სად უხდიან მასწავლებლებს ყველაზე მეტ ხელფასს | Allnews.Ge

სად უხდიან მასწავლებლებს ყველაზე მეტ ხელფასს

მშობელს, რომელმაც დილით შვილი სკოლაში დატოვა, სჯერა, რომ საგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალი ბავშვს განვითარებასა და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაში, სირთულეების დაძლევასა და გამოწვევების მიღებაში დაეხმარება. ეს მასწავლებლისთვის დაკისრებული საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობაა - მაგრამ ხდება თუ არა ამ პასუხისმგებლობის სწორად ასახვა მათ სოციალურ სტატუსსა და ანაზღაურებაში და როგორ აფასებს მსოფლიო მასწავლებლებს?

Varkey Foundation-ის მიერ 2013 წელს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, რომელიც მასწავლებლების სოციალურ სტატუსს ეხება, პედაგოგები აზიურ საზოგადოებაში უფრო დაფასებულები არიან, განსაკუთრებით ჩინეთში, სამხრეთ კორეასა და სინგაპურში, ვიდრე დასავლეთის ქვეყნებში, სადაც აღნიშნული მაჩვენებელი გაცილებით დაბალია.

მასწავლებლების სტატუსის გლობალურმა ინდექსმა აჩვენა, რომ 21 ქვეყანაში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, 14 პატივსაცემი პროფესიიდან მასწავლებლობა მეშვიდე ადგილს იკავებს და უსწრებს ისეთ პროფესიებს, როგორიც სოციალური მუშაკი და ბიბლიოთეკარია. მხოლოდ ჩინეთი აღმოჩნდა ისეთი ქვეყანა, რომელმაც მასწავლებლები ექიმებს გაუთანაბრა.

მასწავლებლების სტატუსის გლობალური ინდექსის ავტორის, პროფესორ პეტერ დოლტონის განმარტებით, სხვადასხვა ქვეყანაში პედაგოგების სოციალური სტატუსი სხვადასხვა ფაქტორზე, მათ შორის, ღირებულებათა სისტემაზე, ისტორიულ და კულტურულ ტრადიციაზე არის დამოკიდებული. პროფესორის თქმით, ისეთ ქალაქში, როგორიც ნიუ-იორკია, სადაც ყველაფერი ფინანსურ კეთილდღეობაზეა აწყობილი, მასწავლებლის სტატუსიც მის გამომუშავებზე არის დამოკიდებული, მაშინ როცა ჩინეთში, რომელის კულტურული ღირებულებები უფროსების პატივისცემას მოითხოვს, მასწავლებელს გაცილებით მაღალ სოციალურ სტატუსს ანიჭებს მისი ანაზღაურების მიუხედავად.

რამდენმა მასწავლებელმა გადაინაცვლა მომდევნო საფეხურზე ორი წლის განმავლობაში?

სანამ იმ ქვეყნების ჩამონათვალს წარმოგიდგენდეთ, სადაც მასწავლებლებს ყველაზე მაღლი და დაბალი ანაზღაურებები აქვთ, გეტყვით, რომ იმ ქვეყნებში, სადაც მასწავლებლებს მაღალი სოციალური სტატუსი და კარგი ანაზღაურება აქვთ, ყველაზე წარმატებულ მოსწავლეებს ზრდიან. ეს სტუდენტების შეფასების საერთაშორისო პროგრამამაც დაადუსტურა, რომელმაც 15 წლის ასაკის ბავშვების მათემატიკაში, მეცნიერებასა და კითხვაში ჩაბარებული გამოცდის შედეგები გაანალიზა და დაასკვნა, რომ აზიელი ბავშვების შედეგები მოწინავე ადგილებზე გავიდა, პირველი ადგილი კი სინგაპურელმა ბავშვებმა დაიკავეს. უნდა აღინიშნოს, რომ სინგაპურელ მასწავლებლებს პროფესიული განვითარებისთვის ყოველწლიურად 100 საათი აქვთ გამოყოფილი და ისინი განათლების ეროვნულ ინსტიტუტში იმაღელებენ კვალიფიკაციას.

