უფასო და ფასიანი საზაფხულო ბანაკები - სად შეგვიძლია წელს ბავშვები დავასვენოთ? | Allnews.Ge

უფასო და ფასიანი საზაფხულო ბანაკები - სად შეგვიძლია წელს ბავშვები დავასვენოთ?

თუ თავად ვერ აღწევთ თავს ზაფხულის ცხელ დღეებს, ალბათ გსურთ, რომ გამწვანებულ, გრილ გარემოში ბავშვები მაინც გაუშვათ და თანაც გარკვეული საგანმანათლებლო და ფიზიკური აქტივობებითაც დააკავოთ. მიუხედავად იმისა, რომ საზაფხულო ბანაკების ნაწილში რეგისტრაცია უკვე დასრულდა, Allnews.ge-მ შეკრიბა იმ ბანაკების ჩამონათვალი, სადაც ბავშვი გაშვება ჯერ კიდევ შეგიძლიათ:

შერვუდი - შერვუდი 8-დან 18 წლის ბავშვებისთვის განკუთვნილი საგანმანათლებლო ბანაკია, სადაც ბავშვებს საშუალება ეძლევათ, კვალიფიციური მასწავლებლების დახმარებით შეისწავლონ ინგლისური ენა, გაიუმჯობესონ ცოდნის დონე/ხარისხი, შეიძინონ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული მეგობრები და ჩაერთონ სპორტულ და შემოქმედებით აქტივობებში.

ბანაკის სტრუქტურა კი ასეთია: ყოველ 10-15 ბავშვს ჰყავს გამოყოფილი ლიდერი, რომელიც ეხმარება მოზარდებს ადაპტაციაში, უზრუნველყფოფს მათ მაქსიმალურ ჩართულობას როგორც სასწავლო, ასევე შემოქმედებით და გასართობ პროცესებში.შერვუდის ბანაკი 28 ივნისიდან 4 ივლისამდე ანაკლიაში მიმდინარეობს, ხოლო 4 ივლისიდან 11 ივლისის ჩათვლით - ბაკურიანში. როგორც შერვუდში განმარტავენ, მსურველებს ორივე პროგრამაში შეუძლიათ მონაწილეობის მიღება. ამავდროულად, ყოფილი შერვუდელები დამატებითი სერვისებით სარგებლობენ. შერვუდში მონაწილეობის საფასური ანაკლიის შემთხვევაში 1 100 ლარს შეადგენს, ბაკურიანში - 990 ლარს.

"მომავლის ბანაკი" ანაკლიაში

"ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის" ორგანიზებით, საქართველოში ყოველწლიურად ხორციელდება ახალგაზრდული ბანაკის პროგრამა, რომლის ფარგლებში საზაფხულო სეზონის განმავლობაში, ანაკლიასა და შაორის ტბაზე ბანაკები ეწყობა. ანაკლიის მომავლის ბანაკში 2018 წლის ზაფხულში 14-18 წლის მოზარდები ისვენებენ, შაორის ტბაზე მდებარე ბანაკი კი შედარებით მაღალი ასაკობრივი ჯგუფისთვისაა.

ანაკლიის შვიდდღიანი ბანაკის მიზანია, ბანაკში დასასვენებლად მოიწვიოს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულე მოზარდები, რომლებსაც საშუალება მიეცემათ, მოინახულონ საქართველო, ურთიერთობა დაამყარონ თანატოლებთან, გაიუმჯობესონ ქართული ენის ცოდნა, დაათვალიერონ ქართული მატერიალური კულტურის ძეგლები, გაეცნონ ქართულ ტრადიციებს, მიიღონ მონაწილეობა ბანაკის მრავალფეროვან აქტივობებში, განავითარონ საკომუნიკაციო და სხვა სახის უნარ-ჩვევები.

კანდიდატების შერჩევისას უპირატესობა მიენიჭება დევნილის სტატუსის მქონე და ასევე იმ მოზარდებს, რომლებიც საქართველოში არ არიან ნამყოფი და აღნიშნულ პროექტში მონაწილეობა აქამდე არ მიუღიათ.

