2 უმაღლეს სასწავლებელს ავტორიზაცია გაუუქმდა - რა ცვლილებებია მოსალოდნელი უმაღლესი განათლების მიმართულებით? | Allnews.Ge

2 უმაღლეს სასწავლებელს ავტორიზაცია გაუუქმდა - რა ცვლილებებია მოსალოდნელი უმაღლესი განათლების მიმართულებით?

საქართველოში 72 უმაღლესი სასწავლებელ ფუნციონირებს, საიდანაც 20 სახელმწიფოს მიერაა დაფუძნებული, 41 წარმოადგენს კერძო სამართლის იურიდიულ პირს, 11 უმაღლესი სასწავლებელი დაფუძნებულია საქართველოს საპატრიარქოს მიერ, საიდანაც 8 უმაღლესი სასწავლებელი ახორციელებს მხოლოდ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებს.

2018 წელს განმეორებითი ავტორიზაციის გავლა უწევს 29 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებას. თუკი, დაწესებულებას სურს საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება და დიპლომის გაცემა, მან კანონმდებლობით დადგენილი წესით უნდა გაიაროს ავტორიზაცია. როგორც უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, ლაშა მარგიშვილმა Allnews.ge-სთან საუბარში განაცხადა, მიმდინარე წელს მონიტორინგის შედეგად ავტორიზაცია გაუუქმდა 2 უმაღლეს სასწავლებელს - შპს თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტ "ჰიპოკრატესა" და შპს "თბილისის საერთაშორისო აკადემიას", რომლებმაც ლაშა მარგიშვილის თქმით, ავტორიზაციის ძველი, მინიმალური 3 სტანდარტი ვერ დააკმაყოფილეს.

გასულ წელს კი ავტორიზაცია ერთ უმაღლეს სასწავლებელს გაუუქმდა, კერძოდ, შპს "ამერიკის ბიზნესის აკადემიას", რომელმაც ავტორიზაციის გაუქმება თავად მოითხოვა.

უმაღლესი სასწავლებლების განმეორებითი ავტორიზაციის პროცესი ჯერ არ დაწყებულა, მიმართვიანობა მიმდინარე წლის თებერვლის მეორე ნახევრიდან დაიწყება და გადაწყვეტილების მიღების პროცესი 6 თვეს გასტანს.

უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის თქმით, 2016-2017 წლებში უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებთან მიმართებით არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა, რომელიც ხელს უწყობს უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარებას. ცვლილებების განხორციელება იგეგმება ასევე 2018 წლის განმავლობაშიც. ლაშა მარგიშვილი ავტორიზაციისა და აკრედიტაციის საკითხებზე და დაგეგმილ ცვლილებებზე Allnews.ge-ის დეტალურად ესაუბრა.

რა რეფორმები განხორციელდა 2018 წელს და რამ განაპირობა მათი ამოქმედება?

განათლების ხარისხის განვითარების შესახებ კანონში 2018 წლის იანვრის თვეში შევიდა ცვლილება, რომელიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სტუდენტთა მიღების შეზღუდვას ეხება. კერძოდ, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო უფლებამოსილი იქნება, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საკითხის განხილვისას სასწავლებელს სტუდენტთა მიღების უფლება არანაკლებ 1 წლის ვადით შეუზღუდოს. მაგალითად, თუკი, დაწესებულებას რომელიმე სტანდარტთან, მაგრამ არა საგანმანათლებლო პროგრამებთან და პერსონალთან მიმართებით დაუფიქსირდება შეუსაბამობა და საბჭო დარწმუნდება, რომ დაწესებულებას აქვს იმისი რესურსი, რომ მოკლე დროში გამოასწოროს შეუსაბამობა, შესაძლებელია საბჭომ მიიღოს გადაწყვეტილება სტუდენტთა მიღების უფლების შეზღუდვის თაობაზე. აქ მნიშვნელოვანია, რომ შეუსაბამობა დაწესებულებას არ უნდა უფიქსირდებოდეს საგანმანათლებლო პროგრამის და პერსონალის სტანდარტებში.

ასევე, მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს ისიც, რომ ავტორიზაციის დამწყებამდე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შეუძლიათ, საავტორიზაციო განაცხადის წარმოდგენამდე 3 თვით ადრე მოითხოვონ მოსამზადებელი ვიზიტის განხორციელება. მოსამზადებელ ვიზიტს აქვს საკონსულტაციო ხასიათი.

რა განსხვავებაა უნივერსიტეტის ავტორიზაციასა და პროგრამების აკრედიტაციას შორის და რამდენმა პროგრამამ ვერ დააკმაყოფილა აკრედიტაციის კრიტერიუმები?