ანაზღაურების თვალსაზრისით, მასწავლებლობისთვის ყველაზე კარგ ადგილად ევროპა ითვლება.
მაგალითად, ლუქსემბურგში დამწყები პედაგოგის წლიური ანაზღაურება იმაზე მაღალია, ვიდრე აზიაში მცხოვრებმა ზოგიერთმა მასწავლებელმა შეიძლება, მთელი ცხოვრების განმავლობაში გამოიმუშაოს.

OECD-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ლუქსემბურგში საშუალო სკოლის გამოუცდელი მასწავლებლის წლიური ანაზღაურება 79 ათასი დოლარია, ვეტერანი პედაგოგის უმაღლესი წლიური ანაზღაურება კი 137 ათას დოლარს აღწევს. ლუქსემბურგში დაწყებითი სკოლის სტაჟიანი მასწავლებლის ანაზღაურებაც საკმაოდ მაღალია თუ გავითვალისწინებთ, რომ ის წელიწადში 122 თას დოლარს გამოიმუშავებს.

ქვეყანა, სადაც მასწავლებლის საშუალო წლიური ხელფასი 120 000 დოლარი იყო

დაწყებით სკოლაში მასწავლებლების საუკეთესო ანაზღაურების თვალსაზრისით, შვეიცარია მეორე ადგილს იკავებს, გამოცდილი პედაგოგის უმაღლესი ანაზღაურება კი 84 ათას დოლარს შეადგენს. ევროპულ ქვეყნებს არ ჩამორჩება სამხრეთ კორეის მასწავლებლების ანაზღაურება, რომელიც მესამე ადგილზეა და სტაჟიანი მასწავლებლის საუკეთესო ანაზღაურება 79 ათას დოლარს შეადგენს, მეოთხე ადგილს კი გერმანია იკავებს.

ამერიკის შეერთებული შტატები მეხუთე ადგილასაა, რადგან დაწყებითი სკოლის გამოცდილი მასწავლებლის საუკეთესო წლიური ანაზღაურება 68 ათას დოლარს შეადგენს. ყველაზე ცუდი ანაზღაურება მასწავლებლებს სლოვაკეთში, ჩეხეთში, უნგრეთში, პოლოთეთსა და თურქეთში აქვთ. აქ დაწყებითი სკოლის ყველაზე გამოცდილი მასწავლებლების უმაღლესი ანაზღაურება შესაბამისად 19, 22, 25, 26 და 32 ათასი დოლარია, რაც მკვეთრად განსხვავდება პირველ ხუთეულში შესული ქვეყნებისგან.

ვითარება მცირედით განსხვავდება საშუალო სკოლის პედაგოგების შემთხვევაში. შვეიცარიაში ყველაზე გამოცდილი მასწავლებლის უმაღლესი წლიური ანზღაურება 107 ათასი დოლარია და ქვეყანა ამ მხრივ მეორე ადგილზეა ლუქსემბურგის შემდეგ. საშუალო სკოლის პედაგოგების ანაზღაურების თვალსაზრისით, მესამე ადგილს ამ შემთხვევაში გერმანია მეოთხეს კი სამხრეთ კორეა იკავებენ, სადაც პედაგოგების ანაზღაურება პირველ შემთხვევაში 89 ათასი დოლარი, მეორე შემთხვევაში კი 78 ათასი დოლარია. მეხუთე ადგილს რეიტინგში ავსტრალია იკავებს მასწავლებლებისთვის გადახდილი 76 ათასი დოლარით. ამერიკის შეერთებული შტატები მეშვიდე ადგილზეა, რადგან პედაგოგების წლიური ანაზღაურება ქვეყანაში სულ რაღაც 69 ათასი დოლარია.

მასწავლებლების ანაზღაურების კუთხით ყველაზე ცუდ ვითარებაში მყოფი ქვეყნების ჩამონათვალი კი უცვლელად გამოიყურება, თუმცა რეიტინგში უცვლელად არა მხოლოდ ქვეყნების პოზიციები დარჩა, არამედ ანაზღაურებაც.

myquiz