სასკოლო სახელმძღვანელოები, შესაძლოა, თურქულმა კომპანიამ დაბეჭდოს | Allnews.Ge

სასკოლო სახელმძღვანელოები, შესაძლოა, თურქულმა კომპანიამ დაბეჭდოს

I-VI კლასების გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოები შესაძლოა თურქულმა კომპანიამ დაბეჭდოს. ელექტრონული ტენდერი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრიუქტურის განვითარების სააგენტომ მიმდინარე წლის 2 ივლისს გამოაცხადა.

წინადადებების მიღება 17 ივლისს დასრულდა.

ბეჭდვაზე გამოცხადებულ ტენდერში სამმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, მათ შორის ორი ქართული შპს "ახალი საქართველო" და სპს "კონსორციუმი - ქართული სტამბების გაერთიანება სეზანი, ფავორიტი სტილი, გამომცემლობა "კოლორი" და ერთი თურქული კომპანია ihlas gazetecilik anonim şirketi იყო.

მათ შორის ყველაზე კონკურენტუნარიანი ფასი, 7 მლნ ლარი თურქულმა კომპანია ihlas gazetecilik anonim şirketi-მა წარმოადგინა. შპს "ახალმა საქართველომ" საერთო ღირებულებად 8.8 მილიონი ლარი წარადგინა, ხოლო კონსორციუმმა, რომელიც ქართული სტამბების "სეზანის", "ფავორიტი სტილის", გამომცემლობა "კოლორის" გაერთიანებაა - 8.4 მილიონი ლარი დაასახელა.

ვაჭრობა სახელმწიფო შესყიდვების გვერდზე გაიმართა. ტენდერის თანახმად, 2 569 744 სახელმძღვანელო უნდა დაიბეჭდოს, მათ შორის პირველ ეტაპზე დასარიგებელია - 1 816 236 ცალი წიგნი და 1 298 447 რვეული. გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება ჯერ არ გაფორმებულა, თუმცა კონტრაქტის წინა დოკუმენტაცია სახელმწიფო შესყიდვების ვებ-გვერდზე უკვე ატვირთულია.

myquiz