აკრედიტაციას პროგრამები სხვადასხვა პერიოდში გადიან, არ არის აუცილებელი, რომ აკრედიტაციას წინ უმაღლესი სასწავლებლის ავტორიზაცია უსწრებდეს, კერძოდ, თუკი უმაღლესი სასწავლებელი მოქმედია, მას შეუძლია, პროგრამა აკრედიტაციაზე ნებისმიერ დროს წარმოადგინოს, ამიტომ პროგრამებისთვის აკრედიტაციის მინიჭება სხვადასხვა პერიოდებში ხდება.

რეგულირებადი პროფესიებისთვის, მაგალითად როგორიცაა: სამართალი, მედიცინა, ვეტერინარია, მასწავლებლის მომზადების პროგრამა, საზღვაო მეცნიერებები, ასევე სადოქტორო საფეხურის პროგრამებისთვის და ქართულ ენაში მომზადების პროგრამისთვის აკრედიტაციის გავლა სავალდებულოა. აკრედიტაციის გარეშე აღნიშნული პროგრამები ვერ განხორციელდება.

რაც შეეხება სტატისტიკას, დღეს მოქმედი აკრედიტაციის საბჭოს ფარგლებში 2018 წელს აკრედიტაციის მინიჭებაზე უარი 12 პროგრამას ეთქვა, რომელთა უმრავლესობა ახალი იყო და მასზე სტუდენტები ჯერ არ სწავლობდნენ და დაწესებულებას სურდა აკრედიტაციის გზით აღნიშნული პროგრამების განხორციელება. აკრედიტაციაზე უარის თქმის საფუძველი ძირითადად მდგომარეობდა სასწავლო რესურსების სიმწირეში, ასევე არსებითი ხასიათის შენიშვნები ჰქონდათ ექსპერტებს დაფიქსირებული საგანმანათლებლო პროგრამების შინაარსთან, სწავლა-სწავლების მეთოდოლოგიასთან, სტუდენტთა შეფასების კრიტერიუმებთან, ასევე ადამიანურ და მატერიალურ რესურსებთან დაკავშირებით.

გავრცელებული ინფორმაციით, იგეგმება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რაოდენობის შემცირება, რამდენად შეესაბამება აღნიშნული მოსაზრება სიმართლეს?

ამას წინასწარ ალბათ ვერავინ ვერ ვიტყვის, რადგან პროცესი ჯერ არ დაწყებულა ბუნებრივია, გადაწყვეტილებებიც ჯერჯერობით მიღებული არ არის. არცერთ ეტაპზე ჩვენი მიზანი არ ყოფილა უმაღლესი სასწავლებლების, სკოლების ან პროფესიული სასწავლებლების შემცირება, მიზანი არის განათლების ხარისხის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება.

გარდა აღნიშნული ცვლილებებისა, ცენტრში არაერთი მნიშვნელოვანი სიახლეა. კერძოდ, როგორც მოგეხსენებათ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი წარმოადგენს ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციის (ENQA) აფილირებულ წევრს. მიმდინარე წელს ცენტრმა გააკეთა განაცხადი აღნიშნული ასოციაციის სრულ წევრობაზე, რაც ხელს შეუწყობს საერთაშორისო დონეზე საქართველოში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მინიჭებული კვალიფიკაციების აღიარებასა და სანდოობას.

მეორე მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს ის, რომ ცენტრმა სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციასთან (WFME) დაიწყო თანამშრომლობა. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილია მსოფლიო ფედერაციისგან უფლების მოპოვება, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა განახორციელოს სამედიცინო მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაცია. სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციისგან აღიარების მოპოვება პირდაპირ უკავშირდება 2023 წლიდან ჩვენი კურსდამთავრებულების სამედიცინო განათლების აღიარებას შეერთებულ შტატებსა და მის ფარგლებს გარეთ. კერძოდ, 2023 წლიდან არ მოხდება იმ მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამების აღიარება, რომლებსაც აკრედიტაცია არ ექნებათ მინიჭებული იმ სააგენტოსგან, რომელსაც თავის მხრივ არ ექნება მოპოვებული სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის აღიარება. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ფედერაციისგან მოიპოვებს აკრედიტაციის განხორციელების უფლებას, მაშინ მის მიერ მინიჭებული აკრედიტაცია მთელს მსოფლიოში იქნება აღიარებული, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოში მოქმედი სამედიცინო პროგრამების კურსდამთავრებულები შეძლებენ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში სწავლის გაგრძელებასა და დასაქმებას.

myquiz