Glow Georgia

Glow Georgia გოგონების ბანაკია, რომელიც 14-17 წლის მოზარდებს იღებს. Glow-ს საზაფხულო ბანაკი ერთკვირიანია და ორ ნაკადად ტარდება. ბანაკი თითო ნაკადზე 14-16 წლის 50 გოგონას მრავალფეროვან თემატიკაზე აძლევს განათლებას: თვითშეფასება, გენდერული როლები, ლიდერობის განვითარება. მუშაობის სტილი მოიცავს როგორც ლექციებს, ისე დისკუსიებს მცირე ჯგუფებში. გოგონები უშუალო გამოცდილებას მიიღებენ ჯგუფის შეკვრის თამაშებისა და აქტივობების საშუალებით. 1-ლი ბანაკი იქნება რუსთავში 12-19 აგვისტოს, ხოლო მეორე 22-29 აგვისტოს ამავე ქალაქში.

ბანაკში მონაწილეობის მიღება უფასოა.

კიბერ ბანაკი ბაკურიანში

ბაკურიანში 8-დღიან საზაფხულო ბანაკში 11-18 წლის მონაწილეებს საშუალება ექნებათ, ისწავლონ როგორ ხორციელდება კიბერ-თავდასხმები და როგორ დაიზღვიონ თავი აღნიშნულისგან, სწავლობენ პროგრამირებას, მიიღებენ საჩუქრებს, დაისვენებენ და გაერთობიან და ასევე სერტიფიკატს მიიღებენ სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაციისგან.

ბანაკის სრული პროგრამის ღირებულება 840 ლარს შეადგენს. პირველი ნაკადის თარიღებია 28 ივნისი - 5 ივლისი, რომელიც უკვე მიმდინარეობს, ხოლო მეორე ნაკადი იწყებს 2 აგვისტოს და ასრულებს 9 აგვისტოს.

ArtHub Bediani Summer Camp

ArtHub-ის ბანაკი ბედიანის დედათა მონასტრის გვერდით, გამწვანებულ, ჯანსაღ გარემოში 9-15 წლამდე მოზარდებს იღებს. ბანაკის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აქტივობების ფარგლებში ჩატარდება სახალისო მასტერკლასები, ბავშვები დაკავდებიან ხატვით, დიზაინით, ჩრდილების თეატრით, პოპარტით, ფოტოგრაფიით. მოეწყობა კინოსეანსები, ინგლისურის ყოველდღიური პრაქტიკა, დისკუსიების კოცონთან, ინტელექტუალური თამაშები, სახალისო სპორტი, ლაშქრობები დაშბაშზე, წმინდა ეკატერინეს ტაძართან, სპეციალური ველოტური.

ბანაკის აქტივობების ფარგლებში გათვალისწინებულია სოფლის მეურნეობის ელემენტებიც, კერძოდ, მეფუტკრეობა და სათბურების სპეციფიკა.

ბანაკში დასვენების ღირებულება 530 ლარია და ბედიანში აქტივობები ორ ნაკადად, 2 ივლისისდან 13 ივლისამდე და 16 ივლისიდან 26 ივლისამდე მიმდინარეობს.

მეორე ნაკადისთვის რეგისტრაცია 6 ივლისს სრულდება.

"მზიანი სახლი"

"მზიანი სახლის" ბანაკი აწყურში 24 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით გაიმართება. ბანაკის მონაწილეთა ასაკი - 8-დან 15 წლამდეა:

- პირველი რაზმი - 8-10 წელი;

- მეორე რაზმი - 11-12 წელი;

- მესამე რაზმი 13-15 წელი;

ბანაკში მონაწილეობის ღირებულება არის 450 ლარი; ერთი ოჯახის წევრებისთვის - 405 ლარი (ფასდაკლება 10%); მზიანი სახლის ბანაკებში უკვე ნამყოფი მონაწილეებისთვის - 405 ლარი (ფასდაკლება 10%).

myquiz