინოს ეფექტი შეიძლება გამოიწვიოს: მისი საინვესტიციო ჰოლდინგის დავალიანების საერთო მოცულობა თითქმის 30 მილიონ ევროს შეადგენს.

იტალიელი ბიზნესმენი ჯანლუკა ვაკი ბოლონიაში დაიბადა. 49 წლის მილიონერი საგვარეულო კაპიტალის მფლობელია, დაინტერესებულია ინტერიერისა და ტანსაცმლის დიზაინით. ვაკის ეკონომიკური განათლება აქვს. 2007 წლიდან მოყოლებული მოგზაურობისა და ტურიზმის კომპანიის დამფუძნებელი და პრეზიდენტია. იტალიელი მილიონერის ქონება 450 მილიონი დოლარია.

ვაკი საკუთარი ბიზნესის გარდა, მეტწილად ცნობილია ექსტრავაგანტური ცხოვრების სტილით. მისი ინტერესთა სფერო ცნობილ სელებრითებს, ტელევიზიასა და ფეხბურთს მოიცავს. სოციალურ ქსელებში ის ხშირად აქვეყნებს მდიდრულ იახტებსა და ძვირადღირებულ ავტომობილებში ნახევრადშიშველ მოდელებთან გადაღებულ ფოტოებს. ბოლო დროს მისი გატაცება მუსიკა გახდა. ჯანლუკა ვაკის ცხოვრების მთავარი ფილოსოფია სიამოვნებაა და მან ამ თემაზე წიგნი სახელწოდებით ENJOY გამოსცა.

 

BPN.GE