სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კვერცხი შეამოწმა | Allnews.Ge

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კვერცხი შეამოწმა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კვერცხის 60 ნიმუშის ლაბორატორიული კვლევისას დარღვევა არც ერთში გამოვლინდა.

საქართველოს მოსახლეობა წლიურად დაახლოებით 550 მლნ ცალ სასურსათო კვერცხს მოიხმარს და მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოში წარმოებული ფრინველის კვერცხი სრულად აკმაყოფილებს ბაზრის მოთხოვნებს.

სააგენტოს ცნობით, 2016 წლის მონაცემით, საქართველოში 590 მლნ კვერცხი იქნა წარმოებული, შესაბამისად, ქვეყანაში კვერცხის იმპორტის რაოდენობა მინიმალურია (გარდა ინკუბირებისთვის შემოტანილი კვერცხისა).

"2013 წლის მაისში "ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესის შესახებ" N90 დადგენილებაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, კვერცხის სავალდებულო ეტიკეტირების წესი განისაზღვრა, რაც ბიზნესოპერატორს ავალდებულებს სარეალიზაციოდ განთავსებულ კვერცხზე მიუთითოს კვერცხის წარმოშობის ქვეყანა და წარმოების თარიღი.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, სურსათის მწარმოებელ-დისტრიბუტორი ბიზნესოპერატორების, მათ შორის, მეფრინველეობის ფერმებისა და კვერცხის მწარმოებლების, შემოწმებას მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს.

მიმდინარე წელს, მეფრინველეობის ფერმებსა და კვერცხის მწარმოებელ ბიზნესოპერატორებთან 81 შემოწმება (ინსპექტირება, დოკუმენტური შემოწმება, გადამოწმება) ჩატარდა. ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია კვერცხის 60 ნიმუში, საიდანაც დარღვევა არცერთში გამოვლინდა.

მეფრინველეობასა და კვერცხის წარმოებაში ჩატარებული სახელმწიფო კონტროლის შედეგად, სულ გამოვლინდა 6 შეუსაბამობა, რომელიც ეტიკეტირების წესის დარღვევას უკავშირდება", - განმარტავენ სეს-ში.

მათივე ინფორმაციით, მიმდინარე წელს დაგეგმილია კვერცხის 245 ნიმუშის სხვადასხვა მაჩვენებლებზე კვლევა.

myquiz