"21-ე საუკუნეში აღარაა მნიშვნელოვანი იცოდე ფორმულები" - განათლების მინისტრის მოადგილე ხმაურიან განცხადებასა და ახალ სასკოლო საგნებზე | Allnews.Ge

"21-ე საუკუნეში აღარაა მნიშვნელოვანი იცოდე ფორმულები" - განათლების მინისტრის მოადგილე ხმაურიან განცხადებასა და ახალ სასკოლო საგნებზე

ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში სრულიად ახალი საგანი "მოქალაქეობა" შევა. გარდა ამისა, მოსწავლეები დაიწყებენ ფინანსური განათლების მიღებას, რომელსაც განათლების სამინისტროს წარმომადგენელთა მოსაზრებით, საფუძველი ადრეულ ასაკში უნდა ჩაეყაროს. როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე აცხადებს, რეფორმის მიზანია, რომ მოსწავლეებმა მომავალში არ აიღონ ისეთი ფინანსური ვალდებულება, რომელსაც ვერ შეასრულებენ.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, სკოლებში ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა, საბაზო საფეხურზევე დატვირთულია ბევრი ისეთი თემით, რომელიც არ უკავშირდება მხოლოდ კონკრეტულ დისციპლინას და პიროვნების განვითარების შესაძლებლობას იძლევა.

"წელს უკვე დაწყებითი საფეხურის სწავლება განახლებული სტანდარტით ხორციელდება. ეს შეეხება პირველ-მეექვსე კლასებს, სადაც შევიდა ახალი საგანი - „მე და საზოგადოება“. სწავლების ფარგლებში, გაძლიერებულია სამოქალაქო განათლების კომპონენტი. ეს კურსი გრძელდება საბაზო საფეხურზეც და მე-7, მე-8, მე-9 კლასებშიც სამოქალაქო განათლების გაძლიერება ახალი სტანდარტით იქნება გათვალისწინებული. შესაბამისად, შემუშავდება ახალი სახელმძღვანელოები. ამ ეტაპზე, მე-7 კლასთან მიმართებაში გრიფირების ეტაპზე ვიმყოფებით, რომელიც ივნისის ბოლოსთვის დასრულდება და მე-7 კლასში განახლებული სახელმძღვანელოები ყველა საგანში ახალი სტანდარტით შევა", - აღნიშნა მან.

"მე-7 კლასში იქნება სრულიად ახალი საგანი „მოქალაქეობა“, რომელიც დაწყებით საფეხურზე დაწყებული საქმის გაგრძელებაა. ის მიზნად ისახავს, ჩვენი მოსწავლეების გააქტიურებას, მათში დემოკრატიული ღირებულებების განვითარებასა და გაძლიერებას. ფინანსური განათლების კომპონენტი ერთ-ერთია, რასაც ჩვენი აზრით, საფუძველი ადრეული ასაკიდან უნდა ჩაეყაროს. თუ ვსაუბრობთ გოგონებზე, რომლებიც უფრო დამოუკიდებლები გვინდა იყვნენ ცხოვრებაში, მაგალითად, ისწავლონ, როგორ დაგეგმონ საკუთარი ბიუჯეტი, როგორ მართონ ის, ფინანსური კომპონენტი სწორედ ამ განათლებას გულისხმობს. უკვე არაერთი წელია, ვთანამშრომლობთ ეროვნულ ბანკთან, მათთან ერთად შემუშავდა დამხმარე რესურსები. სტანდარტის შემუშავებაში ისინი ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართულები. მნიშვნელოვანია, მოსწავლეებმა ისე დაგეგმონ თავიანთი ცხოვრება, რომ არ აიღონ ისეთი ვალდებულებები, რომლებსაც მომავალში ფინანსურად ვერ შეასრულებენ. აქ საუბარია ანალიტიკური უნარების განვითარებაზე, რათა მათ გაცნობიერებულად, ადრეული ასაკიდან დაგეგმონ საკუთარი ცხოვრება. რაც, ცხადია, ზედა კლასებში კიდევ უფრო ვითარდება", - განმარტავს განათლების მინისტრის მოადგილე.

