რა შეფასებები მოჰყვა "გაზპრომისგან" ფულადი ანაზღაურების მიღებას | Allnews.Ge

რა შეფასებები მოჰყვა "გაზპრომისგან" ფულადი ანაზღაურების მიღებას

ქართული მხარე რუსეთიდან სომხეთში გაზის ტრანზიტის საფასურის გადახდის ფორმასთან დაკავშირებით "გაზპრომ ექსპორტის" მოთხოვნას დათანხმდა.

"გაზპრომ ექსპორტის" საბოლოო წინადადება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილეს და როგორც ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა, ხელშეკრულების ახალი პირობების შესაბამისად გაფორმების გადაწყვეტილება მიიღეს.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას არაერთმნიშვნელოვანი გამოხმაურება მოჰყვა. როგორც ექსპერტმა,  სოსო ცისკარიშვილმა აღნიშნა, ენერგეტიკის მინისტრს "სამწუხაროდ, ძალიან მოკლე მეხსიერება აქვს და რატომღაც დღეს აღარ ახსენებს იმ არგუმენტებს, რომელიც 2016 წელს მან ბოლოსდაბოლოს შეისმინა და დაიყოლია "გაზპრომი" იმ პირობებზე, რომელიც მისაღები და წლების განმავლობაში უცვლელი იყო".

ქართული მხარე გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ "გაზპრომისგან" ფულადი ანაზღაურების მიღებას დათანხმდა

"ახლა მისი კმაყოფილებით აღსავსე გამომეტყელება რატომღაც სხვა აზრებსაც წარმოშობს.სრულიად უდროოდ, უადგილოდ და უსინდისოდ გაჟღერდა ჯერ მზაობა იმისა, რომ ჩვენი გაზსადენის 25% თურმე უნდა გავასხვისოთ, ახლა ამაზე დუმილის რეჟიმშია ჩვენი მთავრობა, მაგრამ 2017 წელი მალე გაივლის.

რა თანხებზე შეიძლება იყოს ლაპარაკი და რა ასეთი სიტყვის აღმასრულებელი სუბიექტია "გაზპრომი"?.

ჩვენი მოკლე მეხსიერება რომ დავძაბოთ, გავიხსენებთ, რა დღეში ჩაგვაგდო ამ პოლიტიკურმა ორგანიზაციამ და არა მხოლოდ გაზის მიმწოდებელმა სუბიექტმა - საქართველო სიცივეში დატოვა სწორედ პოლიტიკური მიზეზებით", - განაცხადა ცისკარიშვილმა.

ექსპერტი მთავრობის გადაწყვეტილებას კაპიტულაციას უწოდებს.

განსხვავებული მოსაზრება აქვს საპარლამენტო უმრავლესობის წევრ რევაზ არველაძეს. კითხვაზე - ჰქონდა თუ არა სხვა გამოსავალი ქართულ მხარეს, რევაზ არველაძემ განაცხადა, რომ აღნიშნულ კითხვაზე პასუხის გაცემა იმ შემთხვევაში შეეძლებოდა, "გაზპრომის" წარმომადგენლებთან მინსკში გამართულ შეხვედრას თავადაც რომ დასწრებოდა. "მიმაჩანია, რომ კახა კალაძე არის ძალიან კარგი პოლიტიკოსი, დიპლომატი, ძალიან კარგად გაერკვა ენერგეტიკის საკითხებში და არ მგონია, რომ რაიმე შეცდომა დაეშვა", - აღნიშნა არველაძემ.

"გაზპრომთან" მიღწეული შეთანხმება არის მაქსიმუმი, რაც ამ პირობებში შესაძლებელი იყო, რომ გაკეთებულიყო, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.

ბუნებრივი აირი თუ ფული - რა შემთხვევაში უფრო მეტ სარგებელს მივიღებთ "გაზპრომისგან"

მისივე თქმით, ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რომ პირველი იანვრიდან ხელშეკრულება აღარ არსებობდა და ურთიერთობებს არაფერი არეგულირებდა.

"არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხელშეკრულება განულდა პირველ იანვარს და ჩვენ ხელშეკრულება აღარ გვქონდა - ანუ არაფერი არ არსებობდა და ჩვენს ურთიერთობებს არაფერი არ არეგულირებდა.

ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით.

პოლიტიკურად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოება შევინარჩუნეთ სრულად. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი აზერბაიჯანი დარჩა, ჩვენი გაზის მოწოდება დარჩა აზერბაიჯანიდან. ამ ნაწილში ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ამ ნაწილში არანაირი ცვლილება არ არის", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი რომან გოცირიძე "გაზპრომის" საკითზე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას მოღალატურს უწოდებს.

როგორც რომან გოცირიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ყველა არგუმენტი, რაც შარშან ჰქონდა მთავრობას "გაზპრომთან" დათმობაზე წასვლის გასამართლებლად, ამოწურულია.

"მთავრობის ეს გადაწყვეტილება არის მოღალატური. აჩვენებს, რომ ხელისუფლება ექცევა რუსეთის გავლენის ქვეშ. ყველა არგუმენტი, რაც შარშან ჰქონდა მთავრობას "გაზპრომთან" დათმობაზე წასვლის გასამართლებლად, ამოწურულია. შაჰდენიზის საერთაშორისო კონსორციუმმა 500 მილიონი კუბური მეტრი გაზი გამოგვიყო დამატებით და ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენშიც გატარების უფლება მოგვცა. მიუხედავად ამისა, მთავრობამ კაპიტულაცია მოახდინა.

აქ იკვეთება პირადი ინტერესებიც და ამას ადრე თუ გვიან ფარდა აეხდება.

რუსეთის შემდგომი სამიზნე თბილისის გაზგამანაწილებელი სისტემა იქნება, რომელიც "ყაზტრანსგაზის" საკუთრებაშია. ამის შემდეგ კი რკინიგზა.

ესაა მცოცავი ეკონომიკური ანექსია", - განაცხადა რომან გოცირიძემ

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას აზრით, საქართველომ "გაზპრომთან" დაკავშირებით ოპტიმალური გადაწყვეტილება მიიღო.

The Washington Post - დონალდ ტრამპის მრჩეველი საგარეო საკითხებში "გაზპრომის" კონსულტანტი იყო

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ენერგეტიკის სამინისტრომ საქართველოს ინტერესები მაქსიმალურად დაიცვა და ის მიღწეული შეთანხმების დრამატიზირების საფუძველს ვერ ხედავს.

სომხეთში გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ, ქართული მხარე "გაზპრომისგან" გატარებული ბუნებრივი აირის მთლიანი მოცულობის 10%-ს იღებს. დღეს ცნობილი გახდა, რომ ქართული მხარე რუსეთიდან სომხეთში გაზის ტრანზიტის საფასურის გადახდის ფორმასთან დაკავშირებით "გაზპრომ ექსპორტის" მოთხოვნას დათანხმდა. კერძოდ, საქართველო სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტის სანაცვლოდ "გაზპრომისგან" ფულად ანაზღაურებას მიიღებს. ახალი ხელშეკრულება ორწლიანი იქნება, რომლის თანახმად, პირველ წელს ნაწილობრივ ისევ რჩება ნედლეულით ანაზღაურების ფორმა, ხოლო შემდგომი წლიდან ფულადი ანგარიშსწორება გაგრძელდება.

myquiz