რამდენად ხშირად ვლინდება ძალადობის ფაქტები საქართველოს სკოლებში | Allnews.Ge

რამდენად ხშირად ვლინდება ძალადობის ფაქტები საქართველოს სკოლებში

საქართველოს მასშტაბით 109 სკოლაში ჩატარებული მონიტორინგის შედეგად შემაშფოთებელი ვითარება გამოვლინდა - ძალიან ხშირია როგორც მასწავლებლის მხრიდან ბავშვის მიმართ ძალადობის შემთხვევები ასევე, ბულინგი თანატოლებს შორის, - ამის შესახებ გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) კომუნიკაციის ხელმძღვანელმა მაია ქურციკიძემ განაცხადა.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ბავშვთა მიმართ ძალადობის კუთხით მონიტორინგი სახალხო დამცველის ინიციატივითა და UNICEF-ის მხარდაჭერით ჩატარდა.

მაია ქურციკიძის თქმით, გამოვლინდა ტენდენცია, რომ სკოლებს არ აქვთ ძალადობის დაძლევის ერთიანი პოლიტიკა და სკოლის თანამშრომლები არ არიან ინფორმირებულნი ბავშვთა ძალადობისგან დაცვის სახელმწიფო მექანიზმის შესახებ.

"გამოვლინდა, რომ ძალიან დაბალია პედაგოგების და სკოლის პერსონალის კომპეტენციები ბავშვებთან ურთიერთობების მხრივ. ხშირად არ არის გამიჯნული დისციპლინური ზომები და ბავშვთა მიმართ ძალადობა. ჩვენი რეკომენდაციაა, ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციის საკითხები ინტეგრირებული იყოს მასწავლებელთა გადამზადების პროგრამებში", - განაცხადა მაია ქურციკიძემ.

მისივე თქმით, სკოლებში ასევე დაბალია მოსწავლეთა ცოდნა თავიანთი უფლებების შესახებ და მათ არ აქვთ ინფორმაცია, თუ ვის უნდა მიმართონ ძალადობის შემთხვევაში.

მაია ქურციკიძის ინფორმაციით, ძალადობის სხვადასხვა ფორმებიდან სკოლებში ცალსახად იკვეთება ყვირილი, შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახავი მოპყრობა.

myquiz