ირინა აბულაძის თქმით, სასწავლო პროგრამაში შევიდა ნაადრევ ქორწინებასთან, რეპროდუქციულ განათლებასა და ფიზიოლოგიასთან დაკავშირებული თემები, რათა მოსწავლე უკეთ იყოს გათვიცნობიერებული იმ ცვლილებებში, რაც მისი და მისი თანატოლების თავს ხდება ან მოხდება. მისი თქმით, აღნიშნული მიმართულება მე-7 კლასის სასაწავლო პროგრამაშია გათვალისწინებული.

"სანამ მოსწავლე მივა თინეიჯერობის ასაკამდე, მან უნდა იცოდეს, რა პროცესები მიმდინარეობს მის ორგანიზმში, რათა გააცნობიეროს ის ცვლილებები, რაც მის თავს მოხდება და ხდება მის თანატოლებში... სახელმძღვანელოების გრიფირება სულ მალე დასრულდება. პროცესში ჩართულია დამოუკიდებელ ექპსერტთა ჯგუფი, რომელიც ამ სახელმძღვანელოებს აფასებს", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

შეკითხვაზე, რა უნარების განვითარებას ემსახურება განათლების სისტემაში შეტანილი ცვლილებები და რას გულისხმობდა მისი მოსაზრება, მოქალაქის საზოგადოებრივ როლთან დაკავშირებით ("21-ე საუკუნეში უკვე აღარაა მნიშვნელოვანი იცოდე მათემატიკის კონკრეტული ფორმულები, ან კიდევ ფიზიკის. უნდა აღიზარდოს მოქალაქე, რომელსაც საზოგადოებაში საკუთარი როლი აქვს გაცნობიერებული") ირინა აბულაძე პასუხობს, რომ "ამაში არ იგულიხმება ის, რომ რომელიმე დისციპლინას ნაკლები მნიშვნელობა ექნება". მისივე თქმით, ეს მოსაზრება არც იმას ნიშნავს, რომ აღარ გახდება საჭირო კონკრეტული თეორიული ცოდნის მიცემა.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, მოსწავლემ თეორიული ცოდნის ხარჯზე, ბუნებაში მიმდინარე მოვლენების ახსნა უნდა შეძლოს, რაც განვითარებულ ანალიტიკურ აზროვნებას გულისხმობს.

"დისციპლინების მიმართულებით ცვლილება არ იგეგმება. არ ვთვლით, რომ რომელიმე საგანი ან დისციპლინა ნაკლებმნიშვნელოვანია. მაგრამ ერთია, მოსწავლეს მივცეთ თეორიული ცოდნა და მეორე, მან ახსნას ბუნებაში მიმდინარე მოვლენები ამ თეორიაზე დაფუძნებით. ხშირად ვამბობთ, რომ მარტივ მოვლენებს ვერ ხსნიან მოსწავლეები, მაგალითად, რატომ დგას მაგიდა იატაკზე და რატომ არ იწევა ჰაერში, ან რატომ დაფრინავს თვითმფრინავი, რა ხდება ამ დროს. ასე რომ, ფიზიკის კანონები, მათემატიკის ფორმულები, ქიმია არის მნიშვნელოვანი, მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რომ თეორიული ცოდნა გაიაზრონ და დააკავშირონ გარემოსთან და რეალურ ცხოვრებასთან", - განმარტა მან.

როგორც განათლების მინისტრის მოადგილე განმარტავს, სისტემის რეფორმის მიზანი "განვითარებული მოქალაქეების აღზრდაა". მისი თქმით, რეფორმის ფარგლებში დიდი აქცენტი გაკეთდება საგნობრივ კავშირებზე.

"ძალიან დიდი სამუშაო გვაქვს ღირებულებათა ნაწილზე და ასევე იმაზე, რომ ჩვენი ახალგაზრდები იყვნენ აქტიურები სამოქალაქო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ერთია, ვასწავლოთ ფორმულები, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი, აუცილებელია მოსწავლის მთლიანი განვითარება, რაც უნდა უზრუნველყოს სკოლამ, მშობელმა და ოჯახმა", - განაცხადა აბულაძემ.

ექსპერტი განათლების საკითხებში თამარ მოსიაშვილი მიიჩნევს, რომ სკოლებში რეპროდუქციული და ფინანსური განათლების შეტანა დადებითი ნაბიჯია, თუმცა მისი ინფორმაციით, რეპროდუქციული განათლება ბიოლოგიის სახელმძღვანელოში, ახალ რეფორმამდეც გათვალისწინებული იყო. წაიკითხეთ ექსპერტის მოსაზრება

myquiz