რომელი უცხო ენა უნდა ვასწავლოთ ბავშვს და რა ასაკიდან? - სპეციალისტების რჩევები მშობლებს | Allnews.Ge

რომელი უცხო ენა უნდა ვასწავლოთ ბავშვს და რა ასაკიდან? - სპეციალისტების რჩევები მშობლებს

ამბობენ, უცხო ენის სწავლას რაც უფრო პატარა ასაკიდან დაიწყებს ბავშვი, მით უფრო მარტივად და კარგად ისწავლისო. დროის ცვლასთან ერთად უცხო ენების პრიორიტეტულობაც იცვლება, ამ ეტაპზე ყველაზე მოთხოვნად და საერთაშორისო ენად ინგლისურია აღიარებული, თუმცა მშობლები არ ერიდებიან თავიანთი პატარებისთვის სხვა ენების შესწავლასაც.

რომელი და რამდენი უცხო ენა უნდა ვასწავლოთ ბავშვებს და რა ასაკიდან, ამ კითხვებზე პასუხების გასაგებად სპეციალისტებს ვესაუბრეთ.

განათლების ექსპერტის, სიმონ ჯანაშიას თქმით, ამა თუ იმ უცხო ენის შესწავლაზე არჩევანის გაკეთება ოჯახზეა დამოკიდებული.

"თუ მშობელი გარკვეული ეკონომიკური ინტერესით ხელმძღვანელობს, მაშინ შეიძლება მხოლოდ ისეთი ენები შეასწავლოს შვილს, საიდანაც მეტი ეკონომიკური სარგებელი ექნება, მაგრამ თუ მშობელი ფიქრობს ბავშვის მომავალ სწავლა-განათლებაზე, მაშინ სხვა ენას აირჩევს. ინგლისური უკვე სხვა ტიპის ენაა, ის არის საერთაშორისო ენა, რომელიც იცის ყველა ერის ნაწილმა და პრინციპში, მისი სწავლა აუცილებელიც არის, მაგრამ არსებობს კიდევ რეგიონალური ენები.

მაგალითად, ჩვენს რეგიონში ურთიერთობის ენა ჯერ კიდევ რუსულია, ზოგ შემთხვევაში ჩვენს მოქალაქეებს შორისაც რუსულია საკომუნიკაციო ენა. მაგრამ, ცხადია არის სხვა ენებიც, მაგალითად, ბევრი ახალგაზრდა სწავლობს გერმანულს, გერმანიაში სწავლის გასაგრძელებლად, რადგან იქ უფრო იაფია სწავლა, ცხოვრებაც ასე თუ ისე იაფია, მეტი შანსია, რომ ევროპაში მაღალი ხარისხის განათლება მიიღო და სწორედ ამიტომ ირჩევენ ამ ენას", - ამბობს ჯანაშია.

ფსიქოლოგ ნინო ახალაიას თქმით, უცხო ენის დაუფლებას თავისი ასაკობრივი პერიოდი აქვს. თუმცა, როგორც ის აღნიშნავს, გააჩნია სწავლების ფორმასაც.

უცხო ენის სრულფასოვანი შესწავლისთვის ბავშვი მზად უნდა იყოს ასაკობრივადაც, მაგრამ ადრეულ ასაკში სწავლა თამაშით, გარკვეული კითხვების მიწოდებით არის შესაძლებელი

კითხვაზე, ერთდროულად რამდენი ენა შეიძლება ვასწავლოთ პატარას, ფსიქოლოგი ამბობს, რომ ბავშვის დატვირთვა 2 და 3 ენით ძნელია.

"ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ოჯახური მდგომარეობა. როდესაც ოჯახი ბილინგუალია, პატარა ადრეული ასაკიდანვე დაბრკოლების გარეშე ითვისებს ორ ენას, მაგრამ ბავშვის მიზანმიმართულად გადატვირთვა, რომ რაც შეიძლება მეტი ენა ისწავლოს ადრეული ასაკიდან, გადაიზრდება ბავშვის გაღიზიანებაში, შესაძლებელია მეტყველებითი პრობლემებიც კი დაიწყოს".

"ხშირად, იმ მიზნით, რომ ერთდროულად ასწავლონ ინგლისური, რუსული, ფრანგული, ბავშვებს ამ ენებზე აყურებინებენ მულტიპლიკაციასაც და მშობლებს ამ დროს განსაკუთრებით მოსწონთ, მათი პატარები რამდენიმე ენაზე რომ უყურებენ ანიმაციებს, არადა ეს მომენტი კომპიუტერთან გატარებულ დიდ დროზე უფრო მიუთითებს და მეტზე არაფერზე", - ამბობს ნინო ახალაია.

