რა დაგვიჯდება გამოსაშვები საღამოსთვის მომზადება და რა არის წელს მოდაში | Allnews.Ge

რა დაგვიჯდება გამოსაშვები საღამოსთვის მომზადება და რა არის წელს მოდაში

გამოსაშვები საღამოს სეზონი ნელ-ნელა მოახლოვდა, შესაბამისად, სკოლადამთავრებულებმა სამოსის შერჩევაზე ზრუნვა უკვე დაიწყეს.

თუ გამოსაშვებ საღამოზე მოდის ახლანდელი ტენდენციების გათვალისწინებით გსურთ ჩაცმა, Allnews.ge შეეცადა, გაერკვია, როგორია გაზაფხული-ზაფხულის სეზონის ტენდენციები და რა ფასში შევძლებთ გემოვნებით ჩაცმას და მაკიაჟისა და ვარცხნილობის გაკეთებას.

დიზაინერ ლელა ელოშვილის თქმით, 2017 წლის გაზაფხული-ზაფხულის სეზონზე, 80-90-იანი წლების მოდის ზეგავლენა შეინიშნება.

"ამ სეზონზე მოდაში შეზღუდვა არ არსებობს.

შეგიძლიათ, რაც მოგესურვებათ ის ჩაიცვათ, ყველა ფორმის, ფაქტურისა თუ ფერის გათვალისწინებით. მოდაში როგორც გრძელი, ისე მოკლე საღამოს კაბებია, თუმცა იმისთვის, რომ ჩვენი სამოსი უფრო ელეგანტურად გამოიყურებოდეს, უმჯობესია, ტანისამოსი ნატურალური ქსოვილისგან იყოს შეკერილი.

რაც შეეხება ტენდენციებს, გველისა და ვეფხვის პრინტი ისევ მოდაშია. აქტიურად გამოიყენება ჭრელი, მბზინავი და ყვავილებიანი ქსოვილები,"- განმარტავს დიზაინერი.

მისი თქმით, აქტუალური ასევე ფართო, მაღალი წელის მქონე შარვლებია, რომლებიც 90-იანი წლების მოდის ტენდენციას წარმოადგენს.

"ეს შარვლები მოდური მთელი წლის განმავლობაში იქნება.

პიჯაკების ფორმას რაც შეეხება, მოდაში უფრო მამაკაცის სტილი და გადმოსული მხრებია, როგორც 80-იან და 90-იან წლებში იყო. ზაფხულში მათ შესაკერად უმჯობესია ტილოს, ხოლო ზამთარში შალის ქსოვილი გამოვიყენოთ," - განმარტა ლელა ელოშვილმა და დასძინა, რომ ფეხსაცმელიც, წაგრძელებული ცხვირითა და გამოყვანილი ქუსლით, 90-იანი წლების სტილს იმეორებს.

დიზაინერი ასევე აღნიშნავს, რომ ფეხსაცმლის გამჭვირვალე ქუსლი, რომელსაც ქართველი დიზაინერები აქტიურად იყენებენ, ჩვენთან სხვა ქვეყნებთან შედარებით, ცოტა მოგვიანებით გახდა პოპულარული, რადგან მისი დამზადების ტექნოლოგია არ არსებობდა.

"გამჭვირვალე ქუსლი ტენდენციური ამ ზაფხულსაც იქნება.

ჩვენთან ეს ახალ აღმოჩენად იმიტომ მიიჩნევა, რომ ხის ქუსლის გარდა, სხვა მასალის გამოყენების საშუალება არ გვქონდა, ახლა კი პლასტმასისა და მინის მასალასაც ვიყენებთ," - აღშნიშნა დიზაინერმა.

ტანსაცმლის ფასების გასარკვევად ჩვენ პეკინზე, რუსთაველის გამზირსა და "თბილისი მოლში" მდებარე ტანსაცმლის მაღაზიებს დავუკავშირდით. აღმოჩნდა, რომ რამდენიმე მათგანში ძველ კოლექციაზე 50%-მდე ფასდაკლებაა, რომლის ფარგლებშიც, საღამოს კაბებს 59 ლარიდან შეიძენთ, ახალი კოლექციების კაბების ღირებულება კი 100-დან 300 ლარამდე მერყეობს. რა შეეხება შარვლებს, მათი ღირებულება 80 ლარიდან იწყება.

"ძირითადად, მოკლე კაბებს ყიდულობენ, მოთხოვნა გულზე ამოღებულ კაბებზეა," - განმარტეს ერთ-ერთ მაღაზიაში. თუ გამოსაშვები საღამოსთვის ტანსაცმლის შეკერვას გეგმავთ, კაბის ფასები 150 ლარიდან, ხოლო შარვლების 70- ლარიდან იწყება.

"150 ლარი, როგორც წესი, მოკლე კაბის ღირებულებაა, თანხა კი სირთულისა და სიგრძის მიხედვით ემატება და 300 ლარამდე ადის. ჩვენ ძირითადად, ფერად კაბებს გვიკვეთავენ, შავს იშვიათად," - აღნიშნეს ერთ-ერთ ატელიეში და დასძინეს, რომ მოთხოვნა მოკლე კაბებსა და შიფონისა და ატლასის ნაჭრის ქვედაბოლოებზეა.

რაც შეეხება ვარცხნილობას, თბილისის ცნობილ სალონებში მისი ღირებულება 25 ლარიდან იწყება და სირთულის მიხედვით იზრდება. ასევეა მაკიაჟის შემთხვევაშიც, რომლის ფასიც 25-30 ლარიდან იწყება და იმის მიხედვით იზრდება, თუ რამდენად მსუბუქ ან მძიმე მაკიაჟს იკეთებთ. წამწამების დაგრძელება კი, რომელიც ძალიან პოპულარულია, დაახლოებით, 10-20 ლარი ღირს.

როგორც აღმოჩნდა, მაღაზიები და ატელიეები გამოსაშვები საღამოსთვის ფართო არჩევანს გვთავაზობენ. რაც შეეხება სილამაზის სალონებს, ისინი თქვენი გარეგნობისისა და საღამოს კაბის გათვალისწინებით, მაკიაჟსა და ვარცხნილობას თავად შეგირჩევენ.

 

მარიამ მენაბდიშვილი

 

რა ღირს სწავლა საქართველოს პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებლებში

myquiz