საქართველოში ფინური განათლების სისტემის გარკვეული ელემენტების დანერგვა იგეგმება | Allnews.Ge

საქართველოში ფინური განათლების სისტემის გარკვეული ელემენტების დანერგვა იგეგმება

საქართველოს განათლების სისტემის განვითარების სტრატეგიაში ფინური განათლების გარკვეული ელემენტები იქნება ინტეგრირებული, - ამის შესახებ Allnews.ge-ს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლია გიგაურმა განუცხადა.

ლია გიგაურის განმარტებით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი ფინეთის განათლებისა და კულტურის მინისტრს რამდენჯერმე შეხვდა და მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველოში შექმნილ სამუშაო ჯგუფში ფინელი ექსპერტები ჩაერთვებოდნენ.

"როდესაც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა 7 მაისს განათლების ხარისხის გაუმჯობესებისათვის 12 ნაბიჯის პრეზენტაცია მოახდინა, იქ აღინიშნა, რომ საქართველოს განათლების სისტემის განვითარების სტრატეგიაში ინტეგრირებული იქნება ფინური განათლების გარკვეული ელემენტები, მოხდება მათი შერწყმა ჩვენს ეროვნულ მოდელთან, რა თქმა უნდა, ეს არანაირად არ გულისხმობს რაიმეს პირდაპირ გადმოტანას, ჩვენ ვმუშაობთ განათლების სისტემის განვითარების ეროვნულ მოდელზე. მინისტრი რამდენჯერმე შეხვდა ფინეთის განათლებისა და კულტურის მინისტრს და შეთანხმდნენ, რომ ჩვენთან შექმნილ სამუშაო ჯგუფში ჩაერთვებოდნენ ფინელი ექსპერტები და ერთობლივად იმუშავებდნენ ახალი კონცეფციის განვითარებაში, რომელიც ჩვენ უკვე, ფაქტობრივად, სამუშაო ვერსიის ფორმით შევქმენით და ასევე შეთანხმება მოხდა ფინური განათლების სისტემისთვის დამახასიათებელი საუკეთესო ელემენტების დანერგვასა და ადაპტირებასთან დაკავშირებით,- აღნიშნა ლია გიგაურმა.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კონკრეტულ დეტალებზე ჯერჯერობით არ საუბრობს, რადგან, მისი განმარტებით, სამუშაო ჯგუფი ჯერ დამოუკიდებლად მუშაობს და პროცესში ფინელი ექსპერტები მოგვიანებით ჩაერთვებიან, თუმცა ლია გიგაურის თქმით, პრინციპებზე შეთანხმება უკვე მიღწეულია.

"მოგეხსენებათ, რომ დღეს საერთაშორისო შეფასებებში ფინური განათლების სისტემა ერთ-ერთი ყველაზე უფრო წარმატებული გახლავთ ანუ შედარებით მაღალი რეიტინგი აქვს, შესაბამისად, ჩვენთვის საინტერესო იყო ამ სისტემის იმ გარკვეულ ელემენტებზე აქცენტირება, რომელმაც მოკლე დროში სისტემას საგრძნობი პროგრესის მიღწევის საშუალება მისცა. რა თქმა უნდა, ჯერ კონკრეტულ დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ, რადგან სამუშაო ჯგუფი ჯერ დამოუკიდებლად მუშაობს და მხოლოდ მოგვიანებით ჩაერთვებიან ფინელი ექსპერტები, მაგრამ პრინციპებზე ვართ შეთანხმებული. პრინციპი გახლავთ მთავარი დამახასიათებელი ინტერდიციპლინური და მულტიდისციპლინური მიდგომა, მოსწავლეზე ორიენტაცია ინდივიდუალური მიდგომით, სააზროვნო უნარების განვითარება და განსაკუთრებულად დაწყებით საფეხურზე სწორედ ამ მულტიდისციპლინური მიდგომის ისე დანერგვა, რომ ერთი ფენომენი სხვადასხვა კუთხით დისციპლინის იყოს განხილული და ისე ვასწავლოთ ბავშვებს. ამას დაწყებით საფეხურზე დიდი მნიშვნელობა სწორედ იმიტომ აქვს, რომ ბავშვმა სამყარო მთლიანობაში დაინახოს, საკუთარ რეალურ ცხოვრებასთან დააკავშიროს და ახალი ცოდნის მიღების საფუძველი და ინტერესი შევუქმნათ - ეს არის მთავარი ამოსავალი და ამ პრინციპების დანერგვა და გადათარგმნა უკვე სასწავლო გეგმებში, სამოქმედო გეგმებში კონკრეტულად როგორ მოხდება, დეტალურად ჩვენ ალბათ უკვე სექტემბერში ვისაუბრებთ", - აღნიშნა მან.

