საჯარო სკოლებს უფასო WiFi ექნებათ | Allnews.Ge

საჯარო სკოლებს უფასო WiFi ექნებათ

საქართველოში უფასო ინტერნეტით 2080-მდე სკოლა სარგებლობს, მათ შორის მაღალმთიან რეგიონებში არსებული საგანმანათლებლო დაწესებულებები. განათლების მართვის საინფორმაციო ცენტრი სკოლების ამჯერად უფასო WiFi-ით უზრუნველყოფას აპირებს. ცენტრის უფროსის, დიმიტრი ბერიძის თქმით, გასულ ზაფხულს  32 სკოლაში WiFi-ს სისტემები "მაიკროსოფტ საქართველომ" უკვე დაამონტაჟა. სკოლების უფასო WiFi-ით აღჭურვა გაგრძელდება.

 "მოსწავლეებისთვის WiFi სისტემები, მაქსიმალურად ხელმისაწვდომი უნდა იყოს, რომ სასწავლო პროცესი უფრო მეტად თანამედროვე გახდეს. 21-ე საუკუნეში ტრანსფორმაცია ხდება ელექტრონულ სწავლებაზე, რაც ძალიან მზარდია. 50 სკოლაში WiFi-ს სისტემები დამონტაჟდება, რაზეც ტენდერი უკვე გამოვაცხადეთ და გამარჯვებული კომპანიაც შერჩეულია. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ საქმე არ ეხება მხოლოდ აპარატურის შესყიდვას, რადგან ეს კომპანია 5 წლის განმავლობში მოემსახურება სკოლებს და თუ რაიმე პრობლემა შეიქმნება, ვალდებული იქნება, რომ ეს აპარატურა შეცვალოს. 5 წლის შემდეგ კი, რა თქმა უნდა, აპარატურა სკოლებს დარჩება", – აღნიშნავს დიმიტრი ბერიძე.

 მისივე თქმით, WiFi-ს აპარატურის მონტაჟი 50 სკოლის გარდა, დამატებით კიდევ 19 სკოლაში იგეგმება, რომლებიც თანამედროვე დიზაინითა და საერთო სივრცით გამოირჩევიან.

 განათლების მართვის საინფორმაციო ცენტრის უფროსის თქმით, ინტერნეტი სწავლების პროცესს კიდევ უფრო ეფექტურს ხდის:

 "ჩვენ გვაქვს საპილოტე პროგრამა, ელექტრონული ჟურნალი, რომელშიც სასწავლო პროცესის აღწერა ელექტრონულად ხდება. ჩვენ ახალი აპლიკაციის პრეზენტაციასაც ვაპირებთ, რომელიც რესურსცენტრების მხრიდან სკოლებში მონიტორინგის ელექტრონულად ჩატარებას გულისხმობს. ადრე თუ რესურსცენტრის წარმომადგენლები სკოლაში სასწავლო პროცესის ან ინფრასტრუქტურის შესაფასებლად ფურცლებსა და კალამს იყენებდნენ, რაც შემდეგ ძალიან დიდი ფურცლომანიაში გადადიოდა, ახლა გამოიყენებენ სპეციალურ ტაბლეტებს, სწორედ ამიტომ, კარგია, რომ ინტერნეტი ლოკალურად არსებობს და ინფორმაციის გადაგზავნა ხდება, ინტერნეტი სამუშაო პროცესს ამარტივებს", – დასძენს ცენტრის ხელმძღვანელი.

 დიმიტრი ბერიძის თქმით, უფასო WiFi-ს სისტემები ზოგიერთმა კომპანიამ უფასოდ განახორციელა, რასაც განათლების მართვის საინფორმაციო ცენტრი მომავალშიც მიესალმება.

myquiz