რა არის ფისტა და სად შეგვიძლია მისი ნერგების უფასოდ მიღება | Allnews.Ge

რა არის ფისტა და სად შეგვიძლია მისი ნერგების უფასოდ მიღება

"საქართველოს ფისტას ასოციაცია" საქართველოს მოსახლეობისთვის ფისტას ნერგებს არიგებს. ამ მცენარის პოპულარიზაციის მიზნით, ნერგების დარიგება 2016 წლიდან მიმდინარეობს და როგორც ასოციაციაში აცხადებენ, სულ ათასობით ნერგი უნდა დარიგდეს.

Allnews.ge დაინტერესდა სად შეიძლება უფასოდ ფისტას ნერგის მიღება და რამდენად მარტივია მისი მოვლა.

ფისტა კაკლოვანი კულტურაა და როგორც გავარკვიეთ, მაღაზიებში 1 კილოგრამის ფასი დაახლოებით 60 ლარია. გასაყიდად გამოტანილი ფისტა საქართველოში ჯერჯერობით მხოლოდ იმპორტირებულია. თუმცა, დარგის სპეციალისტების თქმით, ქვეყნას გააჩნია იმის პოტენციალი, რომ ბაზარზე ქართული წარმოების ფისტაც გამოჩნდეს, ვინაიდან მისი მოყვანა საკმაოდ ხელსაყრელია.

ფისტა მშრალი, ნახევრად უდაბნო ნიადაგის მოყვარულია, შესაბამისად, მისი დარგვა თბილისის შემოგარენში, კახეთში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლსა და მესხეთშია შესაძლებელი.

"კაკლოვნებს შორის ფსტას ყველაზე ძვირად ღირებული ნაყოფი აქვს" - ყველაფერი ფისტაზე

ფისტას ნერგების უფასოდ მიღება კი "საქართველოს ფისტას ასოციაციის" აკადემიური საბჭოს თავმჯდომარის, ოთარ ანგურიძის თქმით, ორგანიზაციის სოციალურ ქსელზე მითითებულ ბმულზე დარეგისტრირებითაა შესაძლებელი.

"ბმულის შევსების შემდეგ მომხმარებელი დაიკავებს რიგს, ხოლო როცა მათი რიგი მოვა, ჩვენ მათ დავიბარებთ და ნერგებს გადავცემთ. განსაზღვრულია, რომ თითოეულ დარეგისტრირებულ ოჯახს 3 ნერგი უნდა გადაეცეს. მათ ნერგებს ქოთნებით ვატანთ და სპეციალური ვიდეოს მეშვეობით დარგვის წესებს ვუხსნით," - განმარტავს ოთარ ანგურიძე.

რაც შეეხება მოვლის წესებს, ოთარ ანგურიძის თქმით, ფისტასთვის რაიმე განსაკუთრებული მოვლის წესები არ არსებობს.

"განსაკუთრებული გვალვის პერიოდში ფისტას დახმარებისთვის წყალი უნდა მივაწოდოთ. გარდა ამისა, დარგვიდან სამი წლის შემდეგ ფისტას ესაჭიროება გასხვლა, რადგან ამ ასაკში მას უკვე გვერდებიდან ტოტები გამოსდის და ფორმირება მსხმოიარობისთვის ესაჭიროება. თუ ფისტას გახარება ეზოში გსურთ, ის ჩვეულებრივი კაკლის ფორმით გაიზრდება, მაგრამ თუ ბაღის გაშენებას გეგმავთ, მაშინ მას სჭირდება გასხვლა. აღსანიშნავია, რომ ამ დროს ფისტას სიმაღლე 5-6 მეტრზე მეტი არ უნდა იყოს," - განმარტავს ოთარ ანგურიძე.

მისივე თქმით, ფისტა ნაყოფს დაახლოებით 6-დან 8 წლამდე ვადაში ისხამს.

აღსანიშნავია, რომ "საქართველოს ფისტას ასოციაცია" 2018 წლის ბოლომდე 10 000 ნერგის მთელი საქართველოს მასშტაბით დარგვას გეგმავს.

 

myquiz