ლია გიგაურის განმარტებით, საუბარია აზროვნებაზე და არა დაზეპირებასა და ინფორმაციის დამახსოვრებაზე ორიენტირებულ მიდგომაზე ანუ მიწოდებული ინფორმაციის გააზრებაზე.
"ეროვნულ მოდელში ჩვენ სწორედ ამ ელემენტების გადმოტანა გვინდა, რა თქმა უნდა, ადაპტირებულად, იმ შესაძლებლობების ფარგლებში, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია და ჩვენს სამუშაო ჯგუფში ფინელი ექსპერტების ჩართულობა სწორედ ამიტომ გვჭირდება, რომ თვითონ ექსპერტებმაც უკეთ გაიაზრონ ამ მოდელის ძლიერი მხარე და შეაფასონ, ქართულ რეალობაში რისი გადმოტანა და დანერგვა შეგვიძლია, რომ ჩვენი მოდელი ნამდვილად ეროვნული მოდელი იყოს, მაგრამ ამავე დროს იმ საუკეთესო გამოცდილებას ითვალისწინებდეს, რომელიც დაგროვდა სხვადასხვა ქვეყანაში და მათ შორის ყველაზე მეტად ფინეთში" - განმარტავს ლია გიგაური.

ფინეთის "საგანმათლებლო სასწაული" - რა უნდა გადმოვიღოთ ფინური განათლების სისტემიდან?

გიგაურის თქმით, საბოლოოდ დამუშავებული კონცეფციის მოქმედ კონცეფციაზე შედარება უნდა მოხდეს და გამოიკვეთოს, რა იქნება არსებითად შესაცვლელი და რა საჭიროებს კორექტირებას.

"მოგეხსენებათ ჩვენ სექტემბრიდან, დაწყებით საფეხურზე ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვას ვიწყებთ, ზაფხულის განმავლობაში მასწავლებლები გადამზადდებიან, აზროვნებაზე ორიენტაციას ჩვენთვისაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და არაერთხელ გავაჟღერეთ, რომ სწორედ ამ კუთხით არის შეცვლილი ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტები და ამაზე წლების განმავლობაში ვმუშაობდით. ძალიან ბევრი რამ უკვე გათვალისწინებული გვაქვს, ჩვენ დეკლარირებას ვახდენთ, რომ მაქსიმალური უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ დეკლარირებული ბავშვზე ორიენტირებული მიდგომა რეალურად დაინერგოს საქართველოს ზოგადი განათლების სისტემაში, დაწყებით საფეხურზე ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის ფარგლებში, შესაბამისად, როდესაც შედარებით ანალიზს გავაკეთებთ, რომ კიდევ რაც ცვილებები გვჭირდება, ეტაპობრივად დავიწყებთ დანერგვას", - განმარტა ლია გიგაურმა Allnews.ge-სთან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ განათლების სისტემის განვითარების სტრატეგიაში ფინური განათლების გარკვეული ელემენტების ინტეგრირებასთან დაკავშირებით მიხეილ ჩხენკელმა განათლების ხარისხის გაუმჯობესებისათვის საზოგადოებას განათლების სამინისტროს სამოქმედო გეგმა წარუდგინა.

myquiz