"ნერგი ნაყოფს დარგვის პირველივე წელს ისხამს" - როგორ მოვიყვანოთ ჯუჯა ვაშლი | Allnews.Ge

"ნერგი ნაყოფს დარგვის პირველივე წელს ისხამს" - როგორ მოვიყვანოთ ჯუჯა ვაშლი

გორის რაიონ სოფელ კვარხითში უკვე რამდენიმე წელია ჯუჯა ვაშლების ბაღები იტალიური ტექნოლოგიით შენდება, რაც საქართველოსთვის სიახლეს წარმოადგენს. ვაშლის ხეების მაქსიმალური სიმაღლე 2-2,5 მეტრია, სწორედ ამიტომ ქვიათ "ჯუჯა."

როდესაც ზურაბ გოჯიაშვილმა გერმანელი და იტალიელი მეცნიერების მიერ შემუშავებული ე.წ სუპერინტენსიური ბაღების შესახებ შეიტყო, რომლებიც 1 ჰექტარზე 2 500-ზე მეტი ხის დარგვას ითვალისწინებს, პარტნიორებთან ერთად, 2014 წელს "შეღავათიანი აგროსესხისა" და "დანერგე მომავლის" საშუალებით, 6 ჰექტარ მიწის ფართობზე ჯუჯა ვაშლის ბაღი გააშენა, ხოლო 2017 წელს წარმოება გააფართოვა და ნერგები 10 ჰექტარზე დარგო.

"ეს ხეები საჭიროებს საყრდენ სისტემას, რადგან მათ "ფუნჯა ფესვი"აქვთ, რის გამოც მცენარე მყარად ვერ დგას. ხეები 20-25 სანტიმერის სიღრმის მქონე მიწაში ირგვება. ინტენსიური ბაღის არსი ხეების სიმჭიდრვეა. თანამედროვე ტექნოლოგიით, რიგთაშორისი დაშორება დაახლოებით, 3 მეტრია, ხოლო რიგში 75 სანტიმეტრიდან 1 მეტრამდე დაშორება უნდა იყოს," - განმარტავს ფერმერი.

ინტენსიური ბაღის კიდევ ერთი უპირატესობა სწრაფი და დიდი რაოდენობით მსხმოიარობაა, რადგან სუსტ საძირეებზე დამყნობილი ნერგი ნაყოფს დარგვის პირველივე წელს ისხამს.

"2015 წლის მოსავალი სრულად დაისეტყვა და დაგეგმილი 100 ტონის ნაცვლად, 39.2 ტონა მივიღეთ, რომელიც ადგილზე გავყიდეთ, თუმცა კილოგრამი მხოლოდ ერთ ლარად. ამავე წელს სეტყვის გამო შემოსავალმა მხოლოდ 39,200 ლარი შეადგინა," - განმარტავს ზურაბ გოჯიაშვილი.

ჯუჯა ვაშლის ჯიშებია გოლდენ კლონ ბ, გოლდენ დელიშესი, წითელი ჯონაპრინცი, გალა გალაქსი, ფუჯი კიკუ 8 და ბრაბენ როზაბელი. ისინი შიდა ქართლის ნიადაგისა და ჰავისთვის შესაფერისი მცენარეები არიან. "ჯუჯა ვაშლის" შესახებ მეთოდური სახელმძღვანელოც არსებობს, რომლის ავტორების, მამუკა მერებაშვილისა და ირაკლი მერკვილაშვილის განმარტებით, ნერგები შემოდგომაზე უნდა დაირგას, რადგან ამ დროს მათი გახარების პროცენტულობა 98%-ია.

"შემოდგომის პერიოდის უპირატესობა ნიადაგის დროულად დამუშავების შესაძლებლობაა. იმის გამო, რომ ამ დროს გარემო პირობები ხელსაყრელია, შემოდგომაზე დარგული ხეხილი ახალი ფესვების წარმოქმნას ზამთრის თვეებშიც განაგრძობს, რაც დიდად უწყობს ხელს ადრე გაზაფხულზე ვეგეტაციის ნორმალურ დაწყებას. ხეხილის დარგვა კონკრეტულად ოქტომბრის შუა რიცხვებიდან იწყება."

ამასთან, მნიშვნელოვანია ჯუჯა ვაშლის სწორად მორწყვა. სახელმძღვანელოს ავტორების რეკომენდაციით, უკეთესია წვეთოვანი მორწყვის პრინციპი გამოვიყენოთ, რომელიც მთელ მსოფლიოშია დამკვიდრებული.

"მცენარეს წყალი მიეწოდება ინდივიდუალურად, რომელიც გაივლის სტაბილიზატორს და იწმინდება. ზაფხულის განმავლობაში ცხელ დღეებში ბაღი უნდა მოირწყას 3-4-ჯერ," - განმარტავენ ავტორები.

გარდა ამისა, "ჯუჯა ვაშლის" შესახებ შედგენილ სახელმძღვანელოში განმარტავენ, რომ ახალი ტექნოლოგია ეკონომიკურად გამართლებულია, რადგან მაღალ სტანდარტებს შეესაბამება, პროდუქციის მოყვანა დიდ სირთულეებთან დაკავშირებული არ არის და მისი რეალიზაცია და შემოსავლები მსოფლიოში წლიდან წლამდე იზრდება.

 

 

myquiz