ფსიქოლოგის თქმით, ზოგი მშობელი ბავშვებს უცხო ენის ასათვისებლად რამდენიმე ენაზე ელაპარაკება, რაც მისი თქმით, სწორი არ არის, რადგან „ბავშვს სჭირდება სისუფთავე ენის სწავლებასთან მიმართებაში“.

"ბავშვების ნერვულ სისტემას გაფრთხილება სჭირდება, მშობლებმა პატარების შესაძლებლობა ბოროტად არ უნდა გამოიყენონ. ბავშვები ბევრ რამეს ითვისებენ, მაგრამ რის ხარჯზე აკეთებენ ამას, ყოველთვის აქვს მნიშვნელობა", - ამბობს ფსიქოლოგი.

ენათმეცნიერ ზურა ვახანიას დაუშვებელად მიაჩნია, როცა ერთი ადამიანი ბავშვს 2 სხვადასხვა ენაზე ელაპარაკება.

"ზოგჯერ დედა ცდილობს ინგლისური ასწავლოს ბავშვს და ელაპარაკება ხან ინგლისურად, ხან ქართულად. ეს არ შეიძლება. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი ბუნებრივ გარემოში სწავლობს უცხო ენას, ათვისება უფრო უმტკივნეულოდ ხდება, მაგრამ აქაც წესები უნდა დავიცვათ, ერთი ადამიანი და ერთი ენა, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ პატარას ბიძა ელაპარაკება რუსულად, ის მხოლოდ რუსულად უნდა ელაპარაკოს.

ამას გარდა, 2 უცხო ენა უკვე მძიმეა ბავშვისთვის. ზოგი ბავშვის გონება იტანს, ზოგის ვერა და ზედმეტად იძაბება, ეს კი ამუხრუჭებს ბავშვის გონებრივ განვითარებას", - ამბობს ვახანია.

მისივე თქმით, ბავშვის აზროვნების განვითარებისთვის ხელისშემშლელია პირველ კლასში უცხო ენის სწავლება.

"კიდევ ერთი ტიპური შეცდომა, რაც გავრცელებულია არის ის, როცა ამბობენ, რაკი ბავშვი ქართველია, ქართული ისედაც იცისო. ქართული მეთორმეტე კლასელმა არ იცის წესიერად და ბავშვის ქართული ლექსიკა ძალიან შეზღუდულია, თანაც წინადადებებს ვერ ამთლიანებს, ფრაზების ნაწყვეტებით მეტყველებს და ეს ნიშნავს, რომ ბავშვი ჯერ კარგად ვერ აზროვნებს.

კიდევ ერთი შეცდომა, რაც ამ დროს მოსდით მშობლებს და სპეციალისტებს, ისინი ერთმანეთისგან არ არჩევენ უცხო და მეორე ენას. მეორე ენა არის ისეთი ენა, რომელიც ბავშვს გარემოში ესმის, მაგრამ უცხოა მისთვის

ხოლო ის, თუ რომელი უცხო ენა უნდა ვასწავლოთ ბავშვს, ეს უკვე მშობლის გადასაწყვეტია. ზოგს ჩინური ურჩევნია, ზოგს თურქული, ეგ მეცნიერების საქმე აღარ არის, მაგრამ მეცნიერების საქმე რაც არის გეტყვით, ქართველისთვის რუსულის სწავლა უფრო ადვილია, ვიდრე ინგლისურის იმიტომ, რომ გრამატიკული სტრუქტურები უფრო ახლოს არის რუსულისა ქართულთან, ვიდრე ინგლისურის. მაგალითად, ქართულის და რუსულის პუნქტუაცია თითქმის ემთხვევა, ინგლისური კი პრინციპულად განსხვავებულია", - ამბობს ზურა ვახანია.

რაც შეეხება მსოფლიო ტენდენციას, ჩინური და არაბული ენა პერსპექტიულად მიიჩნევა, ამიტომაც მაგალითად ამერიკელი მილიარდერები თავიანთ შვილებს უკვე აქტიურად ასწავლიან ჩინურს. საქართველოში კი ამ ორი ენის სპეციალისტების ნაკლებობაა, თუმცა, ჩინურის და არაბულის შესწავლის მსურველთა რაოდენობაც არ არის დიდი.

myquiz