"გახდი სტუდენტი გამოცდების გარეშე!" - უნდა ენდოთ თუ არა მსგავსი ინფორმაციის შემცველ sms-შეტყობინებებს? | Allnews.Ge

"გახდი სტუდენტი გამოცდების გარეშე!" - უნდა ენდოთ თუ არა მსგავსი ინფორმაციის შემცველ sms-შეტყობინებებს?

რამდენიმე დღის წინ მობილურზე მოვიდა INSTITUTI-ს შეტყობინება, რომლის გახსნის შემდეგ შევიტყვე, რომ გარკვეული ცენტრი, რომელიც ვაჟა-ფშაველას 45 ნომერში მდებარეობს, საქართველოს ნებისმიერ უნივერსიტეტში მობილობის გზით, თანაც გამოცდების გარეშე ჩარიცხვას მთავაზობს. ტექსტი იწყება ასე - "გახდი სტუდენტი გამოცდების გარეშე!"- ერთი შეხედვით, მიმზიდველი წინადადებაა, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ხანგრძლივი და დამღლელი აბიტურიენტობის პერიოდის გავლა არ სურს ან აღნიშნული გზა უკვე გაიარა, თუმცა რაღაც მიზეზების გამო და უფრო იმიტომ, რომ რომელიმე საგანში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა, წინასწარ დარეგისტრირებულ ვერც ერთ უმაღლეს სასწავლებელში ვერ მოხვდა.

"მობილობა 3 თვეში საქართველოში ნებისმიერ უნივერსიტეტში. მისამართი: ვაჟა-ფშაველას №45. ფასი 2500 ლარი"- ნათქვამია sms-შეტყობინებაში და აქვე მითითებულია საკონტაქტო ნომრები მათთვის, ვისაც დეტალური ინფორმაციის მიღება მოესურვება.

აღნიშნულ ნომერზე დარეკვის შემდეგ Allnews.ge-მ შეიტყო, რომ ჩაბარების მსურველებს, რომლებიც ვაჟა-ფშაველას №45-ში მდებარე ცეტრთან თანამშრომლობას გადაწყვეტს, 1 სემეტრის ანუ 3 თვის განმავლობაში სწავლა უკრაინის ან სომხეთის უნივერსიტეტში მოუწევს, რომელიც ცენტრის წარმომადგენლის განმარტებით, აკრედიტებულია და საქართველოში მობილობით გადმოსულ სტუდენტს არანაირი პრობლემა არ შეექმნება. აქვე შევიტყვეთ, რომ უკრაინისა და სომხეთის უნივერსიტეტში სასურველ პროფესიას აირჩევს და საგნებსაც ჩვეულებრივ გაივლის სტუდენტი. ერთი სემესტრის შემდეგ კი მობილობის გზით საქართველოს ნებისმიერ უნივერსიტეტში ჩარიცხვას გამოცდების გარეშე შეძლებს.

"ერთი სემესტრი მოგიწევთ სწავლა სომხეთში ან უკრაინაში, პირველ სემესტრს იქ გაატარებთ ანუ სამი თვის განმავლობაში ისწავლით იქ და მეორე სემესტრიდან ჩამოხვალთ საქართველოში და გააგრძელებთ სწავლას აქ", - გვეუბნება ცენტრის წარმომადგენელი.

ფასები განსხვავებულია უკრაინისა და სომხეთის შემთხვევაში. უკრაინაში ერთი სემესტრის გატარების მსურველს 1300 დოლარის გადახდა მოუწევს ლარის ეკვივალენტში, სომხეთში სწავლის მსურველმა კი 1100 დოლარი უნდა გადაიხადოს.

როგორც ცენტრის წარმომადგენელმა გვითხრა, გადასახადი 5 თვეზე ნაწილდება და სტუდენტს 5 თვის განმავლობაში შეეძლება აღნიშნული თანხის გადახდას, აქვე გასათვალისწინებელია, რომ ცენტრი სწავლის მსურველთან კონტრაქტს აფორმებს, სადაც ეს ყველაფერი დეტალურად იქნება გაწერილი.

რამდენად კანონიერია მათი საქმიანობა?

კითხვით, არის თუ არა მსგავსი ცენტრების ფუნქციონირება ლეგალური, ჩვენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მივმართეთ. სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის განმარტებით, მათ იციან მსგავსი ცენტრების ფუნქციონირების შესახებ და ამ ცენტრებს აქვთ კიდეც არსებობის უფლება, რადგან განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ისინი, როგორც წესი, უცხო ქვეყნების უნივერსიტეტებს წარმოადგენენ საქართველოში და სრულიად ლეგალურად ფუნქციონირებენ.

განათლების სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, ჩვენ ასევე შევიტყვეთ, რომ წინა წლებისგან განსხვავებით მიმდინარე წელს საზღვარგარეთ წასულ და საქართველოს უნივერსიტეტში მობილობის გზით დაბრუნებულ სტუდენტს ერთიანი ეროვნული გამოცდის ჩაბარება მაინც მოუწევს.

"ადრე იყო ასე, რომ აქ ადამიანებს შეეძლოთ უგამოცდოდ ჩაბარება, შემდეგ მიდიოდნენ იმ ქვეყანაში, რომელ ქვეყანასაც წარმოადგენდნენ ეს ცენტრები და შემდეგ ჩამოდიოდნენ საქართველოში მობილობით. მაგრამ ახლა უკვე თუ წავა და მერე ჩამოვა, მათ შეეძლებათ მობილობის გაკეთება, მაგრამ აქ გამოცდა უნდა ჩააბარონ. გამოცდის გარეშე საქართველოში ვერ გააგრძელებენ სწავლას",- გვეუბნება სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი.

განათლების სამინისტროდან მიღებული ინფორმაციიდან გამომდინარე შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ უკვე მიმდინარე წელს სხვა წლებისგან განსხვავებით, მიმზიდველი წინადადება "გახდი სტუდენტი გამოცდების გარეშე!"- ბოლომდე სიმართლეს არ შეესაბამება, თუ სწავლის გაგრძელება საქართველოს უმაღლეს სასწავლებელში გსურთ.

შეგახსენებთ, გასულ წელს, განათლების სამინისტრომ გაავრცელა გაფრთხილება აბიტურიენტებისთვის, რომელშიც ეწერა - "თაღლითური ჯგუფების გააქტიურებიდან გამომდინარე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აბიტურიენტებს თხოვნით მიმართავს, სწავლის გაგრძელებამდე დააზუსტონ, მათ მიერ შერჩეული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება წარმოადგენს თუ არა ავტორიზებულ სუბიექტს.

როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო იუწყება, სავარაუდოდ, თანხების გამოძალვის მიზნით, ინტერნეტსივრცეში ბოლო დროს, აბიტურიენტებს სულ უფრო და უფრო მეტად სთავაზობენ გამოცდების გარეშე სრულიად გაუგებარ უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელებას, საიდანაც, თითქოს, პირველივე სემესტრშია შესაძლებელი სტუდენტმა სწავლა მისთვის სასურველ ნებისმიერ სხვა უნივერსიტეტში გააგრძელოს.

როგორც სამინისტოში განმარტავენ, მსგავსი შეთავაზება მეტად სარისკოა, რადგან ასეთ სასწავლებლებს, როგორც წესი, არ

აქვთ გავლილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებისთვის აუცილებელი პროცედურა - ავტორიზაცია".

myquiz